კახა ჭუმბურიძე: სახელმწიფო ფეხბურთს ეხმარება, მაგრამ ფული წყალში იყრება

AutoSharing Option
ბოლო წლებში, თუკი რომელიმე საფეხბურთო სკოლა მოიწონებს თავს, ეს უპირველესად, სწორედ "საბურთალოა". ახლახან, თბილისურ ელიტრაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ითამაშა, შემდეგ შეიკრიბა 18-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც ვასილ მაისურაძე ახალი შესარჩევი ციკლისთვის ამზადებს ამ ორ გუნდში "საბურთალოს" 16(!) აღზრდილი გამოიძახეს...

ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა...
კლუბის ნაყოფიერ მუშაობაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო წლებში საქართველოდან ევროპის ცნობილ ლიგებში საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ "საბურთალოდან" წავიდა ან ამ სკოლის გაზრდილია: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია "ვიტესში" გაუშვეს, "საბურთალოს" გაზრდილები არიან ყაზანის "რუბინის" მცველი მამუკა კობახიძე, გიორგი
პაპავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, ბაჩანა არაბული
, მეკარე ოთარ გოშაძე, დათა ხოჭოლავა, რომელიც ახლახანს ოდესის "ჩერნომორეცში" მიიწვიეს.

ცხელ-ცხელი ტრანსფერი კი 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯიმი ტაბიძის ბელგიის ჩემპიონ "გენტში" გადასვლაა.

ახლახან, "საბურთალოს" გუნდი საქართველოს ჭაბუკთა ლიგის (18-წლამდელები) გამარჯვებული გახდა და იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

"საბურთალოს" ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაცაა. კლუბს იოსებიძის ქუჩაზე აქვს 5 მცირე ზომის მოედანი, ასევე, ასათიანის ქუჩაზე, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტანდარტული ზომის სტადიონი "ბენდელა" და ერთიც მცირე ზომის მოედანი. იქვეა განთავსებული კლუბის ადმინისტრაცია, VIP-ლოჟა, სამედიცინო ცენტრი. ერთი სტანდარტული და ერთი მცირე ზომის მოედანი აქვს "ამერის" სტადიონზე.

"საბურთალო" იმითიც გამოირჩევა, რომ საერთაშორისო ტურნირების ინიციატორია: 2011 წლიდან მოყოლებული, ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ "ბენდელაზე" ტარდება საერთაშორისო ტურნირი: 2011 წელს "ფოლკსვაგენის თასი" გათამაშდა, 2012 წლიდან ის "სალერის თასმა" ჩაანაცვლა, რომელშიც მონაწილეობდნენ "ვიტესი", "მალაგა", თბილისის "ლოკომოტივი", მადრიდის "ატლეტიკო", უკრაინული "დნიპრო" და თელ-ავივის "მაკაბი".

2011 და 2013 წლებში თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე "საბურთალო" საუკეთესო სკოლად დასახელდა. მაისში, "საბურთალომ" პირველად მოიპოვა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება.

დაგვეთანხმდებით, ასე კიდევ 10 საფეხბურთო სკოლა რომ მუშაობდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

დანგრეული სტერეოტიპი
რას ემყარება საფეხბურთო სკოლის წარმატებული მუშაობა? ამის შესახებ "საბურთალოს" გენერალური დირექტორი და მისი დამფუძნებელი კახა ჭუმბურიძე გველაპარაკა. თუმცა, ზოგად პრობლემებზე საუბარსაც ვერ ავცდით...

- "საბურთალომ" თავისი ნიშა იპოვა - ნაკრებებს მოთამაშეებს უზრდის და უცხოეთში უშვებს. წარმატებული მუშაობა რამ განაპირობა?
- უპირველესად იმან, რომ სკოლა მეგობრობაზე დაფუძნდა. ის სტერეოტიპი, რომ ასე საქმის კეთება შეუძლებელია, "საბურთალომ" დაანგრია.

საინტერესო ისტორია გვაქვს. საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" 1999 წელს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლაში მამუკა კვარაცხელიამ, გიგა არევაძემ და ქართლოს ჭუმბურიძემ დააფუძნეს, პირველი დირექტორი კი მე გახლდით. მერე სკოლის განვითარება გადავწყვიტეთ და ჩვენი პირველი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო, ხელმძღვანელები კი - პაატა ჩხეიძე, ირაკლი არველაძე და კახა ამირიძე.

2005 წელს სკოლამ მეპატრონე შეიცვალა და "საბურთალო" ცნობილმა ჰოლდინგმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეიძინა. ჩვენი ახალი ცხოვრებაც აქედან დაიწყო. გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გენერალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა "ბენდელას" სტადიონს, ჩამოყალიბდა გუნდი, რომელიც აგერ, უმაღლეს ლიგაშიც გადავიდა.

ჩვენთან ბევრ ცნობილ სპეციალისტს უმუშავია - გიორგი დევდარიანს, გია ცეცაძეს, თემურ შალამბერიძეს... ახლა კი გია ჭიბრიშვილია.

ბევრმა არ იცის, რომ "საბურთალოს" ვიცე-პრეზიდენტი დავით პეტრიაშვილი გახლდათ, რომელიც უეფას მმართველობაშია. თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, დათო საკუთარ დამსახურებებს ხაზს არასოდეს უსვამს და თავის გამოჩენა არ უყვარს. ამიტომაა ჩრდილში მოქცეული და ჩვენი საზოგადოება მის საქმიანობას კარგად არ იცნობს. არადა, ის საქართველოსთვის ბევრს აკეთებს.

ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა თუ მისი პიროვნების შესახებ საზოგადოებას უფრო მეტი ეცოდინებოდა. მადლიერებაც ხომ დიდი საქმეა?

- ორი წლის წინათ, "საბურთალოში" ანდრეს კარასკო მიიწვიეთ და ესპანური მოდელის დამკვიდრება დაიწყეთ. ამ მეთოდმა გაამართლა?
- ჩვენ მხოლოდ უცხოურ მოდელს არ ვემყარებით. "საბურთალოში" საუკეთესო ქართულისა და ევროპულის სინთეზს ვცდილობთ. ჩვენ გვაქვს ტექნიკა, სწრაფი აზროვნება და ვცდილობთ, ეს ესპანური ფეხბურთის საუკეთესო მხარეებთან შევაზავოთ. ჩვენთვის მთავარი შეტევა და სანახაობრივი ფეხბურთია. ამაზე ნებისმიერ ასაკში ჩვენი გუნდების შედეგიანი თამაშები მეტყველებს.

- აშკარაა, რომ სკოლის მიზანი ფეხბურთელების გაზრდა და უცხოეთში გაშვებაა...
- ჩვენი მთავარი მოტივია, ფეხბურთელები ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს გავუზარდოთ და ევროპულ კლუბებში გავუშვათ. ქართული ფეხბურთის სამსახური ასე წარმოგვიდგენია და მიმაჩნია, რომ ჩვენს წილ საქმეს კარგად ვაკეთებთ.

დოტაციის ნულოვანი ეფექტი
- თქვენი გადასახედიდან, რა არის ბავშვთა ფეხბურთის მთავარი პრობლემა?
- არა მხოლოდ ბავშვთა, არამედ, ზოგადად, ჩვენი ფეხბურთის მთავარი პრობლემა მენეჯმენტია. სახელმწიფო ფეხბურთს ეხმარება, მაგრამ ეს ყველაფერი ქაოსურია და ფული წყალში იყრება.

- ეს ფული რომ არ იყოს, გუნდები ხომ დაიშლებიან?
- მაშინ კონკრეტულ მაგალითს დავასახელებ. 2014 წელს, უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებზე სახელმწიფომ 37-დან 44 მილიონ ლარამდე დახარჯა. ეს საქართველოსნაირი ქვეყნისთვის პატარა თანხა არ არის. მაგრამ წლიდან წლამდე არანაირი საფეხბურთო "დოვლათი" არ იქმნება.

მეორე მხარეზეც ვიტყვი: ქართული გუნდების უმრავლესობის შემოსავლის წყარო ტრანსფერები უნდა იყოს. მაგრამ სახელმწიფო კლუბში მოთამაშეს კონტრაქტი უმთავრდება, მიდის უცხოეთში და კლუბს არაფერი რჩება. ასე იქნება, სანამ ფეხბურთელი მინიმუმ 2-წლიან კონტრაქტს არ გააფორმებს. ეს მხოლოდ კერძო კლუბებში ხდება, სახელმწიფო კლუბებში კი ახლა დაიწყეს ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება. არადა, ხანგრძლივი კონტრაქტები თავად ფეხბურთელებისა და კლუბების გასავითარებლად არის აუცილებელი, რადგან თუ არ იქნა საქართველოში ძლიერი და გამართული კლუბები, ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა.

ახლა მე გკითხავთ - თქვენი აზრით, ასეთ კლუბებში ხანგრძლივ ხელშეკრულებებს რატომ ვერ აფორმებენ?

- რაიონის ბიუჯეტი ერთი წლით მტკიცდება და იქნებ, შემდეგ სეზონში გუნდი აღარ დააფინანსონ...
- თუ არ დააფინანსებენ და გუნდი პირობებს ვერ შეასრულებს, კონტრაქტი გაწყდება და რა პრობლემაა?! კლუბი გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე რომ გადავიდეს, ამისთვისაა აუცილებელი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტები.

- ეს ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთს რანაირად უკავშირდება?
- პირდაპირ უკავშირდება, რადგან სახელმწიფო კლუბები ვალდებულები არიან, ბავშვთა ფეხბურთზე იზრუნონ. რეალურად კი, საამისოდ არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ხანმოკლე მიზნებით არსებობენ. ბიუჯეტის ფული იხარჯება, "დოვლათი" კი არ იქმნება. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო კლუბებში ეფექტი ნულის ტოლფასია.

- მენეჯმენტის გარდა, რა პრობლემებს ხედავთ?
- სახელმწიფო სახსრები კლუბებზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ეს ერთიანი ხედვით უნდა მოხდეს და გამგებლის ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რომელი ლიგის გუნდში რამდენი დაიხარჯოს.

სხვათა შორის, როგორც ვიცი, ზუსტად ასე ხდება კალათბურთსა და რაგბიში - იქ თანასწორუფლებიანობა დაცულია. მერე კი ამ თანხის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ფედერაციის მიერ, ფედერაცია კი, თავის მხრივ, ამ თანხებზე ანგარიშვალდებული უნდა იყოს სახელმწიფოს წინაშე.

თუ ამ ყველაფერს არ მოევლო, თუ სახელმწიფოს სახსრებით მხოლოდ კლუბები დაფინანსდებიან და საფეხბურთო სკოლებზე არაფერს დახარჯავენ, რეგიონებში მომავალი თაობები არ გაიზრდებიან, საიდანაც მუდამ იკვებებოდა ქართული ფეხბურთი და საერთოდ, მისი მომავალი ძალიან ბუნდოვანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული