აზერბაიჯანული საიტები 2 ივლისს თბილისში გამართულ "დინამო"-"გაბალას" მატჩზე მომხდარ ინციდენტებზე აქტიურად წერენ.
საიტ haqqin.az-ის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრები თავს დაესხნენ სტუმარ გულშემატკივრებს, გალანძღეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. ამასთან, აზერბაიჯანელ ქომაგებს წაართვეს მათი ქვეყნის დროშა და ფეხქვეშ გათელეს...
ამასთან, საიტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი გულშემატკივრების აგრესიაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
haqqin.az: აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციების ფედერაციამ (AFFA) უკვე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სათანადოდ
"ჩვენ მოვითხოვთ ბოდიშის ოფიციალურად მოხდას ქართული მხარისგან, გულშემატკივართა არაადეკვატური ქმედებების გამო. სავარაუდოდ, უეფაში საჩივარს შეიტანს "გაბალაც", - უთხრა საიტს AFFA-ს პრესმდივანმა მიხაილ რაიმანოღლუმ, რომლის თქმით, აზერბაიჯანული სპორტული საზოგადოება ქართველი გულშემატკივრების ქმედებას განიხილავს, როგორც არამეგობრულ აქტს.
"ვიმედოვნებთ, ფაქტს განსჯის და შესაბამისად იმოქმედებს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაც და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც", - დასძინა ნარიმანოღლუმ.
თავის მხრივ, კიდევ ერთი აზერბაიჯანული საიტი azerisport.com წერს, რომ "დინამო არენაზე" ქართველმა გულშემატკივრებმა გამოფინეს პლაკატი, წარწერით: "ჩვენ გვახსოვს. ზაქათალა. კახი, 1921" და სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს სტუმარი გუნდის ფანები.
ამ საიტთან ნარიმანოღლუ შემდეგს აცხადებს: "რამდენიმე გულშემატკივარმა გამოფინა პლაკატი ზაქათალისა და კახის შესახებ და ჩვენი ჩარევის შემდეგ ის მოაშორეს. ამას გარდა, ფანატებმა აზერბაიჯანისა და "გაბალას" დროშები ამობრუნებულად გამოფინეს, რის შემდეგაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ და პრობლემა აღმოიფხვრა.
ეს ყველაფერი ბევრმა დაინახა, მათ შორის, აზერბაიჯანის გულშემატკივრებმაც. ახლა "გაბალას" წარმომადგენლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა ჩვენმა ფანებმა ქართველებზე შური საპასუხო მატჩის დროს, 9 ივლისს არ იძიონ".
sportall.ge-მ ინფორმაცია სფფ-სა და თბილისის "დინამოში" გადაამოწმა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ეკა ელოშვილის თქმით, ამ დროისთვის სფფ-ში ოფიციალური წერილი არც აზერბაიჯანის ფედერაციისგან და არც "გაბალასგან" არ მიუღიათ და ინციდენტები არც მატჩის დელეგატს დაუფიქსირებია.
იგივე განგვიცხადეს თბილისის "დინამოში", რომლის პრესსამსახურის თქმით, აზერბაიჯანული მხარისგან ოფიციალური წერილი ზემოთ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით არ მიუღიათ.