მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია 20 საათიდან გადასცემს. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, დიდი ეკრანი დაამონტაჟეს, რათა ადგილობრივმა ქომაგებმა თამაშის ყურება შეძლონ.
8 ივლისს, ბათუმელებმა ნიქოზიის "GSP სთედიუმზე" გენერალური რეპეტიცია ჩაატარეს. ბათუმელთა ვარჯიშს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაც დაესწრო და თან ჭეიშვილსაც გაესაუბრა. ცხადია,
დიდი ალბათობით, ქეცბაიამ ჭეიშვილს კვიპროსული ფეხბურთის ნიუანსებზე ღირებული ინფორმაციები მიაწოდა...
ფოტოზე: ბათუმელთა ვარჯიში "GSP სთედიუმზე"
ვარჯიშამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შოთა ჭეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
"ჩვენ ევროსარბიელს 17-წლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდით და ვეცდებით, ეს ეტაპი გადავლახოთ. ხვალ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის. ვიცი, რომ ჩვენს წარმატებას არა მარტო ბათუმი და აჭარა, არამედ სრულიად საქართველო ელოდება", - ამბობს ჭეიშვილი.
მასთან ერთად, პრესკონფერენციაზე "დინამოს" თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილიც მივიდა:
"დარწმუნებული ვარ, რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვართ. პირველ მატჩში მიღწეული შედეგის გაუმჯობესება და მეორე ეტაპზე გასვლა გვსურს".
"ომონიას" მთავარმა მწვრთნელმა კოსტას კაიაფასმა კი პრესკონფერენციაზე ეს თქვა:
"საქართველოში საშინელი თამაში ჩავატარეთ და შედეგიც ასეთივე მივიღეთ. ამის გამო ჩვენს შეცდომებზე ვმუშაობთ. იმედია, მაყურებელი სტადიონს შეავსებს და ევროპალიგის მომდევნო რაუნდში გასვლაში დაგვეხმარება. გასული წლიდან ვმუშაობთ, თუ როგორ მოვახერხოთ მეტოქეზე ზეწოლა. ჩვენი მთავარი იარაღი იქნება აგრესია და მოგების ურყევი ნება".
საინტერესო ამბავიც გამჟღავნდა: თურმე, ნიქოზიელთა ბენინელ თავდამსხმელ მაიკლ პოტეს ევროპის უფრო ძლიერი ლიგის გუნდი იწვევს და "ომონიას" დატოვება სურს...
პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნუნო ასიშმაც ილაპარაკა:
"პირველ მატჩში წაგების გამო ხუთშაბათს რთულ საპასუხო დაპირისპირებას ველით. უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე საქართველოში. დარწმუნებულიც ვარ, რომ ამას მოვახერხებთ. მთავარია, სტადიონი სრულად შეივსოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"