24 სექტემბერს სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა.
ერთა ლიგის ფორმატის შესახებ უკვე ვწერდით, რომელსაც ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
ასევე, უეფამ მომდევნო წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალების მასპინძლები აირჩია.
ფუტსალში ევრო 2022-ის მასპინძელი ქვეყანა ჰოლანდია გახდა. ევროპის ჩემპიონატის 17-წლამდელებს შორის 2021 წელს კვიპროსი უმასპინძლებს, ხოლო 2022 წელს - ისრაელი.
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 2021 წელს რუმინეთი მიიღებს, ხოლო 2022 წელს - სლოვაკეთი.
ქალებს შორის 17-წლამდელთა ევროპირველობას 2021 წელს ფარერის კუნძულები უმასპინძლებს, ხოლო
2022 წელს - ბოსნია. 19-წლამდელების ტურნირს კი 2021 წელს ბელორუსი მიიღებს, 2022 წელს კი - ჩეხეთი.
გარდა ამისა, აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, VAR-ის სისტემა ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პლეი-ოფის სტადიაზე გამოიყენოს, ქალებს შორის ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალში და ევრო 2021-ის ფინალურ სტადიაზე, სადაც VAR-ს გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიასთან ერთად გამოიყენებენ.
კონფერენციათა ლიგის შესახებ ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ და შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
- ტვინის შერყევა
უეფას აღმასრულებელი კომიტეტი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ფიფამ უეფას ოფიციალურ თხოვნას მიაქცია ყურადღება, რომელიც გულისხმობს ფეხბურთელის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ტვინის შერყევასთან დაკავშირებით ქმედებათა პროტოკოლის ცვლილებას. ეს საკითხი საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორიო სხდომაზე (IFAB) იქნება განხილული.
- განვითარება
საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე, განვითარების კუთხით უეფამ ევროპის ჩემპიონატის 60-წლიან იუბილესთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ევრო 2020-ის მასპინძელ ქალაქში 600 ათასი ხე დარგოს.
- გარიგებული მატჩები
უეფამ განაცხადა, რომ აპირებს, გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ევროპული სააგენტო დააარსოს.
- მეკობრულ საქმიანობასთან ბრძოლა
აღმასკომის წევრებს მეკობრული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმა წარუდგინეს, რომელიც ტელემაუწყებლების უფლებების დასაცავად არის მიმართული.
- სტადიონებზე ქალების დაშვების ნებართვა
კომიტეტმა 55 ეროვნულ ასოციაციას და ევროპულ კლუბებს რეკომენდაციით მიმართა, არ გამართონ მატჩები იმ სახელმწიფოებში, სადაც ქალებს სტადიონებზე არ უშვებენ.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 2019 წლის 4 დეკემბერს, ნიონში გაიმართება.