კახა ჭუმბურიძე: აღმასკომმა თავი კვლავ შეირცხვინა!

AutoSharing Option
"საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, სფფ-ის წევრობის მსურველი კლუბებისთვის უარის თქმის მოტივი დასაბუთებული არ არის.

"ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა კიდევ ერთი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო. კლუბების სამართლიანი მოთხოვნა სფფ-ში გაწევრებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა. მათი პასუხი იყო ის, რომ საბუთები წესრიგში არ აქვთ და წევრობაზე უარი ამიტომაც ვუთხარითო.

მაშინ, ჩვენც და წევრობის სხვა მსურველებსაც დაგვისაბუთონ და გამოგვიგზავნონ წერილი, კონკრეტულად რა უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ თავადაც იციან, რომ ეს ტყუილია.

მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ
"საბურთალოს" ყველა დოკუმენტაცია 100 პროცენტით მოწესრიგებული აქვს და დროულად და წესების დაცვით მივაწოდეთ. თუ არა და, იქნებ, ის მაინც გვირჩიონ, რომელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში გავწევრდეთ?

თორემ აბსურდამდე მივდივართ - საწევრო გადასახადს ვიხდით, ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებებში რეგულარულად თამაშობენ, ევროპის ჭაბუკების ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ და ამ დროს, ფეხბურთის ფედერაციის წევრები არ ვართ", - გაკვირვებულია ჭუმბურიძე.

"საბურთალოს" გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ აღმასკომი შესაცვლელია:

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს აღმასკომი უუნაროა, რადგან გაუგებარ და აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებს. წესდებითაც და მათი ქმედებებიდან გამომდინარეც, მიმაჩნია, რომ ყრილობაზე აღმასკომში ახალი ხალხი უნდა ავირჩიოთ.

გაიხსენეთ, ხარაგაულის "ჩხერიმელას" დასჯა რომ სურდათ - სინამდვილეში, თბილისის "ლოკომოტივს" სწირავდნენ. რომ არა ჩვენი პროტესტი, დღეს დედაქალაქური კლუბი უმაღლესი ლიგაში არ იქნებოდა და უსამართლობა გაუვიდოდათ. ეს აღმასკომი მაშინაც შერცხვა და მერე საქმე საბოდიშოდ გაიხადა.

ასე რამდენჯერმე მოხდა. მაინც იმავეს აგრძელებენ და ამით ქართულ ფეხბურთს მძიმე და სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებენ.

აღმასკომის წევრების უმეტესობა 20-25 წელია არ შეცვლილა. ალბათ, მოვიდა დრო, მათი ადგილი უფრო კომპეტენტურმა და ქმედუნარიანმა ხალხმა დაიკავოს".

"საბურთალოს" გენერალური დირექტორი მადრიდში ყოფნისას "რეალის" ოფისში გამართულ შეხვედრებზე და მის მნიშვნელობაზეც გველაპარაკა:

"ბოლო დროს, ევროპულ კლუბებთან თანამშრომლობა გართულდა, რადგან ჩვენი ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაქრა და ნაკრებებისა და კლუბების წარმატებების გარეშე, მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ამიტომ, ევროპელებთან კავშირებს მეგობრების დახმარებით ვამყარებთ.

ასე იყო "რეალის" შემთხვევაში, ასე იყო ბელგიურ "გენტთან", კვიპროსულ აელ-თან, დიუსელდორფის "ფორტუნასთან", გერმანულ "რედ ბულთან" ურთიერთობებში...

სწორედ ამას ემსახურებოდა "რეალში" ჩემი ვიზიტიც. ამ კლუბში აკადემიის ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელის, გიორგი ჭელიძისა და მცველ ჯიმი ტაბიძის სტაჟირებაზე გაშვება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სანამ იკნება არველადზე არაპერი არ იკნება
უკეტესებო. ეს პირივნება არა აპირებს ტასვლას.
მაჰსოვს კარტველების ზეიმი 1964 ტასკენტი და
1978 ტსელი. ჰმერტი გაგვაჰარებს
george
14:14 21-09-2015
0
რა მამაძაღლობაა! რაებს კადრულობენ?!ვის ხელშია ქართული ფეხბურთი?! მთლიანად შესაცვლელია ფეხბურთის ფედერაციის დამყაყებული კასტა. არავის არააქვს უფლებას, იცხოვროს უზრუნველად ქართული ფეხბურთის დასამარების ხარჯზე, უნდა ეყოთ აადამიანობა და ახლა სხვებს მისცენ საშუალება იქნებ უკეთ მიხედონ მათივე გაფუჭებულ საქმეებს.
!!!!
15:41 16-09-2015
0

სიახლეები პოპულარული