წარმოგიდგენთ მეტოქეებს: ბელგრადის "პარტიზანი"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას 6 დებიუტანტი ჰყავს და ამათგან ერთ-ერთი გორის "დილაა"; საქართველოს ჩემპიონი ამ პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მეტოქედ სერბეთის (და საერთოდ, ყოფილი იუგოსლავიის) ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი და პოპულარული კლუბი, ბელგრადის "პარტიზანი" ეყოლება.

პარტიზანი (ბელგრადი, სერბეთი)
დაარსდა 1945 წელს
სტადიონი: პარტიზანა (32 710)

"პარტიზანი" 1945 წელს არის დაარსებული და იუგოსლავიის დაშლამდე ტიტულებით მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლაც დაუძინებელ მტერსა და უპრინციპულეს მეტოქეს, თანაქალაქელ "ცრვენა ზვეზდას" ჩამორჩებოდა. თუმცა, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, აწ უკვე
სერბული ფეხბურთის უძლიერესი გუნდი უკვე "პარტიზანი" გახდა: იქიდან მოყოლებული, 15-ჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და შვიდჯერ თასს დაეუფლა.

ვიდრე "პარტიზანის" სხვა მიღწევებსა თუ დღევანდელ შემადგენლობაზე ვისაუბრებდეთ, ისიც ვთქვათ, რომ "დილას" სავარაუდო მეტოქეებს შორის "პარტიზანის" გარდა იყვნენ: "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "სტიაუა" (რუმინეთი), "დინამო" (ზაგრები, ხორვატია), "შკენდერბეუ" (ალბანეთი).

ძნელი სათქმელია, ამათგან რომელი უფრო იქნებოდა სასურველი მეტოქე და რომელი - არასასურველი; ყოველ შემთხვევაში, იმავე "ლუდოგორეცსა" თუ "სტიაუას" მაინც "პარტიზანი" გვერჩივნა და უფრო მეტსაც ვიტყვით: საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერებულ "დილას" ნამდვილად ექნება იმის შანსი, რომ ტიტულიანი სერბული კლუბის ბარიერი დაძლიოს და ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდეს...

...იშვიათზე-იშვიათი შემთხვევის გარდა, "პარტიზანი", ფაქტობრივად, ყოველწლიურად მონაწილეობდა ევროპის საკლუბო ტურნირებზე; საუკეთესო შედეგად კი, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონთა თასის 1965-66 წლების გათამაშება უნდა მივიჩნიოთ, როცა იუგოსლავიის ჩემპიონმა ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა "ნანტი" (საფრანგეთი), "ვერდერი" (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), "სპარტა" (პრაღა, ჩეხეთი), "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი) და მხოლოდ ფინალში დამარცხდა იმ დროისათვის მსოფლიოში უძლიერეს გუნდთან, მადრიდის "რეალთან" (1:2).

განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია ნახევარფინალში მეტ ბასბის დამოძღვრილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძლევამ: იმ დროს ბრიტანულ გუნდში ხომ ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ და ნობი სტაილზი თამაშობდნენ...

წეღანაც აღვნიშნეთ, რომ "პარტიზანი" თითქმის ყოველწლიურად მონაწილეობს ევროტურნირებზე და ბარემ სხვა მიღწევებიც ვახსენოთ: სერბული ფეხბურთის გრანდმა ორჯერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ოთხჯერ - ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე!

...სხვადასხვა დროს "პარტიზანს" ისეთი სპეციალისტები წვრთნიდნენ, როგორებიც არიან მილოშ მილუტინოვიჩი, ივიცა ოსიმი, ლოთარ მათეუსი, იურგენ რობერი, ავრამ გრანტი და სხვები; ამჟამინდელი თავკაცი კი სერბი სპეციალისტი, 46 წლის ზორან მილინკოვიჩია, რომელმაც "პარტიზანი" ამა წლის მარტში ჩაიბარა და თავის პირველი საჩემპიონო ტიტულიც მოიპოვა (მილინკოვიჩი მანამდე მოკრძალებულ სერბულ გუნდს, "ვოზდოვაცს" წვრთნიდა).

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, სხვადასხვა დროს "პარტიზანში" გამოდიოდნენ იუგოსლავიური ფეხბურთის ვარსკვლავები: ბრანკო ზებეცი, ზლატკო ჩაიკოვსკი, ველიბორ ვასოვიჩი, მილან გალიჩი, პრედრაგ მიატოვიჩი, სავო მილოშევიჩი, მატეა კეჟმანი და სხვები.

რაც შეეხება ახლანდელ შემადგენლობას, აქაც გვხვდება რამდენიმე ცნობადი სახე: 28 წლის ივან ბანდალოვსკი (ბულგარეთი), 29 წლის ვლადიმირ ვოლკოვი (ჩერნოგორია), 32 წლის ბრანკო ილიჩი (სლოვენია), 25 წლის ფაბრისიო (ბრაზილია), 30 წლის ნიკოლა დრინჩიჩი (ჩერნოგორია) და სხვები.

თუმცა, "პოპულარობის ინდექსით" სერბულ გრანდში სხვები "ლიდერობენ": გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი და კაპიტანი, 37 წლის ნახევარმცველი საშა ილიჩი (თავის დროზე იუგოსლავიისა და სერბეთის ნაკრებების შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაუტარებია და 2006 წლის მუნდიალზეც უთამაშია) და "პარტიზანის" ახალწვეული, 29 წლის ცნობილი ბულგარელი ფორვარდი ვალერი ბოჟინოვი.

ამ უკანასკნელს თავის დროზე ბულგარული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად და ხრისტო სტოიჩკოვის მემკვიდრედაც მიიჩნევდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ბოჟინოვის კარიერას... სკანდალები უფრო ახლდა, ვიდრე - ტიტულები თუ წარმატებები.

Sportall.Ge
ფოტოზე: "პარტიზანის" ახალწვეული ვალერი ბოჟინოვი

არადა, სხვადასხვა დროს ბოჟინოვს უთამაშია "იუვენტუსში", "მანჩესტერ სიტიში", "სელტაში", "ფიორენტინაში", "ვერონაში", "პარმაში", "ლეჩეში", ლისაბონის "სპორტინგში"; ბოჟინოვის ბოლო კლუბი კი იტალიის სერია "ბ"-ში მოასპარეზე "ტერნანა" იყო.

...1998 წლის ზაფხულში ბელგრადის "პარტიზანი" თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (2:0, 0:1)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
GIA.112233
dilaaa maradjaaams
10:03 24-06-2015
0
ნათქვამია, პროგნოზები უმადური საქმეაო, მაგრამ კენჭისყრის შედეგებს მაინც ასე შევაფასებდი: იმ შესაძლო ექვსეულიდან, ვინც "დილას" მეტოქე უნდა ყოფილიყო, ულაპარაკოდ არასასურველნი იყვნენ - "სტიაუა", "ლუდოგორეცი" და ზაგრების "დინამო". ყველაზე სასურველი ალბანური "შკენდერბეუ" იყო, ხოლო "ვიდეოტონთან" და აწ უკვე ჩვენს მეტოქე "პარტიზანთან" გორელთა შანსებს 60%-40% შევაფასებდი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. ასე რომ, მაინცდამაინც უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ კენჭისყრის ღმერთის. აწი ყველაფერი შიდა ქართლელთა მარიფათზეა.
წარმატებები ბიჭებს!
ლევანი
09:37 24-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული