სკანდალი: ორი ქართველი, სინგაპურული კლანი და ჩაწყობილი მატჩები მოლდოვაში

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 20 მარტს, მოლდოვის ჩემპიონატის 23-ე ტურში, დავით სირაძისა და ჯაბა დვალის კიშინიოვის "დაჩიამ" ტირასპოლის "დინამო-ავტო" 6:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ დიდი სკანდალი აგორდა - სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და 12 ადამიანი დააკავა: "დინამო-ავტოს" ფეხბურთელები, მწვრთნელი და ერთ-ერთი კლუბის მმართველები.

ისინი ეჭვმიტანილები არიან სპორტული შედეგებით მანიპულირებაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში. გარდა ამისა, ჩხრეკა "დაჩიას" ვიცე-პრეზიდენტის, რუსლან კმიტას სახლშიც ჩაატარეს.
ამჯერად, თემასთან დაკავშირებული, გაცილებით მძიმე ამბავი უნდა გამცნოთ - საქმეში ქართველი
ბრალდებულებიც გამოჩნდნენ.

მალევე, კიშინიოვის სტადიონზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სინგაპურის ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი მატჩის სასურველი ანგარიშით დასრულებას ცდილობდნენ. სინგაპურელებს ბრალი უკვე წაუყენეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. გაირკვა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ცენტრს მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციამ მიმართა და გამოძიების დაწყება სთხოვა. მოტივი - 30 მარტს ერთმანეთს ხვდებიან მოლდოვისა და ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებები. სინგაპურელები მოლდოვის ფედერაციის თანამშრომელს დაუკავშირდნენ და 50 ათასი ევროს საფასურად, სთხოვეს - მოლდოველებს მატჩი სამბურთიანი სხვაობით წაეგოთ.

გადავდივართ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვან ამბავზე. მირონ გოიხმანი ცნობილი მოლდოველი ჟურნალისტია, აქვს საკუთარი ინტერნეტგამოცემა "გისოკერი", ადრე კი რუსული გაზეთის, "სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი გახლდათ. სწორედ ის დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მოლდოვის პოლიცია კიდევ ორ უცხოელს ეძებს.

"ამ სკანდალურ საქმეზე მოლდოვის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ბოგდან ზუბრიანუმ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და იქ სხვა საინტერესო ფაქტებიც გაამხილა. მისი თქმით, დაკავებულებს მხოლოდ "დაჩიასა" და "დინამო-ავტოს" მატჩის შედეგის მანიპულირების გამო არ წაუყენეს ბრალი.

თურმე, არსებობს მტკიცებულება, რომ სინგაპურის მოქალაქეები ამას მოლდოვაში წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. თქვენთვის კი საინტერესო ის უნდა იყოს, რომ აზიელებს მოლდოვაში შუამავლობას სხვები უწევდნენ, მათ შორის - ორი ქართველი ფეხბურთელი.

ზუბრიანუს თქმით, ისინი საქვეყნოდ ცნობილი ფეხბურთელები არ არიან, რამდენიმე წლის წინათ "შერიფში" გამოდიოდნენ. თუმცა გვარები არ დააკონკრეტა, ოღონდ მიანიშნა, რომ ეს ფეხბურთელები ახლა მოლდოვაში აღარ თამაშობენ, საქართველოში იმყოფებიან, მაგრამ კავშირების წყალობით, მატჩების სასურველი შედეგებით დასრულებას ახერხებდნენ.

ახლაც არსებობს ფაქტები, რომ ახალგაზრდა ტირასპოლელ ფეხბურთელებს ისინი მოელაპარაკნენ და იდეაში, უკვე მათზე საერთაშორისო ძებნა უნდა იყოს გამოცხადებული", - ამბობს გოიხმანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ძნელი გამოსაცნობია ვინ თამაშობდა შერიფში?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული