თვითმხილველის ნაამბობი: ოთხი ჯადოსნური ბგერა

AutoSharing Option
ფოტოზე: ხედი აივნიდან. მარცხნივ შოთა არველაძის პოსტერი

ევროპაში დასრულდა სატრანსფერო "სტამბოლის ბაზარი" და ვინ, თუ არა თურქულმა კლუბებმა, აგვისტოს მიწურულს გემრიელად ივაჭრეს. მარტო მ-ზე დაწყებული ფეხბურთელები რომ ჩამოვთვალოთ, ბოლო კვირაში ტოპ-ლიგებიდან სუპერლიგას მოაშურეს მარინმა ("ჩელსიდან" "ტრაბზონს"), მაკიადიმ ("ვერდერიდან" "რიზეს"), მარკოვიჩმა ("ლივერპულიდან" "ფენერბაჰჩეს") და მაკუნმა ("რენიდან" "ანტალიასფორს").

ერთია, ვინ გადმოვიდა რეალურად და მეორე - რას და ვისზე მიედ-მოედებოდნენ თურქული გაზეთები - ედმუნდო, ლედესმა, ჯონათან სორიანო, ბენდტნერი, სუნიგა - ეს მარტო იმ ორ გაზეთში, რასაც მე გადავავლე თვალი და მოგეხსენებათ, სხვა გაზეთის
რეპორტიორებს სხვა გემოვნება აქვთ. ისე კი, ნებისმიერი ყოველდღიური თურქული გამოცემა ფეხბურთს უფრო დიდ სივრცეს უთმობს, ვიდრე ნებისმიერი ქართული ყოველდღიური გაზეთი - ყველაფერს ერთად.

ტრანსფერების გამოა თუ მის გარეშე, თურქეთის ჩემპიონატი ჩახლართულად დაიწყო და "ტრაბზონი"-"ახისარის" შეხვედრის მე-80 წუთისთვის სტუმრები "ცოცხალი" ცხრილის ლიდერებიც კი იყვნენ და იქიდან სწორედ "ტრაბზონი" ჩამოაგდეს. შეხვედრას არც მანამდე და არც მერე დრამატურგია არ დაჰკლებია.

სტადიონზე ადგილი ვიპოვეთ თუ არა, მეზობლებმა გვკითხეს - ქართველები ხომ არ ხართო? როცა თავი დავუქნიეთ და თანხმობის ნიშნად შოთაც ვახსენეთ, ჯერ სათადარიგოთა სკამზე შოთა დაგვანახეს (ვითომ მარტო სახელი ვიცოდით და სახეზე ნანახი არასოდეს გვყავდა), მერე კი ჩემს 5 წლის გოგონას სტადიონის პირობებში ერთ წუთში რისი გაჩენაც შეიძლება, ყველაფერი გაუჩინეს - კანფეტი, საღეჭი რეზინი, წყალი, "ტრაბზონსფორის" დროშა და პერსონალური ადგილი. ეს ყველაფერი ოთხ ჯადოსნურ ბგერას მოჰყვა: შ-ო-თ-ა!

"ახისარი" ფრთხილი, აკურატული და ბულდოგივით მებრძოლი გუნდი გამოდგა. დაცვის ცენტრში უზარმაზარი დუგლაო იდგა და პირველ ტაიმში ტრაბზონელ ნდოიეს ერთხელაც არ მისცა კარისკენ სახით მდგომს ბურთის მიღების საშუალება. ნდოიემაც ტაიმის ბოლოს თამაშის ასეთი უხერხული წესები მიიღო და ცენტრისკენ ამოსულმა ზურგით ამჯერად ისე მიიღო ბურთი და ონურსაც ისე დაუგორა, ამ უკანასკნელს უზარმაზარი სივრცე დარჩა მანევრისთვის. მან მარცხნივ ზენგინი შენიშნა, თუმცა რა შენიშვნა უნდოდა, პირველ ტაიმში ყველაზე აქტიური ის იყო. ზენგინმა რობენივით ცენტრისკენ შეიწია და საშინელი ძალით დაარტყა - მეკარემ ბურთი უიღბლოდ მოიგერია და დამატებაზე პირველი ერდოღანი გაჩნდა - 1:0.

მეორე ტაიმში "ტრაბზონი" თითქოს თამაშის ტემპის თავის ნებაზე მართვას აპირებდა, თუმცა 55-ე წუთზე კონსტანტს, რომელიც არ არის ცნობილი, როგორც ნელი ფეხბურთელი, სისწრაფეში აჯობა წინა ცხოვრებაში "ნიუკასლში" ნათამაშებმა ლუალუამ. მან ქუსლით მშვენიერი პასი გაუკეთა თანაგუნდელს, რომელიც ელვისებურად და თან ელეგანტურად წამოეგო მბიას გრძელ ფეხს და... პენალტი. ანგარიში 1:1 გახდა.

ამის შემდეგ 15 წუთი სტუმართა კართან საშინელი "ცალკარა" ტრიალებდა. ჯერ მეკარემ გამოსვლისას კარი "დაკარგა", თუმცა სანამ ნდოიემ საჯარიმოში დარტყმისთვის შესაფერისი ადგილი შეარჩია, მანამდე მცველებმა ბურთი საჯარიმოდან გამოუგდეს. ორ წუთში "ტრაბზონს" პენალტი ჰქონდა, რომელიც ნდოიეს ჯერ მეკარემ მოუგერია, მერე კი თავდამსხმელმა კარს გადააცილა. კიდევ 2 წუთში კი კავანდას დაბალი პასის შემდეგ ზენგინმა ხარიხა კინაღამ ჩამოაგდო. ეს ყველაფერი მეჰმეთ ექიჩის გამოჩენას დაემთხვა, რომელიც მოედანზე "დიფერდანჟთან" ერთი თვის წინანდელი შეხვედრის შემდეგ არ გამოჩენილა და რომელსაც, ჩემი აზრით, სასარგებლო უნარების უფრო გრძელი ჩამონათვალი აქვს, ვიდრე მოედნიდან გასულ ონურს.

"ახისარმა" ამ ეგზისტენციალურ 15 წუთს გაუძლო და შედეგად ჯერ კუთხურით და მერე გოლით დაჯილდოვდა. ლუალუასგან განსხვავებით, თავით გოლის გამტანი როდალეგა პრემიერლიგიდან თურქეთში სულ თოთო გადმოსულია.

ამის შემდეგ შოთა არველაძეს ვა-ბანკიღა რჩებოდა. ჯერ საყრდენი ოქაის ნაცვლად მოედანზე კარდოსო შევიდა, ცოტა ხანში კი მცველ დემირის ადგილზე მბია ჩადგა, შემტევებს კი მარკო მარინი შეუერთდა, რომელიც შემოსვლისთანავე ისე ათამაშდა, თითქოს აქამდე დაბმული ჰყავდათ და ბურთს ახლოს არ აკარებდნენო. პრინციპში, "ჩელსიში" მისი ყოფნის პერიოდს თუ გადავხედავთ, ასეც იყო.

მიუხედავად იმისა, რომ "ახისარი" ერთი წამითაც არ არეულა, გუნდი იმდენად ახლოს ჩაჯდა საკუთარ კართან, რომ 85-ე წუთზე ექიჩმა კუთხურიდან უპრობლემოდ იპოვა საჯარიმოში მყოფი კონსტანტი, რომელმაც საწინააღმდეგო ძელისკენ ჩააწოდა, საიდანაც კარდოსომ გაბოროტებულმა, მაგრამ ზუსტად დაარტყა - 2:2.

რჩებოდა კიდევ 5 და ერთი ამდენი დამატებული წუთი. "ტრაბზონმა" კიდევ 5-ჯერ მაინც დაარტყა კარში, თუმცა - უკბილოდ.

სანაკრებო პაუზის წინ "ტრაბზონი" "ფენერბაჰჩესთან" ერთად ლიდერია, სექტემბრიდან კი გუნდს კიდევ ერთი ლეგიონერი დუგლასი შეუერთდება და ვნახოთ, წინ მთელი თავგადასავალია.

P.S. შაბათს თურქეთის ქვედა ლიგაში ალეკო ამისულაშვილმა გაიტანა და გაზეთების აზრით, ზოგი ფეხბურთელებს ციფრებით რომ აფასებს და ზოგი ვარსკვლავებით, "ქარშიაქას" შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ისე, ეს ლიგა ცალკე საინტერესო თემაა და გუნდების შემადგენლობებს თუ გადახედავთ, იქ კიდევ უფრო მივიწყებულ ფეხბურთელებს წააწყდებით, ვიდრე ლუმანა ლუალუაა.

გიორგი ჯანელიძე ტრაბზონიდან, სპეციალურად "ლელოსთვის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული