დელეგატების რაოდენობა მცირეა
- ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დაიწყო. სფფ-მ თავისი კანდიდატი, რევაზ არველაძე წარმოადგინა. ამ ორგანიზაციის მოქმედი წესდებით, ყრილობაზე ხმის უფლებით 35 სუბიექტი სარგებლობს. ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ დავინტერესდი, სხვა ქვეყნებში რამდენია დელეგატთა რაოდენობა. დიდი ქვეყნებიდან მხოლოდ თურქეთის მაგალითს მოვიშველიებ, სადაც ყრილობაზე 219 დელეგატია.
მე უფრო ჩვენნაირი პატარა ქვეყნებით დავინტერესდი.
ნახეთ, სად რამდენი დელეგატი ჰყავთ:
ქვეყანა დელ
ალბანეთი 66
ბულგარეთი 493
ისლანდია 140
ირლანდია 60
ლატვია 100
ლიტვა 85
მალტა 110
მოლდოვა 188
მონტენეგრო 52
ნორვეგია 250
პოლონეთი 120
პორტუგალია 84
რუმინეთი 214
საბერძნეთი 200
სერბეთი 82
სლოვაკეთი 84
სომხეთი 70
შოტლანდია 85
უკრაინა 141
უნგრეთი 80
ფინეთი 100
ჩეხეთი 150
ხორვატია 52
ჰოლანდია 60
რატომ არ წერთ განცხადებას?
კვარაცხელიამ ფეხბურთის ფედერაციის წესდების დარღვევებზეც ილაპარაკა:- პარადოქსული ვითარებაა. ეროვნული ჩემპიონატის უკვე ორი ტური გაიმართა და უმაღლესი ლიგის 16 მონაწილიდან 7 კლუბი ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტი არ გახლავთ - "საბურთალო", ბათუმის "დინამო", "ჩიხურა", ქობულეთის "შუქურა", ლანჩხუთის "გურია", თბილისის "ლოკომოტივი" და თერჯოლის "საპოვნელა".
ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ სფფ-ის არაწევრმა "ჩიხურამ" და ბათუმის "დინამომ" ევროთასებზე იასპარეზეს!
შეუძლებელია, მსგავს ნონსენსს სხვა ქვეყანაში ვერ დამისახელებთ! მეორე მხრივ, ისიც საინტერესოა, სფფ-ის სუბიექტი თუ არ არის კლუბი, მის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ტურნირში როგორ თამაშობს?!.
...ის, რომ ჩვენთან მხოლოდ 35 დელეგატია, ბუნებრივია, სფფ-ის მმართველებს უწყობს ხელს, თუმცა ეს ფედერაციაზე მეტად ფეხბურთში მომუშავე ჩინოვნიკთა ბრალია: სფფ-ის წესდების მე-10 მუხლში წერია, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველმა სუბიექტმა შესაბამისი წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სფფ-ის გენერალურ სამდივნოს.
გამაგებინეთ, ვისაც ამის სურვილი აქვს, განცხადებას რატომ არ წერენ? პარლამენტის სპორტის კომისიის თავმჯდომარე თემურ ჩხაიძე რამდენიმე დღის წინათ ამბობდა - სირცხვილია, ლანჩხუთის "გურია" სფფ-ის წევრი რომ არ არისო.
კი მაგრამ, "გურიამ" განცხადება დაწერა და არ მიიღეს სფფ-ში?! ეს ისევ კლუბების პასიურობაზე მეტყველებს...
...მაისში ჩემ მიერ ამოწერილ მე-10 მუხლს ჰქონდა ამგვარი სახე - წევრები იყვნენ რუსთავის "ოლიმპი", ზუგდიდის "მგლები" და ცხინვალის "სპარტაკი". აგვისტოს დასაწყისში კი ცვლილებები აღმოვაჩინე - რუსთავის "ოლიმპის" ნაცვლად არის რუსთავის "მეტალურგი", ზუგდიდის "მგლების" ნაცვლად - ზუგდიდის "ზუგდიდი", ხოლო ცხინვალის "სპარტაკი" "ცხინვალმა" ჩაანაცვლა. გასაგებია, ცხინვალის გუნდს სახელი გადაერქვა, მაგრამ მისი საკითხიც ყრილობაზე უნდა განეხილათ, დანარჩენი ორის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა...
...ყრილობის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ყრილობაზე! მაგრამ წესდება მისი გვერდის ავლით შეცვალეს, რაც დიდი დარღვევაა!
როგორ შევცვალოთ ბალანსი?
მამუკა კვარაცხელიამ ყურადღება გაამახვილა იმ დეტალზე, რომელზეც ახლა არავინ ლაპარაკობს. არადა, შესაძლოა, ყრილობაზე ძალთა განლაგება შეცვალოს: - რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის წესდებას, მათ არჩევნებისთვის მზადება ერთი წლის წინათ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, ვინ რა როლს ასრულდება. მათ აქვთ კოზირი და კარგი კონტაქტები. ზოგიერთისგან განსხვავებით, ცოტა უკეთესი კითხვა ვიცი. წესდებაში ჩავიხედე და რამდენიმე პუნქტი ამოვწერე და აქვე წარმოგიდგენთ...
...სფფ-ის წესდების 27-ე მუხლის მე-2 პუნქტში ყრილობის დღის წესრიგში რიგითობაზეა ლაპარაკი. იქ ჯერ წერია წევრის მიღებისა და სტატუსის შეჩერების ან გარიცხვის პუნქტი, ხოლო გარკვეული ჩამონათვლის შემდეგ პუნქტი, რომ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი და აღმასკომის წევრები. მაშასადამე, ერთსა და იმავე ყრილობაზე, შესაძლებელია, ჯერ სფფ-ის ახალი სუბიექტი მიიღონ, რომელიც შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას! ეს იმიტომ, რომ სფფ-ის წესდების მე-11 მუხლში, ახალი წევრის მიღების, მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, პირდაპირ წერია: სფფ-ში მიღებისთანავე ამ სუბიექტს გააჩნია ყრილობაზე ხმის უფლება და მათი არჩევა უნდა მოხდეს სასწრაფო წესით.
არის თუ არა ასე? იურისპრუდენციაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ქართული გრამატიკით ასე არაა?! ანუ 3 ოქტომბერს სფფ-ის ყრილობაზე ახალი წევრი თუ მიიღეს, ხმის მიცემა მასაც შეეძლება...
...ამიტომ მივმართავ უმაღლესი ლიგის წევრობის არმქონე 7 კლუბს და პირველი ლიგის წარმომადგენლებს - მოითხოვეთ სფფ-ის წევრობა! მიმართეთ ფეხბურთის ფედერაციას, აღმასკომი ამ საკითხის განხილვას ყრილობას გადაულოცავს და თქვენ არა მხოლოდ ამ ყრილობაზე შეცვლით ძალთა განლაგებას, არამედ ქართულ ფეხბურთშიც ვითარებას რადიკალურად გამოასწორებთ. საამისოდ, ელემენტარულად, კლუბებს განცხადების დაწერა სჭირდებათ. სრულიად მარტივი პროცედურაა, თუმცა არ ვიცი, ამას რატომ არ აკეთებენ?
წალენჯიხის კლუბს შეუძლია, გახდეს ფეხბურთის ფედერაციის წევრი. ვისაც ეს სურს, მე დავეხმარები!..
აღმასკომს სფფ-ის წესდების მე-14 მუხლის (წევრობის შეჩერება) პირველი პუნქტი უფლებას აძლევს, რომ "ზესტაფონი" სფფ-ის წევრად აღადგინოს. რაც მისმა პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა, ნუთუ ეს კლუბი სუბიექტობას არ იმსახურებს?..
ფედერაციაზე დამოკიდებულები
სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება დელეგატების ნაწილის სფფ-ზე დამოკიდებულებაზეც გაამახვილა:- ამჟამად ხმის უფლება აქვს 34 წევრს. 35-ე სუბიექტს, "ზესტაფონს", წევრობა აღმასკომმა წლეულს შეუჩერა. პრეზიდენტს ამ 34-იდან უმრავლესობა აირჩევს, მაგრამ ამ წევრების დიდი ნაწილი ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებაზეა.
სულ 9 ორგანიზაციას ვგულისხმობ - ვეტერან ფეხბურთელთა კავშირს, საფეხბურთო პროფკავშირებს, მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტს, ფუტსალის ასოციაციას, ქალთა ფეხბურთის ფედერაციას, პლაჟის ფეხბურთის, ეზოს ფეხბურთის, ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა და საფეხბურთო სკოლების ასოციაციას...
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი არველაძის მხარდამჭერები არიან.
გარდა ამისა, რეგიონული ფედერაციები წარადგენენ სწორედ ისეთ დელეგატებს, რომლებიც ასევე ფედერაციაში არიან დასაქმებულები. მათ შორის არის გურიის მიერ წარდგენილი გოჩა ტყებუჩავა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელია და ფედერაციაში ხელფასს იღებს. ის მშვენიერი ადამიანი და პიროვნებაა, მაგრამ უკვე გასაგებია მისი პოზიცია.
ჩემთვის ცნობილია, რომ ასევე არველაძეს უჭერენ მხარს ქვემო ქართლის დელეგატი მერაბ თევზაძე, რაჭა კი გია გილიგაშვილის წარდგენას აპირებს და ისიც ანალოგიურ პოზიციაზეა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საარჩევნო კამპანია სამართლიანად არ მიმდინარეობს...
რეალურია ალტერნატიული ყრილობა?
კვარაცხელიამ რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესაძლებლობაც ახსენა:- ახლა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზეც ვილაპარაკებ. ფედერაციის წევრები უკმაყოფილონი თუ არიან, მათ რიგგარეშე ყრილობის მოწვევა მარტივად შეუძლიათ. სფფ-ის წესდების 28-ე მუხლით, ამის სურვილი დელეგატთა მეხუთედმა, ანუ შვიდმა წევრმა უნდა გამოთქვას.
რიგგარეშე ყრილობას სფფ-ის აღმასკომი თუ იწვევს, მაშინ დღის წესრიგს ისინი დაადგენენ. მაგრამ თუ სფფ-ის წევრთა მეხუთედი მოითხოვს, მაშინ დღის წესრიგში მათ მიერ წამოყენებული საკითხები შევა და ახალ სუბიექტებსაც სფფ-ის წევრად მიიღებენ, ოღონდ, ცხადია, ვინც ამას იმსახურებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
-არც ახალგაზრდა დინამოელებს ეტყობათ არავითარი პროგრესი.გუნდი არ დარბის!დადის!და ეს ფეხბურთელები,რომელთა დიდ ნაწილს ქართველი გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების მომავლად მოიაზრებდა!დაიღუპება ეს თაობა,თუ ასე არასწორად იქნა სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტებული!სამარცხვინოა,როცა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი მე3 ბუნდესლიგის გუბლებში გაუშვეს ფუნქციონალური მომზადებისთვის!