3 ოქტომბერს სფფ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევნებია და, ცხადია, მანამდე ბევრ დაპირებას მოვისმენთ...
...მაგრამ რეალური დახმარების მოლოდინში არიან ის ადამიანები, რომლებიც ყრილობაზე დელეგატის უფლებით ისარგებლებენ. ვის რა პრობლემა აწუხებს და რას ელიან ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტისგან?
"ლელომ" ამ საკითხზე გამოკითხვა დაიწყო და პირველად იმ რეგიონით დავინტერესდით, სადაც ნიჭიერი ბავშვები სულ იზრდებოდნენ, მაგრამ ამჟამად ფეხბურთში მეტისმეტი გაჭირვებაა.
"ლელო" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ გია
"სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, ხმა ვის მივცე. ამის შესახებ რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები შეხვედრასა და დალაპარაკებას ვაპირებდით, იქნებ ერთიან აზრზე შევჯერდეთ და საერთო პოზიცია შევიმუშაოთ. ჯერ კი ვფიქრობ, ვინ იქნება ჩვენი ფეხბურთის მართვისთვის საუკეთესო კანდიდატურა", - ამბობს შარაბიძე.
რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმ კრიტერიუმზე ლაპარაკობს, რომელიც მის არჩევანს განაპირობებს:
"რეგიონებს რომ არაერთი სატკივარი გვაწუხებს, ეს ყველამ იცის. ამიტომ ჩვენი სადარდებელი თითოეულმა კანდიდატმა უნდა გაისიგრძეგანოს. ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი და ყველაზე დიდი პრობლემა. სასურველი იქნება, თუ ტურნირებზე რეგიონული ნაკრებების გამოყვანის უფლებას დაგვრთავენ.
ჩვენთან ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რეგიონში შემოსავლები არ არის და დაფინანსება არ გვყოფნის. ცოტაა ბავშვების რაიოდენობაც. იყო დრო, 4 წელიწადში 50 ათასი ლარი გვქონდა და ამით ფეხბურთისთვის როგორ უნდა მიგვეხედა? ახლა მდგომარეობა გამოსწორდა: გუნდს 80 ათასი ლარი ერიცხება, ამდენივე - საფეხბურთო სკოლას".
შარაბიძე რეგიონებში გუნდების გაძლიერების აუცილებლობაზეც ლაპარაკობს:
"თუ გუნდი არ იქნება, რაიონში ბავშვებს დაწინაურებისა და ზრდის რა სტიმული ექნებათ? ადრე პირველ ლიგაში გამოვდიოდით, ჩვენი ბიუჯეტი კი 31 ათასი ლარი იყო. სამწუხაროდ, ახლა ესეც აღარ არის და მხოლოდ რეგიონულ ლიგაში ვთამაშობთ.
ჩემი აზრით, 4 რაიონი პირველ ლიგაში მაინც უნდა თამაშობდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ამ მძიმე პირობებშიც კი უამრავი კარგი ფეხბურთელი გავზარდეთ - ბოლოს ეს იყო თბილისის "ლოკომოტივში" გადასული მამია გავაშელიშვილი, რომელმაც პირველ ლიგაში 46 გოლი გაიტანა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც აიყვანეს.
არანაკლებ ნიჭიერებიც მახსენდებიან, რომლებმაც კარიერა უსახსრობის გამო ვერ გააგრძელეს. მათ გასაქანი არ აქვთ და პერსპექტივას ვერ ხედავენ. მთელ რეგიონში 160 ბავშვი ვარჯიშობს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ვითარებაა ბევრ რეგიონში. ფეხბურთი კი კვლავ მასობრივი რომ გახდეს, ბევრად მეტი ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს.
ჩემი აზრით, ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოგვხედოს და ყველა რეგიონში უფასო საფეხბურთო სკოლა დააფუძნოს. ჩვენთან გადასახადები არ არის, მაგრამ ბავშვებს ბუცები, ბურთები და ფორმები უნდათ და ამის სახსრებიც არ არის. ამის გამო ფეხბურთს ბევრი ერიდება. ვინც ამ პრობლემას მოგვიგვარებს, მხარს სიამოვნებით დავუჭერ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"