აქტუალურ თემაზე: ვის სჭირდება ასეთი ფეხბურთი?!

AutoSharing Option
ფოტოზე: ფიფას რეიტინგში, ჰოი, საოცრებავ და... ავღანეთმაც გაგვასწრო
ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი გასკდა, სკანდალი, რომელმაც ყველა ერთხელაც აღგვაშფოთა, მაგრამ ტრაგედია, ან მისი მოახლოვება არავის გვიგრძნია. თითქოს, უკვე მივეჩვიეთ, თითქოს, ეს კანონზომიერებაა, თითქოს, ნორმასავითაა - წელიწადში ერთი-ორი ასეთი ბომბი აუცილებლად უნდა გასკდეს ქართულ ფეხბურთში.

არადა, არ არის ეს არც წასაყრუებელი, არც შესაგუებელი და არც გასატარებელი ამბავი - ქართული ფეხბურთი სულს რომ ღაფავს, ეს ფიფას რეიტინგიდანაც კარგად ჩანს. იმ რეიტინგიდან, რომელშიც, ჰოი,
საოცრებავ და... ავღანეთმა გაგვასწრო.

აქამდე, ავღანურ ფეხბურთზე პირადად მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ხანდახან გერმანელი მწვრთნელები ჩაჰყავდათ და ბურთს გასართობად ხრიოკზე აგორებდნენ.

კიდევ ვიცოდი მირ ვეისი, ჩვენების შორეული გმირობების ამბავი გიორგი მეფის დროს და შემდეგაც.

მერე პრეზიდენტის სასახლის შტურმი, "ინტერნაციონალური" ვალის მოსახდელად ავღანეთში გარეკილი ქართველი ბიჭების ტრაგიკული სვე, ბაბრაქ ქარმალი, რაბანი, ნაჯიბულა... ათასი საველე მეთაური თუ პარტიზანი...

ფეხბურთიც ჰქონიათ. ჩვენზე უკეთესი ფეხბურთი, თურმე...

ეს ყველაზე ნაკლებადაა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ბრალი. მან, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, საკმარისზე მეტი გააკეთა ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. კბილს სხვა ტყემალი გვკვეთს. და რას ვაკეთებთ ჩვენ?

ფაქტია, თუ ფეხბურთი კვლავ მასობრივი არ გახდა საქართველოში, ისე ქართულ ბურთაობას არაფერი ეშველება. სათქმელად იოლია, გასაკეთებლად - რთული. ის კი არა, თუ ასე გაგრძელდა, ფეხბურთს მალე სპორტის სხვა სახეობა ჩამოართმევს "ჰეგემონობას" და "სახალხოს" სტატუსს.

ერთიც ჩვენია და მეორეც, ორივე ჩვენს გულებშია, მაგრამ ერთის პროგრესი რომ გვიხარია, მეორის რეგრესი გვიკლავს სწორედ ამ გულს. ოღონდ, ერთიც უნდა დავაზუსტოთ - ფეხბურთი პროგრესის გზით რომ წავიდეს, ეს არამც და არამც არ უნდა ნიშნავდეს სხვა სახეობების რეგრესს, განვითარებას სხვათა დაკნინების ხარჯზე...

და როგორ უნდა გახდეს ფეხბურთი მასობრივი? ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია - ფეხბურთზე, რაც შეიძლება, მეტმა ბავშვმა უნდა იაროს. და რომელი მშობელი წაიყვანს ფეხბურთზე ბავშვს, სადაც სიბინძურე მეფობს? ლოგიკურად, წაიყვანს იქ, სადაც მეტი სისუფთავეა.

მეორეც - ვის მაგალითზე უნდა დაიზარდონ ბავშვები? ადრე, ფეხბურთელი ლეგენდას უტოლდებოდა, ახლა უკვე საეჭვო კაცია. რაღა დავმალო და, ჩემი ბავშვობის გმირები თუ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ისიც არ მეგონა. ახლა უმეტესობა გმირი კი არა, ანტიგმირია...

საქართველოს ჩემპიონატს მაყურებელი აკლია... რა გასაკვირია? ხალხი ბრძენია. ის მშვენივრად არჩევს ნაღდს და დადგმულს, ალალსა და შეკვეთილს. ამიტომაა, ქართულ სტადიონებზე ქუდი რომ შეუგდო ვინმეს, მეტი წილი გამოსატანად არც შევა...

ხშირად გამიგონია, საქართველოს ჩემპიონატს ვერ ვუყურებ, ნაღდი "სვარკააო". შედუღების პროცესის ყურება, აბა, რა სიამოვნებაა, მაგრამ ასე იმ თითოოროლა ქომაგსაც დავკარგავთ, სტადიონზე რომ დადიან.

ჯანდაბას, დონე! ჩვენია და ვუძლებთ, სპექტაკლს კი - ნურას უკაცრავად! სპექტაკლის ადგილი თეატრშია. იმ უნიჭოების ჯახირის ყურებას ნაღდი რეჟისორის ქმნილება მირჩევნია. ასე მითხრა ერთმა კარგმა კაცმა და ფეხბურთის ნაღდმა გიჟმა. მართალიც მითხრა. ეს წერილიც იმათთვის იწერება, ვისაც ჯერაც არ დაუკარგავს იმედი.

სადაც სისუფთავე არ არის, იქ არც ფეხბურთია - ეს აქსიომაა. იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ ვინმე მივიდეს სათავეებთან და "ლიფსიტების" ნაცვლად, "ხმელეთზე" "ღლავები" ამოყაროს.

თუ ასე არ მოხდება, მაშინ ამ რამდენიმე კაცის დასჯით პრობლემა ვერ მოგვარდება. ფული ისეთი რამეა, ხვალ და ზეგ ვიღაცას კიდევ აცდუნებს. მთავარი ისაა, ვინ მართავს პროცესს. მთავარია, ვინ მიიყვანა აქამდე ეს ადამიანები. შემსრულებელზე მეტად, პირადად მე, ისევე, როგორც თქვენ, შემკვეთის ვინაობა მაინტერესებს.

მანამდე კი უნდა დავსვათ კითხვა და ზედვე ლოგიკური პასუხიც მოვაყოლოთ: ვის სჭირდება ასეთი ფეხბურთი? არავის!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აი მესმის! სიმართლეა1
giga
15:49 09-05-2015
0
შარშან ერთი ფეხბურთელი და მსაჯები რომ ამხილეს და არ დააპატიმრეს, მაგის ბრალია რაც ეხლა ხდება!
irakli
17:22 09-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული