"ლოკომოტივ გრუზია" საქართველოში - სპორტის სამინისტროში უკრაინულ-ქართულ კლუბს უმასპინძლეს

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელი ლევან ყიფიანი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე უკრაინის დედაქალაქ კიევში მოქმედ საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივ გრუზიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ზურაბ ხუბაევი ამ კლუბის მენეჯერი და მწვრთნელია, ბესიკ და არჩილ ნოზაძეები კი - პარტნიორები. მინისტრმა სწორედ მათ უმასპინძლა.

ამ გუნდის თაობაზე "ლელო" იანვარში წერდა. კიევში ოლეგ მაკაროვის ტრადიციულ მემორიალზე მთავარი პრიზისთვის 23 გუნდი იბრძოდა და "ლოკომოტივ გრუზია" სწორედ მათ შორის აღმოვაჩინეთ.

მერე დავადგინეთ, რომ გუნდს ახალგაზრდა ქართველი,
31 წლის გიორგი აბზიანიძე წვრთნიდა. ის ლაიპციგის უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტზე სწავლობდა, საიდანაც 2006 წელს უკრაინაში სტაჟირებაზე გაგზავნეს. აბზიანიძემ კიევში პერსონალის მართვისა და სპორტის ნაციონალური უნივერსიტეტები დაამთავრა. ასე შემორჩა ამ ქვეყანას და მერე საფეხბურთო მენეჯერობასაც მიჰყო ხელი.

"ნიჭის მიუხედავად, უკრაინაში ქართველ ახალგაზრდებს თავის დამკვიდრება უჭირდათ. შევეცადე, მათთვის ხელი შემეწყო და გუნდებში დამესაქმებინა. საბოლოოდ, მივხვდი, რომ საუკეთესო გამოსავალი უკრაინულ-ქართული გუნდის ჩამოყალიბება იქნებოდა.

ჩემი მეგობარი კიევის ჩემპიონატის მონაწილე "ლოკომოტივის" მწვრთნელია. დედაქალაქის ცენტრში საკმაოდ კარგი ბაზა გვაქვს და შევთანხმდით, რომ გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დავაკომპლექტებდით და, მათ შორის - ქართველებითაც.

უკვე ერთი წელია, რაც გუნდი უკრაინულ-ქართულია. "ლოკომოტივ გრუზიაში" 12 ჩვენებური თამაშობს", - ამბობდა აბზიანიძე.

ხსენებული 12 ქართველისგან სამი - გიორგი ქობულაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი და ლევან კოშაძე - არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც თამაშობდა. როგორც გუშინდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა გუნდით, იქ არსებული ვითარებით და შეხვედრაც სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა.

ლევან ყიფიანმა "ლოკომოტივ გრუზიის" მესვეურებს ფეხბურთელებისთვის სპორტული და სავარჯიშო ფორმა გადასცა, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარებიც გაკეთდა.

"მსგავსი პრეცედენტები გერმანიაშიც არსებობს, სადაც თურქული და სერბული გუნდებია. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ, რადგან ამით ქართულ-უკრაინული ურთიერთობებიც მტკიცდება და ჩვენი ფეხბურთის საქმეც კეთდება.

ამ ინიციატივის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ზურაბ ხუბაევია, რომელსაც საფეხბურთო სამყარო დიდ პატივს სცემს. ეს დახმარება ერთჯერადი არ იქნება. შევეცდებით, უკრაინისთვის ამ მძიმე პერიოდში "ლოკომოტივ გრუზიას" მომავალშიც დავეხმაროთ", - განაცხადა ყიფიანმა.

"მივესალმები ამ გუნდის მესვეურებს. 4 წელი უკრაინაში ვმუშაობდი და ამ ხალხის დახმარება ჩვენს ვალად მიმაჩნია. შარშან ლუგანსკიდან და დონეცკიდან 120 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში მივიღეთ. ახლა კი "ლოკომოტივ გრუზიას" დავუდგებით გვერდში და ამით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებას შევუწყობთ ხელს", - ეს უკვე სახელმწიფო მინისტრ დუმბაძის სიტყვებია.

"ლოკომოტივ გრუზიის" წარმომადგენელმა არჩილ ნოზაძემ მინისტრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

"ამ გუნდის დაფუძნება გიორგი აბზიანიძის დამსახურებაა. მისი მიზანი ქართველი ფეხბურთელების ხელშეწყობაა. გუნდში იყო გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი მარცხენაფლანგელი ლევან კოშაძე, რომელიც ჩერკასკის "დნიპროში" აიყვანეს. კიდევ ბევრი ნიჭიერი ქართველი გამოჩნდება და მათ დაწინაურებას შევეცდებით".

სწორედ ამ კონტექსტში, გელა დუმბაძემ და ლევან ყიფიანმა "ლელოსთან" საუბარში თქვეს, რომ მიხეილ ფოცხვერიას დახმარებაც სურთ.

როგორც ცნობილია, დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ცნობილი მოვლენების გამო ლუგანსკი დატოვა და თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ აქ ისევ უსახლკაროდაა.

ფოცხვერიას ფეხბურთის ფედერაციაც ეხმარება, ამაზე ვეტერანთა კავშირშიც ფიქრობენ და იმედია, ერთობლივი ძალებით, კარგ ქართველს სამშობლოში პრობლემები არ შეექმნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული