"საბურთალოს" "მიდტიულანდი" ერგო - ჭიაბრიშვილი წილისყრით კმაყოფილია

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს ნიონში ჭაბუკების ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა - ეს იმ გუნდებისთვის, რომლებიც უეფას ახალგაზრდული ტურნირის 1/8-ფინალში მოსახვედრად ჩემპიონების გზით იბრძოლებენ. პირველ რაუნდში 32 გუნდი ითამაშებს.

როგორც იცით, საქართველოს ტურნირზე "საბურთალო" წარმოადგენს. ქართული გუნდი წილისყრამ დანიურ "მიდტიულანდს" შეახვედრა. სულ რაღაც სამი წლის წინათ დაარსებული კლუბი ევროთასებზე პირველ შეხვედრას თბილისში, "მიხეილ მესხზე", 30 სექტემბერს ჩაატარებს, საპასუხო მატჩი კი დანიაში 21 ოქტომბერს გაიმართება.

"მიდტიულანდის" გარდა, "საბურთალოს" შესაძლო მეტოქეები იყვნენ: "შალკე" (გერმანია), "ზალცბურგი" (ავსტრია), "ზიმბრუ" (მოლდოვა), "აიაქსი" (ჰოლანდია), "პრშიბრამი" (ჩეხეთი) და "ჟელეზნიჩარი" (ბოსნია).

თუ "საბურთალო" დანიურ ბარიერს დასძლევს, მეორე ეტაპზე ბულგარული "ლიტექსისა" და პოლონური "ლეგიას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება (3/4 და 24/25 ნოემბერი).

მოდით, უფრო დაწვრილებით ვთქვათ ტურნირის ფორმატზე. გარდა პირველი ეტაპისა (იგივე - "ჩემპიონების გზა"), რომელშიც "საბურთალო" ერთვება, არის ეგრეთ წოდებული "ლიგის გზაც". ეს არის ჯგუფური ეტაპი, რომელშიც რეიტინგული კლუბები მონაწილეობენ. 32 გუნდი 8 ჯგუფშია გადანაწილებული. ამ 8 ჯგუფიდან პირველადგილოსნები ავტომატურად გადიან 1/8-ფინალში, ხოლო მეორეადგილოსნები დაელოდებიან იმ 8 გუნდს, რომელიც "ჩემპიონთა გზის" ორი ეტაპის შემდეგ გამოვლინდება. სწორედ ეს 16 გუნდი გამოავლენს იმ 8 გუნდს, რომელიც 1/8-ფინალში ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულებთან დაწყვილდება.

ამით იწყება პლეი-ოფის ეტაპი, რასაც მოჰყვება 1/4-ფინალი და ასე შემდეგ.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, "საბურთალო" პლეი-ოფის სტადიაზე (1/8-ფინალი) რომ მოხვდეს, 3 ეტაპი უნდა გაიაროს წარმატებით.

"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი წილისყრით კმაყოფილია:

"კარგია, რომ უფრო ძლიერი მეტოქე არ შეგვხვდა, არადა, ამის შესაძლებლობა იყო. ამ დროისთვის "მიდტიულანდზე" არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა მოვიძიებთ და გვეცოდინება... თავიდანვე ვიტყვი - ვალდებულნი ვართ, პირველი ეტაპი გადავლახოთ".

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ხორვატიის ნაკრებთან მატჩისთვის 5 საბურთალოელი მიიწვია: ბექა ქურდაძე, გიორგი ხარაიშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ფანცულაია და გურამ გოშთელიანი.

ვასილ მაისურაძემ კი 18-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 4 და 6 სექტემბერს ამხანაგურ მატჩებს ლატვიასთან გამართავს, "საბურთალოს" 7 ფეხბურთელი გამოიძახა: გიორგი ჩოჩიშვილი, ცოტნე ნადარაია, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი კოხრეიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული