"ბათუმის არენა ორჯერ ძვირი დაჯდება და არც ფიფა-უეფას მოთხოვნების იქნება"

AutoSharing Option
ფოტოზე: არქიტექტორი პიოტრ ლაბოვიჩი და ბათუმის სტადიონის პოლონური პროექტი
ცნობილია, რომ 17 მარტს, ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში "იბერპროქსმა" გაიმარჯვა. 22-კაციანი კომისიის წევრთა გადაწყვეტილების შედეგად, აჭარის მთავრობამ ესპანურ კომპანიას კონტრაქტი ოფიციალურადაც გაუფორმა - "იბერპროქსს" დიდი გამოცდილება გააჩნია, ბრაზილიასა და ესპანეთში რამდენიმე მაღალი სტანდარტის პროექტი განახორციელა და საქართველოშიც იმავეს აპირებსო...

პროექტის მიხედვით, ბათუმის მრავალფუნქციური სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დაიგება სარბენი ბილიკებიც, რადგან ეს ოლიმპიურ არენადაა ჩაფიქრებული და არა -
წმინდა საფეხბურთოდ. ტრიბუნები 20 ათას ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი, ოღონდ შემდგომში მომატების პერსპექტივით, მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულდეს.

თავდაპირველად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ახალი არენის ასაშენებლად 36 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა ლარის კურსის ცვლილების გამო, შესაძლოა, 4-5 მილიონი კიდევ დაამატონ. პროექტის მოსამზადებლად კი 650 ათასი ლარი დაიხარჯება.

მაგრამ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ კონკურსში მონაწილე პოლონური კომპანია "პერბო-ინვესტიციე" კონკურსის შედეგს აპროტესტებს.

სხვათა შორის, ადრეც იყო ინფორმაცია, რომ კომისიის წევრებს წარმოდგენილი 11 პროექტიდან ორი მოეწონათ - არჩილ ქურდიანის და ასევე, პოლონელების, რომლებმაც კრაკოვის სტადიონის ანალოგიური ვარიანტი წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი
Sportall.Ge

პოლონელმა არქიტექტორმა პიოტრ ლაბოვიჩმა საქართველოს ეკონომიკის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში, აგრეთვე, ფეხბურთის ფედერაციაში საპროტესტო წერილი გამოგზავნა. ის საკმაოდ ვრცელია და ამიტომ მხოლოდ ფრაგმენტებს გაგაცნობთ.

"როგორც კონკურსის მონაწილემ, გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებით პროტესტი მსურს გამოვხატო.

"იბერპროქსის" მიერ წარმოდგენილი პროექტი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატის მიღების საშუალებას არ იძლევა. პროექტში არაა გადაწყვეტილი სათადარიგო მოედნის განთავსების ამოცანა, რაც სერტიფიკატის მიღების უპირველესი პირობაა. ამაზე კონკრეტული წესები მიუთითებს, რომლებიც "იბერპროქსმა" საერთოდ არ შეასრულა. ამის გამო ის დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო", - წერს ლაბოვიჩი.

პოლონელი არქიტექტორის წერილში მითითებულია, რომ პროექტში მხოლოდ საფეხბურთო სტადიონის დეტალებია გათვალისწინებული, მძლეოსნობის კი - არა:

"ეს პროფესიონალიზმის არქონაზე მიუთითებს და გაუგებარია, კომისიის წევრები რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ.

ამას გარდა, პროექტის კარდინალური შეცდომა მთავარი ტრიბუნის აღმოსავლეთ მხარის დაპროექტებაა. თუმცა VIP და პრესლოჟები, გასახდელები და მომსახურე პირთა სხვა ოთახები დასავლეთ ტრიბუნაზე უნდა იყოს განთავსებული. ეს საერთაშორისო ნორმებსა და პრაქტიკას ეწინააღმდეგება...

ფუნქციების სხვადასხვა ტრიბუნაზე გადანაწილება შეუძლებელს ხდის ტელეტრანსლაციის განხორციელებას და სატელევიზიო სადგურების მოთხოვნებსაც არ შეესაბამება: კომენტატორების ჯიხურებისა და სატელევიზიო სტუდიების მზის საპირისპირო მხარეს განთავსება მიუღებელია".

ლაბოვიჩი "აბსოლუტურ შეცდომას" უწოდებს ესპანური კომპანიის იდეას, რომ სტადიონის ქვეშ ავტოპარკინგი მოაწყოს:

"ბათუმში გრუნტის წყლები 1,5 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს. ამიტომ პარკირების ადგილის მოწყობა დამატებით 6 მილიონ დოლარს მოითხოვს. ანტიტერორისტული საფრთხეების გამო სტადიონის ქვეშ ასეთ ობიექტებს არც აშენებენ...

ეს პროექტი იქნება სხვებზე ორჯერ ძვირი, ფიფასა და უეფას მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს და ეს გინდოდათ თქვენ?! ამ დაუდევარი გადაწყვეტილების გამო მე შემომაქვს პროტესტი".

პოლონელი არქიტექტორი ამტკიცებს, რომ "იბერპროქსი" 2015 წლის 28 იანვარს ვალენსიაში დააფუძნეს და უეფა-ფიფასა და იააფ-ის (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) სტანდარტების შესაბამისი სტადიონების მშენებლობის არანაირი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნია.

ამ ყველაფრის საფუძველზე, ის კონკურსის შედეგების გადახედვას ითხოვს:

"გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ კონკურსის შედეგების გამოცხადების პროცედურებს. 16 მარტს, ექსპერტთა კომისიის სხდომა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეწყვიტეს. მეორე დღეს, ექსპერტებთან კონსულტაციის გარეშე, კონკურსის ორგანიზატორმა გამარჯვებული თავად გამოაცხადა.

ამიტომ მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს კომისიის წევრთა კენჭისყრის შედეგები, კონკურსი თავიდან გაიმართოს და გამარჯვებულის შერჩევისას საერთაშორისო მოთხოვნები გაითვალისწინონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რატომ ჰგონია პოლონელს, რომ ბათუმის სტადიონის კონკურსში აუცილებლად უნდა მოეგო?!."
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერ სად აშენებენ,ტუპიკში ბათუმის ყველაზე ბანძ რაიონში.არფერი სანახაობა არარის ახლო მახლო.ჩამოსულ ხალხს ალბათ ბუტაფორიებს დაახვედრებენ
გიალიე
10 მაისი 2015 15:39
0
ხალხმა უნდა ჰკითხოს ამ კაცს მართალს ამბობს თუ არა და მერე გავაპროტესტოთ
ებიჯო
10 მაისი 2015 12:19
0
უთავმოყვარეო მექრთამე "ძილავოი" მმართველები აღარ გამოგველია. უეფასაც მოქრთამავან, ძალიან შეწუხდება უეფა თუ ჩვენთან სტანდარტს არ დააკმაყოფილებს სტადიონი, ბათუმშიც კი ეგ ბევრს არ სეაწუხებს. :(
ანდრი
07 მაისი 2015 11:17
0
ეს ყველაფერი სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენს არაპროფესიონალიზმს და არაკომპეტენტურობას. კომისიის წევრებმა სათანადო პასუხი უნდა გასცეს ამ ბრალდებას.თუ არა და პასუხი უნდა აგონ.ეს ხომ ხუმრობა არაა.
ვახო
07 მაისი 2015 10:04
0
გასულ წელს ჰოლანდიური კომპანიის მიერ ჰოლანდიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში აშენებული სტადიონების მშენებელი კომპანიის შესახებ იყო ამავე საიტზე მოთხრობილი. ის სტადიონები 20-30 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი და 5-6ჯერ ნაკლებიც ჯდებოდა, თან ფიფა-უეფას მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა. ეს რაღაც ახლადდაფუძნებული კომპანია როგორ უნდა გამხდარიყო გამარჯვებული თუ აქ რაღაც მახინაციებს არ აქვს ადგილი.ან ამ კონკურსში რატომ არ იღებდნენ მონაწილეობას ჰოლანდიელები(თან რამდენადაც მახსოვს არქიტექტორებს შორის ქართველებიც იყვნენ)...რაღაც ძალიან ყარს ეს ამბავი.
murtalo
07 მაისი 2015 03:09
0
შენ კარში გოლი რო გაიტანო იმაში 10000 ლარს იღებ და ეგ არის 10 ლარიანი კუში.ბულკის მოპარვის გულისთვის ბავშვები 12 წლიან სროკზე გაუშვეს და ეს თუ 10000ლარს იდებს ჯიბეში და კანონს არღვევს თავზე ხელი უნდა გადაუსვან.რაც შეეხება ამ პროექტის ავან ჩავანს არაფერი არ დაიმალება რადგან პროექტს უეფა არ მიიღებს და თუ უეფა არ მიირებს მშენებლობაც ვერ დაიწყება.
qutaiseli
06 მაისი 2015 15:27
0
მე ისიც ვიცი რომ რაც დამტკიცდა იმასაც რაღაც ხელოვნური ბარიერების გამო აჭიანურებენ და ამ წლის აგვისტოში დასაწყები მსენებლობა შეიძლება გაურკვეველი ვადით გადაიდოს
fanat
06 მაისი 2015 15:23
0
აი ეს გამოიძიონ და გაასაჯაროონ 5 და 10 ლარიან კუშებს რო დასდევენ. ამის ნახევარიც თუ მართალია...
irakli apkhaidze
06 მაისი 2015 15:02
0

სიახლეები პოპულარული