გია ცეცაძე: აფხაზეთშიც ვიყავი, მაგრამ ომი საჩემო საქმე არ იყო...

AutoSharing Option
ფოტოზე: გია ცეცაძე და კახა ცხადაძე
ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში წარმოჩენილ რამდენიმე საინტერესო სპეციალისტს შორის გია ცეცაძე ერთ-ერთი გამორჩეულია. სამწვრთნელო კარიერა ისე დაიწყო, დიდი ფეხბურთი არც უთამაშია, მაგრამ ჩამორჩენილი საფეხბურთო ქვეყნის მწვრთნელის კვალობაზე ბევრს მიაღწია - ინგლისს, ბელგიასა და შოტლანდიას ჯგუფში რომ ჩატოვებ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებ, პატარა საქმე არაა.

ცეცაძე იმ იშვიათი სპეციალისტების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს აიმედებს და პატივს სცემენ. იმიტომ, რომ მისი გუნდები ფეხბურთს თამაშობენ და არ წვალობენ.

მაგრამ ცეცაძეზე გულშემატკივარმა ბევრი რამ არც
იცის - ვინ არის, ფეხბურთში როგორ მოხვდა და ასე შემდეგ. არადა, საინტერესო ადამიანია.

მთაწმინდაზე
- მთაწმინდაზე ვიზრდებოდი. ეს სხვა უბანია. ხალხს სალამი არ ეშლება და ურთიერთობები ესმის. მე ბევრი კარგი ადამიანის თვალწინ ვიზრდებოდი, რომლებიც ღირსებით ცხოვრობდნენ და ბავშვებს მაგალითს გვაძლევდნენ. ჩვენ კი ვცდილობდით, ოჯახები არ შეგვერცხვინა - პრინციპში, ყველა თბილისელი ბიჭი ასეც იზრდებოდა. ჩვენს ბავშვობაში უფრო მშვიდი გარემო და ხალხში მეტი სითბო ოყო.

ახლა ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული და სითბო გვაკლია. ადვილია ჭკუის სწავლება და ვიღაცაზე ხელის გაშვერა, მაგრამ სიყვარული ყველაზე ძნელი ყოფილა. ელემენტარულად, ქუჩაში რომ დადიხარ, მაშინ გრძნობ, რომ ხალხში დიდი აგრესიაა.

თუ გვინდა ერთმანეთს რამეში შევეჯიბროთ, უპირველესად, ამაში გვიჯობს. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია და მოგვარდება. ევროპელებს ამაში უნდა მივბაძოთ, ხალხი ერთმანეთს კი არ უბღვერს, პირიქით - უღიმიან. ჩვენთან გაჭირვებაა, მაგრამ ისეთ დღეშიც არ ვართ, ერთმანეთს სიხარული და სითბო არ ვაჩუქოთ.

მაინც მგონია, რომ რაღაც დალაგდება. ეს კი მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. მეტი დათმობა და სიყვარული ასე თუ გამოჩნდება. სიყვარული ნებისმიერ სფეროს და საქმეს დაალაგებს.

პირველი ნაბიჯები მწვრთნელობაში
- ყველამ იცის, დიდი ფეხბურთი არ მითამაშია. ღმერთმა თამაშის გამორჩეული ნიჭი არ მომცა. ვერის პარკის წრეშიც დავდიოდი და "ნორჩ დინამოელშიც". 16 წლამდე კი 35-ე სკოლაში თემურ ლორთქიფანიძესთან ვვარჯიშობდი, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ამიტომ იყო, გორის "დილასა" და 19-წლამდელთა ნაკრებში რომ მივიწვიე - უნიკალური კაცია და მისი გვერდში დგომით ბევრს ვიძენ.

როდესაც მივხვდი, რომ გამორჩეული არ ვიყავი, ფეხბურთს აღარ გავყევი. იმ დროს დაიწყო თბილისში სამოქალაქო და რუსეთთან ომები და ვარჯიშს შევეშვი. სხვათა შორის, აფხაზეთშიც წავედი, მაგრამ მივხვდი, ომი საჩემო საქმე არ იყო. ომი დამთავრდა და მეგობრებთან ერთად ბიზნესის წამოწყება ვცადე, მაგრამ გული მაინც ფეხბურთისკენ მიმიწევდა.

ბავშვობიდან ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარული მქონდა და სრულად სკოლის შემდეგაც არ ჩამოვშორებულვარ. მწვრთნელობა 2000 წელს, კოტე ჯალიაშვილთან, სკა-ში დავიწყე. სხვათა შორის, მე და გელა სანაია ვეხმარებოდით.

მაშინ მეგონა, რომ ფეხბურთი მაგრად მესმოდა, მაგრამ 2002 წელს ლიცენზირებაზე რომ მივედი, მივხვდი, საქმე უფრო რთულად იყო. მერე ნელ-ნელა ალღო ავუღე. გამოცდილებას ცოდნა დაემატა, თავდაჯერებულობაც მოვიდა და მივხვდი, საინტერესო სამუშაო იყო.

Sportall.Ge

ძმაკაცები
- მაშინ ფეხბურთში ძალიან ჭირდა, ნორმალური პირობები ახლა არაა და მაშინ საერთოდ. მაგრამ მადლობა ღმერთს, მყავს ძმაკაცები, რომლებთანაც ადრე ბიზნესიც მიკეთებია და გვერდში მედგნენ. იცოდნენ, რომ ქარხანაში ან მსგავს დაწესებულებაში წარმოუდგენელი იყო და ფეხბურთში ხელს მიწყობდნენ.

ჩემთვის კი ფეხბურთი არც მაშინ ყოფილა სამსახური და არც ახლაა. რა თქმა უნდა, კაცს ოჯახის შენახვა ევალება, მაგრამ მხოლოდ ამიტომ მუშაობა არ ღირს. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ვერ წარმომიდგენია, თუნდაც "მაიკროსოფტის" დირექტორად რომ დამნიშნონ. უფეხბურთოდ მოვკვდები...

2003 წელს კი "ოლიმპში" გადავედი და 1993-წლიანებში თემურ ფოცხვერიასთან ვმუშაობდი. დამოუკიდებლად პირველად 1994 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. 2008 წელს გიორგი დევდარიანი 16-წლამდელთა ნაკრებში დანიშნეს და ასისტენტად მიმიწვია. იმავე პერიოდში ფოცხვერია "საბურთალოში" გადავიდა და მალე მეც გავყევი, A კატეგორიის ლიცენზიაც ავიღე... მერე და მერე 19-წლამდელთა ნაკრებიც ჩამაბარეს.

მჯერა, რომ ამ საქმის კეთება შემიძლია და მინდა ქვეყანას გამოვადგე. ეს ერთხელ უკვე შევძელი, როდესაც 19-წლამდელების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიყვანე. წლის ბოლოს, დაჯილდოებაზე დავით პეტრიაშვილმა პრიზი რომ გადმომცა, ძალიან გამიხარდა და დიდი ენერგია მომცა.

კენიონები გვჭირდება
- მწამს და მჯერა, რომ საქმის კეთებაში სიკეთე, გულწრფელობა და გულიანი მიდგომა ყოველთვის გეხმარება. ადამიანს კი ამ თვისებების ჩამოყალიბებაში ეკლესია ეხმარება, რადგან იქ არის ყველა იმ კითხვაზე პასუხი, როგორი უნდა იყოს ადამიანი და სად რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს. მართლმადიდებლობაა ამ ყველაფრის გასაღები.

მე მგონია, რომ ჩვენი საფეხბურთო წარმატების გასაღებიც რწმენაშია. თუ არ გჯერა, რომ მოწინააღმდეგესთან მოგება შეგიძლია და მოედანზე მუხლი გეკვეთება, მაშინ ვერაფერს მიაღწევ. მე ეს რწმენა იმიტომ მაქვს, რომ ბორის პაიჭაძიდან მოყოლებული, ქართველებს ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გვყავდა.

ფეხბურთში კი თამაშის ბედს სწორედ ასეთები წყვეტენ. ნიჭის გარეშე დიდი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მე მწვერვალებს ვგულისხმობ და არა უბრალოდ თამაშს.

მაგრამ ფეხბურთს მარტო ნიჭით ვერ ითამაშებ. აუცილებელია შრომა, მონდომება და მიზანსწრაფულობა. მათ გარეშე ნიჭი გაიფლანგება და ამის არაერთი მაგალითი გვქონია. ფეხბურთელისთვის პირველი უნარი მაინც ბრძოლისუნარიანობაა. ამის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მერე მოდის სათამაშო დისციპლინა, ადამიანი ცხოვრებაში და მოედანზე თუ მოუწესრიგებელია და თავის მოვალეობას არ ასრულებს, ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს. მერე კი ფიზიკური და ტაქტიკური განათლებაა საჭირო.

ამ ყველაფერთან ერთად, მე გუნდში დიდ ყურადღებას ფსიქოლოგიურ მომზადებას ვაქცევ. ადამიანის ტვინს ისე თუ მომართავ, როგორც საჭიროა, წინ ვერაფერი დაგიდგება.

დღეს ქართული ფეხბურთი ცუდ დღეშია, მაგრამ მაჩანჩალა საფეხბურთო ერი არ ვართ. იმისიც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება როკვა ქართული გენისა, როგორც გრიგოლ რობაქიძე ამბობდა. ამას ჩვენი ბიჭები ასაკობრივ ნაკრებებში ყოველდღიურად ამტკიცებენ. გაიზრდებიან და დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მიაღწევენ. ორჯერ ბოლო წლებში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. ასეთი სიხარული არველაძე-ქინქლაძის თაობასაც არ განუცდია. მათ რომ ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშათ, დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მიაღწევდნენ.

დღეს ფეხბურთის განვითარება დიდი ფულის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ფული არასწორად იხარჯება, ესაა უბედურება. მენეჯმენტი ყველას კი არ ესმის. აბრამოვიჩი "ჩელსიში" რომ მივიდა, პირველი რა გააკეთა? პიტერ კენიონი მიიყვანა, რომელმაც გუნდი დაალაგა. თორემ აბრამოვიჩმა ფეხბურთი კარგად არც იცის.

ჩვენი სტიქია, რომელზეც უარი ვთქვით
- ლორთქიფანიძე, დევდარიანი და ფოცხვერია ლაღი ფეხბურთის მიმდევრები არიან. საკუთარ თავს მათ თანამოაზრედ მივიჩნევ. თითოეული მათგანისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ. საქართველოში მათზე პროფესიონალები მაჩვენეთ და ხელებს ავწევ. აქაც იგივე ხდება, რაც ფეხბურთელებთან მიმართებაში - ჩვენებს, რატომღაც, უცოდინრებად თვლიან. ეს "მეორე ნომრის" სინდრომია, რომელიც მალე უნდა მოვიშოროთ. ჩვენ კარგი მწვრთნელები გვყავს და არ ვაფასებთ.

ფეხბურთში ყველას მოგვწონს შემტევი გუნდები და მოთამაშეები, შემთხვევით ვიღაცას ბურთი რომ მოხვდება და გაიტანს, ეს ფეხბურთი არაა. ბავშვობიდან იმიტომ მიყვარდა თბილისის "დინამო", ჰოლანდიის ნაკრები და "ბარსელონა", რომ მათი ლაღი თამაში სიამოვნებას მანიჭებდა.

ქართული გუნდები ყველაზე წარმატებულ პერიოდებში შემტევ სტილში თამაშობდნენ, ასე იყო ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, 13 მაისის თაობით დასრულებული. მართალია, ცხადაძე-არველაძე-ნემსაძე-ჯამარაულის თაობას წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.

ასეთი ფეხბურთის თამაშს გენეალოგიაც გვკარნახობს. ქართველებს გერმანელის ნებისყოფა და "ფიზიკა" არა გვაქვს, დაცვაში ჩამსხდრებმა ხანგრძლივ შეტევებს რომ გავუძლოთ. ჩვენი სტიქია შეტევაა.

ფეხბურთი მრავალფეროვანი თამაშია და ჩვენს პლუსზე - ფინტებზე, ტექნიკასა და მატაობის ნიჭზე თუ საკუთარი ნებით ვიტყვით უარს, მაშინ ქართული ფეხბურთისგან არაფერი დარჩება.

ქართველი ფეხბურთელების დიდ ნაწილს არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბდა, მაგრამ ჩვენ არ ვართ მეორეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყანა, უამრავი ტალანტი გვეზრდება. სანამ ჩვენ "მეორე ნომრობას" არ შევეშვებით და საკუთარ ძალებს არ ვირწმუნებთ, არაფერი გვეშველება.

შეუძლებელია, ფეხბურთში არ გაითვალისწინო ფოლკლორი, რაც ქართულ ხასიათს ასახავს. ჩვენი ხალხური ცეკვები აიღეთ - სულ შეტევაა. ეს დიდი და საინტერესო თემაა, რომელზე ფიქრის დროსაც წარსულს, ისტორიას და ჩვენი ხალხის ხასიათს ვაანალიზებ და ვითვალისწინებ. ვინც ამას არ აკეთებს, ძალიან ცდება.

Sportall.Ge

ფეხბურთი მეცნიერების დონეზეა
- ფეხბურთის განვითარებას მინიმუმ წელიწადში 100 მილიონი ლარი სჭირდება. ეს ფული ჩემს ხელში რომ იყოს, უპირველესად, სტადიონებს გავაკეთებდი, მაგრამ ბაზები ჰაერივით გვჭირდება. ამის გარეშე კლუბის განვითარება წარმოუდგენელია.

საგადასახადო შეღავათები რომ დაუწესდეს, ფეხბურთში მხოლოდ ფიფიას, რუხაძის, ხეჩიკაშვილისა და თოფურიას მსგავსი ხალხი კი არ იქნება, ბევრი ბიზნესმენი კომერციული ინტერესის გამო დაინტერესდება. შესაძლოა, ეს ეკონომიკის მდგომარეობის გამო არ კეთდება, მაგრამ გუნდებზე პირდაპირ ფულის ჩუქებას შეღავათები ნაღდად სჯობია. სულ არაფერს ისევ გუნდების დაფინანსება აჯობებს.

ცუდი მოედანი, ცუდ შეკრებას რომ გაივლის, ცუდი ეკიპირება ექნება და ნორმალური ბუცით ვერ ითამაშებს, საბოლოო ჯამში, ფეხბურთელი ვერ განვითარდება. მესმის, რომ ოდესღაც ფეხშიშველები ასფალტსა და ხრიოკ მინდორზე თამაშობდნენ, მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა და სხვა მოთხოვნებია. ძველი დროის მიდგომები ახლა ვერ გაჭრის.

ფეხბურთი აღარაა გართობა, ის არის პროფესიული ბიზნესიც, პოლიტიკაც და მეცნიერების დონეზეა აყვანილი. იმიტომ, რომ შესაძლოა, ფეხბურთი უდიდესი შემოსავლის წყარო გახდეს. წარმოგიდგენიათ, აქ უკვე ჩარეულები არიან ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიისა და მათემატიკის სპეციალისტები. ტაქტიკური მომზადებისა და ფეხბურთელების რაციონალური გადაადგილების მიზნით, სივრცის სწორად ასათვისებლად, ყურადღებას გეომეტრიის ელემენტებს აქცევენ.

მხოლოდ სულელები ფიქრობენ, რომ ფეხბურთი მარტივი სახეობა და მხოლოდ კუნთების შეჯიბრებაა. ახლა ის უკვე მეცნიერებაა, სადაც ლოგიკის, დიდი კვლევებისა და კაპიტალდაბანდების გარეშე ვერაფერს მივაღწევთ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მკვეხარა
qomage
22:54 03-08-2015
0
alex alfaidze
ღმერთმა იმედი და სიკეთე ნუ მოუშალოს სამტრედიელებს,მაგრამ გიზო,გუჯა,საშკა და სხვანი დაუწყებენ ყველაფრის გინებას ცეცაძეს,ალბათ "დასროჩნად" გაიქცეს ეს "მთაწმინდაზე ჯიგრულად აღზრდილი კაცი"...სამტრედიაში 200-300 კაცი ისეთია რომ სტადიონზე არ უნდა შეუშვა,რომლებიც ფეხბურთს კლავენ და ფეხბურთელებს მორალურად ანადგურებენ.

გუჯა კახაძე

ოქრო კაცი ხარ,შენი ვიდეოებიც ნანახი მაქვს,შანსი იმისა რომ რომელიმე უმაღლესი ან პირველი ლიგის კლუბში დაგიძახონ არის სამწუხაროდ ნულის ტოლი,ალბათ როგორც უკვე გირჩიეს,სჯობს რომელიმე მეორე ლიგის კლუბს მოსთხოვოთ უფასოდ ერთი წლით თქვენი აყვანა რომ დამტკიცდეს გრძელვადიან პრაქტიკაზე თუ რა რეზულტატი გაქვსთ.
წარმატებები !



jango
21:33 03-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული