აღმასკომი: ლიცენზირებული კლუბები და მეტი სათამაშო შანსი 21-წლამდელებს

AutoSharing Option
6 ივლისს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის წევრების სრული შემადგენლობა ესწრებოდა. სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო შეტანილი.

დასაწყისში, აღმასკომმა მოისმინა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაციის ანგარიში 2015/16 წწ. ლიცენზირების ძირითადი შედეგების შესახებ.

ლიცენზირების ძირითადი შედეგები კი ასეთია:

უეფას და ეროვნული ლიცენზიები მიიღეს: "დილა", "დინამო" - ბათუმი, "დინამო" - თბილისი, "ჩიხურა", "სამტრედია", "ცხინვალი".

მხოლოდ ეროვნული ლიცენზიები მიენიჭათ: "შუქურა", "ტორპედო", "კოლხეთი 1913", "მერანი" - მარტვილი, "ზუგდიდი", "სიონი", "ვიტ ჯორჯია", "საბურთალო", "ლოკომოტივი".

შემდეგ საკითხად აღმასკომმა სკ ლანჩხუთის
"გურიის" წერილი განიხილა. სფფ-ის აღმასკომის 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, კლუბი, რომელიც ლიცენზირებაზე უარს განაცხადებდა, ჯარიმის სახით, 1-ელ ივლისამდე უნდა გადაეხადა 50 ათასი ლარი.

"გურიამ" ლიცენზირება არ გაიარა, ხოლო ჯარიმა ჯერაც არ აქვს გადახდილი. კლუბის ხელმძღვანელები სწორედ ამ ჯარიმის გადახდის გადავადებას სთხოვდნენ აღმასკომის წევრებს, რომლებსაც არსებული მდგომარეობა პირადად მოახსენა კლუბის ლიცენზირებისა და ტრანსფერების მენეჯერმა ირაკლი ვაშაკიძემ.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, "გურიას" 14 ივლისის 18:00 საათამდე მიეცა ვადა, გადაიხადოს თანხა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უმაღლეს ლიგაში ავტომატურად ჩაანაცვლებს "ვიტ ჯორჯია" (სპორტული პრინციპით, ჩანაცვლება რუსთავის "მეტალურგს" ეკუთვნოდა, თუმცა, რადგან კლუბს არ გააჩნია არანაირი შესაძლებლობა, გაარძელოს ასპარეზობა, არ გაუვლია ლიცენზირების პროცესი, გასულ სეზონში დაკავებული ადგილის მიხედვით, ჩანაცვლების პირველი კანდიდატია "ვიტ ჯორჯია").

ამის შემდეგ სფფ-ის გენერალურმა სამდივნომ აღმასკომს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წერილი წარუდგინა.

წერილში ქალაქის მერმა - დავით ჯიქიამ სფფ-ის პრეზიდენტს არსებული ვითარება გააცნო და აცნობა, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემების გამო სკ "მეტალურგის" ხელმძღვანელები უარს ამბობენ ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ვინაიდან ქალაქის ხელმძღვანელობას სურს, არ დაიკარგოს საფეხბურთო ტრადიციები, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნდა ახალი შპს "რუსთავის რუსთავი". შესაბამისად, რუსთავის მერია ითხოვდა ნებართვას, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული გუნდი დაშვებულ იქნას ჩემპიონატის პირველ ლიგაში და წარმოადგინა შესაბამისი ფინანსური გარანტიები.

თავის მხრივ, "მეტალურგის" ფინანსურმა და სპორტულმა დირექტორებმაც წერილით დაადასტურეს, რომ არ აქვთ არანაირი ფინანსური პერსპექტივა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული გუნდის პირველ ლიგაში მონაწილეობის შემთხვევაში, არც ამ ეტაპზე და არც სამომავლოდ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.

მსჯელობის შემდეგ აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველესად, ემსახურება რუსთავში ფეხბურთის გადარჩენასა და შენარჩუნებას და რუსთავის "რუსთავი" დაშვებულ იქნა ჩემპიონატის პირველ ლიგაში. თუმცა, დებულების თანახმად, მიუხედავად სპორტული შედეგისა, ასეთი პრინციპით ჩანაცვლებული გუნდი ორი წელი ვერ გადმოვა უმაღლეს ლიგაში და ვერც ლიცენზიის მაძიებელი იქნება.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - კახა ცხადაძის წინადადება, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს, ყველა მატჩის ძირითად შემადგელობაში ჰყავდეს ორი 21 წლამდე ფეხბურთელი (წლევანდელ სეზონში 1994 წელს დაბადებულები და ზემოთ...). ამ გადაწყვეტილებას აღმასკომის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
თერჯოლის ,,საპოვნელასთან" დაკავშირებით რა ხდება იქნებ დაეწერათ 2 წინადადება...
irakli apkhaidze
10:58 07-07-2015
0

სიახლეები პოპულარული