ქელეხის სიაა თუ ნისიების რვეული?!

AutoSharing Option
წარმოიდგინეთ, მედიით იგებთ, რომ X ქვეყანაში მთელი თვე უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩის ბილეთს ვერ ყიდიან, იქაური საინფორმაციო გამოშვებები ბილეთების გაყიდვის თემით იწყება, ხოლო ამ პროცესს აკვირდება დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობაში მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები შედიან. რას იფიქრებდით?

კაფკას "პროცესია", სრული აბსურდი და საოცრება.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოში, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მატჩის ბილეთების გაყიდვა ერთი თვე გაიწელა და ლამის პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი გახდა...


...მაგრამ არა! - ევროპის სუპერთასის მატჩის (რომელსაც თბილისი
11 აგვისტოს უმასპინძლებს) ბილეთები, როგორც იქნა, გაიყიდა. ცხადია, "ბარსელონასა" და "სევილიას" თამაშზე დასწრება ბევრ გულშემატკივარს სურდა. ისინი 12 ივლისს ვაკის პარკში არნახულად გრძელ რიგებში დადგნენ. ზოგიერთი სიაში სამი დღით ადრეც კი ჩაეწერა და სასურველ ბილეთს იქვე, გაზონზე წამოწოლილი, არაქათგაცლილი ელოდა...

ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამზადებულ საგანგებო ვიდეორგოლში აღწერილი იყო, როგორ უნდა შეეძინა გულშემატკივარს ბილეთი, მაგრამ რიგის ორგანიზება თავად გულშემატკივრებმა მოახდინეს, რაშიც მათ საპატრულო პოლიცია ეხმარებოდა.

ბილეთების გაყიდვა კვირას, დილის 9 საათზე დაიწყო. თუმცა პროცესს მშვიდად მაინც არ ჩაუვლია. ვაკის პარკში მისული ადამიანების ნაწილი ცოცხალ რიგს მოითხოვდა, რიგში მათზე ადრე ჩამდგრები კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ და იყო შეძახილები, ჩოჩქოლი, გაიწი-გამატარე...

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 13 ივლისის დილის 5 საათისთვის სუპერთასის უკანასკნელი ბილეთი გაიყიდა და ცხადია, ის ყველამ ვერ შეიძინა. უბილეთოდ დარჩენილებს ეჭვი ჰქონდათ, რომ დათქმული 22 ათასი ბილეთი გასაყიდად სრულად არ გამოიტანეს. ამით განაწყენებულთა ნაწილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაც გამართა...

მათი პრეტენზია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ პოსტშიც ჩანს:

"რიგში 30 საათი ვიყავი და უბილეთოდ მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას დავუჯერე.

ასეთი სამარცხვინო რამ სხვაგან არსად ხდება. თქვენ ვერ შეძელით იმის გაკეთება, რაც ხალხს დაჰპირდით - ბილეთები თანაბარ პირობებში არ იყიდებოდა! უმუშევარი კაცი რიგში 3 დღით ადრე დადგებოდა, მაგრამ არა - სტუდენტი, აბიტურიენტი და დასაქმებული!

დაიკიდეთ ისინიც, ვინც რეგიონებში ცხოვრობს. წარმოუდგენელი ამბავია, ბილეთები ქელეხის სიით და ნისიების რვეულით იყიდებოდეს. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება!

6 000 ბილეთი სად წავიდა? ესეც მხოლოდ თქვენ იცით! 80-მა ჯგუფმა აიღო ბილეთიო. არადა, მათ მაქსიმუმ 16 ათასი იყიდეს! დარჩენილ 6089 ბილეთს რა უყავით? პირობას გაძლევთ, უეფაში წერილი გაიგზავნება და ეს ამბავი არ შეგრჩებათ. ხომ გაქვთ ეს კორპორატიული ბილეთები? რაღაზე გვპარავთ აქედან ამ ბილეთებს"?!

ფეხბურთის ფედერაციამ ბრალდება კატეგორიულად უარყო. გთავაზობთ სფფ-ის მიერ ბილეთების გაყიდვაზე გაკეთებული კომენტარის ნაწყვეტს:

"შეუძლებელია იმხელა სტადიონის მოძიება, სადაც ყველა გულშემატკივარი მოხვდება. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც უბილეთოდ დარჩნენ...

სალაროებში ბილეთების გაყიდვის პროცესს აკვირდებოდა დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობაში მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდნენ გაყიდვების პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის...

ამ დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც 12 ივლისის დილიდან, უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ ბილეთების გაყიდვის პროცესს. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში, მათი მეშვეობით, საზოგადოება სრულყოფილად იყო ინფორმირებული გაყიდვების პროცესისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დაბოლოს, სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვის პროცესმა და საერთო ეროვნულმა ჩართულობამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, რომ ეს დიდი მატჩი სცილდება რომელიმე ერთი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროს და მისი ღირსეულად ჩატარება მხოლოდ სრულიად კონსოლიდირებული ეროვნული, სახალხო ჩართულობისა და მონდომების შედეგად არის შესაძლებელი".

სად წავიდა არგაყიდული ბილეთები? ამაზე პასუხი სფფ-ის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას ძველ განცხადებაში იყო, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ავადსახსენებელმა biletebi.ge-მ გაყიდვა ჩააფლავა - არგაყიდულ ბილეთებს ფეხბურთის ფედერაცია კორპორატიული წესით გაყიდისო. ამ გზით კი 4 000 ბილეთი გაიყიდა.

საინტერესო ფაქტებია - თბილისის საკრებულომ 100 ბილეთი მოითხოვა. სიჭინავამ ზოგადად ახსენა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ფედერაციას 1 500 ბილეთი შეუკვეთა, რომელიღაც სატრანსპორტო კომპანია (არ დააკონკრეტა) კი 300 ცალს ითხოვდა, არადა, რომ დავთვალეთ, 50-ზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდაო...

ასეა თუ ისე, ამდენი ნერვების ხეთქვით დასრულდა ევროპის სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვა. ყოჩაღ, ჩვენ ეს შევძელით! ვინც იყიდეთ, გილოცავთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსებმა საზღვარი რომ ავჭალამდე გადმოწიონ და მობილიზაცია გამოცხადდეს ეს ქართველი მხარბეჭიანი არაქათგამოცლილ;ი ქართველი ვაიმესიბარსაჩემპიონიას ფანები ასე ჩადგებოდნენ ალბათ ავტომატების რიგში
george georgiano
16:57 14-07-2015
0
ავტორ! აქაც იტყუები? მხოლოდ ბოლო აბზაცი წავიკითხე და საკრებულომ 100 ბილეთი მოითხოვაო წერ - როცა ფეიუსბუქით გავრცელებულ ვიზირებულ წერილში 300 ცალს ითხოვს. წარმომიდგენია ზემოთ რამდენი უზუსტობა იქნება
კლიმენტი
16:45 14-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული