რატომ ამჯობინა პორტუგალიის ნაკრებმა ერევანს თბილისი

AutoSharing Option
13 ივნისს, ერევანში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში, პორტუგალიის ეროვნული გუნდი ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ მატჩისთვის მომზადება პორტუგალიელებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადაწყვიტეს.

პორტუგალიის ნაკრები საქართველოს დედაქალაქში 7 ივნისს, ღამით ჩამოვიდა, 8 ივნისს კი "მიხეილ მესხის" მწვანე საფარიც დააჭაშნიკა.


მანამდე კი პორტუგალიელებმა ჟურნალისტებისთვის მოიცალეს. მედიასთან შეხვედრაზე მხოლოდ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ერთ-ერთი ლიდერი დანი მობრძანდა. სომხეთთან მატჩი, როგორც ჩანს, პორტუგალიაში დიდ ინტერესს იწვევს და ნაკრებს არაერთი
ჩვენი პირენეელი კოლეგა ახლავს.

პრესკონფერენციის დაწყების წინ პორტუგალიის ნაკრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა - დანი ჯერ თანამემამულე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს, მერე თქვენც მოგხედავთო.

დანიმ ჩვენი მედიის ერთადერთ კითხვას უპასუხა - რატომ აირჩია პორტუგალიის ნაკრებმა ერევნის მატჩის წინ შეკრების ადგილად თბილისი? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არ უპასუხა და თქვა - ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, ამაზე უკეთ ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელები გიპასუხებენო (მართალიც იყო).

პორტუგალიელი ჟურნალისტებისგან კი შევიტყვეთ დანის ნაუბარის დედააზრი:

"უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის ერევანში. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. უძლიერესი შემადგენლობით ვთამაშობთ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. პორტუგალიას საქმის დაჭერა მოუწევს საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან. სომხები განსაკუთრებით სახიფათონი არიან კონტრშეტევებისას".

იმედი დავიტოვოთ, რომ პორტუგალიის მწვრთნელ-ფეხბურთელები უფრო ენაწყლიანნი იქნებიან 11 ივნისს, როცა მათი დასკვნითი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს ერევანში გამგზავრების წინ.

ის, რაზეც დანიმ ვერ გვიპასუხა, ჩვენმა პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა განგვიმარტეს. თბილისში შეკრების სასარგებლოდ არჩევანი თურმე რამდენიმე მიზეზის გამო გაკეთდა. ერთია, რომ თბილისური ამინდი მოსწონებიათ; მეორე - საქართველოში არსებული საფეხბურთო ატმოსფერო; მესამე - თბილისი და ერევანი ერთ საათობრივ სარტყელში არიან და მეოთხე - ურთიერთობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსა და მათ პორტუგალიელ კოლეგებს შორის.

ამის შემდეგ მხოლოდ 15 წუთით მოგვეცა პორტუგალიელთა ვარჯიშზე დასწრების საშუალება. ძუნძულით გახურება, "კვადრატები"... განსაკუთრებული არაფერი. მერე ქართველი ჟურნალისტები იქაურობას გავერიდეთ, ბევრი წყვილი თვალი კი "მიხეილ მესხის" VIP-ლოჟიდან კრიშტიანო რონალდოს უცქერდა...

ფერნანდო სანტუშის გუნდი თბილისს ასეთი შემადგენლობით ეწვია:

მეკარეები: რუი პატრისიო (სპორტინგი), ბეტო (სევილია, ესპანეთი), ანტონიო ლოპესი (ლიონი, საფრანგეთი);
მცველები: სედრიკი (სპორტინგი), ვიეირინია (ვოლფსბურგი, გერმანია), ბრუნო ალვეში (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი, ინგლისი), რიკარდო კარვალიო (მონაკო, საფრანგეთი), დანიელ კარისო (სევილია, ესპანეთი), ფაბიო კოენტრაო (რეალი, ესპანეთი), ელიზეუ (ბენფიკა);
ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიუ, ადრიან სილვა (ორივე - სპორტინგი), დანილო პერეირა (მარიტიმუ), ჟოაო მოუტინიო, ბერნარდო სილვა (ორივე - მონაკო, საფრანგეთი), ტიაგო მენდეში (ატლეტიკო, ესპანეთი), ანდრე ანდრე (გიმარაეში), პიცი (ბენფიკა);
თავდამსხმელები: დანი (ზენიტი, რუსეთი), კუარეშმა (პორტუ), ნანი (სპორტინგი), კრიშტიანო რონალდო (რეალი, ესპანეთი), ვარელა (პარმა, იტალია), ედერი (ბრაგა);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი ამ სასტავით აპირებენ ტო სომხების მოგებას? ამათ სომხების ნაკრები ვრაცუების ნაკრები ხომ არაგგონიათ ეე
goga
11:41 09-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული