მალხაზ ჟვანია: არ შეიძლება, არ დავიჯეროთ!..

AutoSharing Option
39 წლის მალხაზ ჟვანია სადღეისოდ სამწვრთნელო ცოდნას იღრმავებს. ახალგაზრდა სპეციალისტმა უკვე ბევრი რამ მოასწრო - ქართულ საფეხბურთო რუკას დაატყო მარტვილის "მერანი", თბილისის "დინამოსთან" ერთად მოიგო საქართველოს ჩემპიონობა და თასი...

ერუდირებული, ფეხბურთის ნიუანსების მცოდნე, უპატიოსნესი და ზრდილი - ასე ახასიათებს ჟვანიას ყველა ამ ჭრელ ქართულ საფეხბურთო თემში, სადაც პიროვნებაზე ძვირის მთქმელის მოძიება რთული სულაც არ არის.

უნდა ითქვას, რომ ჟვანია შესანიშნავი რესპონდენტი გამოდგა...

- ბატონო მალხაზ, გაიხსენეთ სამწვრთნელო კარიერაში თქვენი პირველი ნაბიჯები...
- მწვრთნელობა დავიწყე მარტვილის "მერანში". აქტიური ფეხბურთელობისას საბერძნეთში ვთამაშობდი.
ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ელდარ ბაკურიამ მითხრა, რომ იყო დაინტერესება "მერანის" მხრიდან. მეც წამოვედი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად იმუშავა "მერანში" თითქმის 7 წლის განმავლობაში. ჩვენ შევძელით, შეგვექმნა სტაბილური, ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი. რომ არა ბატონ ფრიდონ ინჯიას უდიდესი ძალისხმევა, ეს არ იქნებოდა შესაძლებელი.

- თქვენი ხელმძღვანელობით "მერანში" არაერთი ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა. მათი პროგრესი დღესაც გრძელდება...
- თავიდანვე ახალგაზრდების დაწინაურება დავისახეთ მიზნად, თუმცა ეს საქმე გამოცდილი მოთამაშეების გარეშე მაინც არ გამოდის. გახსოვთ, გუნდში გვყავდნენ გიორგი მანწკავა, გივი დიდავა... რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მეამაყება, რომ გუნდში ჩემი ხელმძღვანელობით დაწინაურდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ფონიავა, მელიავა, შულაია... ვფიქრობ, ეს ბიჭები ქართულ ფეხბურთს გამოადგებიან.

- თქვენ მარტვილში ლამის წელიწადში ერთხელ გიწევდათ ახალი გუნდის აწყობა. რთული არ იყო?
- რა თქმა უნდა, რთული იყო. თან რაიონის სპეციფიკაც გასათვალისწინებელია - შედეგს ითხოვენ. ხალხი იმისთვის მოდის სტადიონზე, რომ საკუთარი გუნდის გამარჯვება იხილოს. რთული იყო, მაგრამ ბიჭების შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის წყალობით ყველაფერი შევძელით. მგონი, თავი არ შეგვირცხვენია.

- "მერანში" თქვენი გაწვრთნილი ფეხბურთელებისგან გამიგონია, ჟვანიას განსაკუთრებული წინასამატჩო მოსამზადებელი გეგმა აქვსო...
- რა ვიცი, მგონი მართალი უთქვამთ. მარტვილში რომ ვიყავი, შეიძლება არ იყო იმხელა ტექნიკური საშუალებები, მაგრამ მეტოქის თამაშს არაერთხელ ვნახავდი ხოლმე. მერე იმის მიხედვით იგეგმებოდა ერთკვირიანი მოსამზადებელი ციკლი. ჩვენს ვარჯიშებს სწორედ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეების მიხედვით ვაწყობდით. იგივე იყო "დინამოში", ოღონდ იქ, რა თქმა უნდა, მეტი იყო ტექნიკური საშუალებები ანალიზისა და მოწინააღმდეგის შესწავლისთვის.

- საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში თქვენ მოგიხდათ თბილისის "დინამოს" გაწვრთნა...
- ბატონმა რომან ფიფიამ გამომიცხადა ეს უდიდესი ნდობა. მეც ჩავთვალე, რომ მზად ვიყავი, ამეღო ამხელა პასუხისმგებლობა. "დინამოს" მწვრთნელობამ მომცა უდიდესი გამოცდილება, სხვა თვალით შემახედა ბევრ რამეს... იყო შეცდომები, ეს ფაქტია, თუმცა გუნდმა მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და თასი.

- რას ნიშნავს საქართველოში, იყო თბილისის "დინამოს" მწვრთნელი? ეს მართლაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა?
- რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრიც კი არ შეიძლება იყოს. მზად უნდა იყო ამ დიდი გამოწვევისთვის ფსიქოლოგიურად, წნეხს უნდა გაუძლო. და კიდევ - "დინამოში" ხშირად არ არის დიდი დრო, "დინამო" დიდი გუნდია, მას სჭირდება მწვრთნელი კონკრეტული მიზნებისთვის და კონკრეტულ დროს.

- ახალგაზრდა, მოტივირებული მწვრთნელისათვის უმუშევრობა იოლი ვერაფრით იქნება. როგორ უმკლავდებით ამას?
- ოჯახს ვუთმობ ბევრ დროს. ადრე ამის ფუფუნება არ მქონდა. თანაც, სულ ახლახან პატარა შემეძინა. ამასთან ერთად, გროვდება ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებ.

ცოტა ხნის წინათ ნიონში ვიყავით. უეფას შტაბ-ბინაში გაგვაცნეს უამრავი ინფორმაცია, რომელიც დასამუშავებელია. გარდა ამისა, ვიყავით ბელგიაში და ჩვენი თვალით ვნახეთ ბელგიური კლუბების სამუშაო პროცესი. ვნახეთ, როგორ ვარჯიშობენ "გენტი", "გენკი", სხვა გუნდები... გავდივარ პროლიცენზიის კურსს.

- ნუთუ, წინადადებით არავის მოუმართავს თქვენთვის?
- არის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა კონკრეტული წინადადება ჯერ არ ყოფილა.

- დღეს ბევრი საუბრობს ქართული სამწვრთნელო სკოლის კრიზისზე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- არა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში მოდის ახალგაზრდა მწვრთნელების შესანიშნავი პლეადა. 25 წლის ასაკში უჩა სოსიაშვილი გორის "დილასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს იოლი საქმე არ არის. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ. გიორგი დევდარიანის გუნდს იღბალი აკლია, თორემ გრანდებს ტოლ-სწორად ეთამაშება. გია გეგუჩაძე ავიღოთ... თემურ ქეცბაია... საერთოდ, მინუსი ყველა მწვრთნელს აქვს. ვცდილობ, რაც ყველაზე მეტად მომწონს მათში, ის გადმოვიღო.

- როგორი ფეხბურთი მოსწონს მალხაზ ჟვანიას?
- ჩემთვის ფეხბურთი არის სილაღე, სიამოვნება... ფეხბურთელი კი მინდორზე უნდა იყოს თავდაჭერილი, ზრდილობიანი, ღირსების გრძნობით აღსავსე.

- ფიფას რეიტინგში გაგვასწრეს ავღანეთმა და ლუქსემბურგმა. ბევრს აღარც კი სჯერა ქართული ფეხბურთის მომავლის...
- არ შეიძლება, არ დავიჯეროთ! ჩვენ ხომ უდიდესი პოტენციალი გვაქვს. თუნდაც 19-წლამდელთა თბილისური ელიტრაუნდი ავიღოთ... უბრალოდ, გვჭირდება დრო და სახელმწიფოს ხელშეწყობა.

- როგორ გესახებათ ეს ხელშეწყობა?
- მთავარია, იყოს ნება. მერე ყველაფერი იქნება. სახელმწიფომ მოლაპარაკების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაეხმაროს კერძო მფლობელს - ინფრასტრუქტურული პროექტებით, საგადასახადო შეღავათებით თუ სხვა რამით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მეიმედება სპორტის ახალი მინისტრის. ტარიელ ხეჩიკაშვილმა რეალურად იცის, რა აწუხებს ქართულ ფეხბურთს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქარტულ ფეგბურთი აღარაა.მოსპეს.რაც არ უნდა სწადოდ სანამ სიჭინავაა ფედერაციაშია მანამდე არაფერი გამოვა.ზესტაფონის საქმე ჩაფარცხეს მოკლეს ფეგბურტი.გაპარტახტა მოედანი სულ.მალე ესე ტუ გაგრძელდა 4 ან 5 გუნდი დარცჰებატ ამ უცოდინრებს
გაგა
14:37 06-06-2015
0
32 გუნდიანზე გადავიდეთ. რატო არ უნდა იყოს ფეხბურთი მესტასა და ყაზბეგში?
rato
14:19 06-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული