ლანჩხუთის "გურია" სფფ-ის ყრილობაზე ხმის უფლებას ითხოვს!

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე დელეგატის უფლებამოსილების დაბრუნებას ითხოვს. ეს "ლელოსთან" საუბარში კლუბის სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ განაცხადა:

"უმაღლესი ლიგის მონაწილეთა გაზრდის შემდეგ საარჩევნო დებულება არ შეიცვალა. მიზეზი ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. აქამდე იყო წესი, რომ ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე დელეგატი უნდა ჰყავდეს უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს. ჩვენ უმაღლესში კი ვთამაშობთ, მაგრამ ხმის უფლება არ გაგვაჩნია, გურიის რეგიონს კი ყრილობაზე მხოლოდ ერთი დელეგატი წარმოადგენს.

ამიტომ საკითხი უნდა დავსვათ, რომ "გურიას" ხმის უფლება დაუმტკიცონ.

სხვათა შორის, კარგად მახსოვს, ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციაში რომ
მივიდა, თავად ამბობდა, ქართული ფეხბურთის ბედს 30 კაცი არ უნდა წყვეტდეს, ამაში მთელი საქართველო უნდა იყოს ჩართულიო და ჩაგვრთოს, ქართული ფეხბურთის მომავალზე "გურიის" და ჩვენი რეგიონის აზრი არ აინტერესებთ თუ არ სჭირდებათ?" - სვამს კითხვას ჟორდანია.

"გურიის" წარმომადგენელი ხმის უფლების არქონის მიზეზებზეც გველაპარაკა:

"როცა დავინტერესდით, ხმის უფლება რატომ არ გვქონდა, გვითხრეს - ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანებულები არ ხართ და, შესაბამისად, მის სუბიექტად არ ითვლებითო. საამისოდ კი ლიცენზია მოგვთხოვეს. კლუბებისგან სალიცენზიო დოკუმენტაციის მიღება 13 აპრილს დასრულდა. მომავალი სეზონისთვის განაცხადი ლიცენზირების კომიტეტში ჩვენც წარვადგინეთ. პასუხი მაისის ბოლოს გვეცოდინება და იმედია, ეროვნულ ლიცენზიას ახლა მაინც მოგვცემენ.

მაგრამ არჩევნებზე ხმის უფლებას ავტომატურად მაინც ვერ მივიღებთ. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში წერია: ამა თუ იმ სუბიექტის სფფ-ში გასაწევრიანებლად აღმასკომმა ყრილობას უნდა მიმართოსო.

ეს უკვე გაუგებარია - თუ უმაღლესი ლიგის კლუბს ყრილობაზე ავტომატურად ეკუთვნის ხმა, მაშინ ეს პროცედურა რა საჭიროა? საერთოდ, სხვას ხმა ჰქონდეს და დიდი ტრადიციების მქონე "გურია" გერის როლში იყოს, სამართლიანი არ არის".

საერთოდ, ჟორდანია დელეგატთა წრის გაზრდას ემხრობა:

"ქართული ფეხბურთის სატკივარი ვიწრო წრემ არ უნდა გადაწყვიტოს. ხმის უფლება საფეხბურთო სკოლებსა და მეორე ლიგის კლუბებსაც უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ ყველაზე მეტად ეხებათ ის პრობლემები, რაც ქართულ ფეხბურთს აწუხებს.

ასე იქნება უკეთესი, თუ ყრილობაზე საერთო სატკივარზე ლაპარაკი გვინდა.

ჩვენი მოთხოვნები დამოკიდებული არაა იმაზე, ჩვენ ვინ მოგვწონს და ვინ - არა. სიჭინავას მივემხრობი, არველაძეს თუ სხვა ვინმეს, ეს უკვე ჩვენი საქმეა.

წლების წინათ, როცა "გურიის" ხელმძღვანელობაში ვიყავი, რეგიონს სამი ხმა ჰქონდა, ახლა კი ერთიც არ გვაქვს. ახლაც ასე უნდა იყოს. გადახედეთ, რეგიონების მიხედვით ხმები როგორი გადანაწილებულია და მიხვდებით, რომ დელეგატთა წარდგენის წესს სამართლიანობა აკლია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული