კულუარული ინფორმაცია: სფფ-ში ზოგიერთი "შატალოებში" 5000 ლარსაც კი იღებდა

AutoSharing Option
წლების განმავლობაში სფფ-ის ბიუჯეტი ხელმიუწვდომელი იყო. მიუხედავად პრეზიდენტობის კანდიდატების მოთხოვნებისა, ფედერაცია ამ ციფრების გასაჯაროებაზე უარს ამბობდა.

არადა, საარჩევნო პროცესში ეს ყველგან მიღებული წესია - ბიუჯეტის გასაიდუმლოება ცუდ ტონად ითვლება...

ფეხბურთის ფედერაციაში არსებული ვალების შესახებ ინფორმაცია 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გახდა ცნობილი.

20 ოქტომბერს ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე თქვეს: ზვიად სიჭინავა აჭარბებდა შეფასებაში, თითქოს ორგანიზაციას წარმატებით მართავდა და რომ მის უწყებას არანაირი ვალი არ ჰქონდა, მაგრამ...

მოდით, განვმარტოთ, რისთვის დასჭირდა სფფ-ს "ვითიბი ბანკიდან" კრედიტის გამოტანა: ეს კრედიტი 2014 წლის
დეკემბერში კლუბების ფინანსურ დახმარებას მოხმარდა. უმაღლესი ლიგის 16-ვე მონაწილეს 200-200 ათასი ლარი დაურიცხეს, პირველლიგელებს კი - 50-50 ათასი. ანუ ფედერაციამ სულ საამისოდ 4,2 მილიონი გამოჰყო.

მეორე კრედიტი ფეხბურთის ფედერაციას წლეულს დასჭირდა, უეფადან კი 2016 წელს ასაღები თანხა ნაადრევად გამოითხოვა და დღეისთვის, ხსენებული ბანკისა და უეფასი 6 მილიონი ლარი მართებს.

მაგრამ ეს ვალები უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრები მოხვდა ფინანსურად ხელსაყრელ ჯგუფში. ამაზე ლაპარაკს კი ერიდებიან: მარტო გერმანიის ნაკრებთან თბილისური მატჩის ტელეტრანსლაციის უფლების გაყიდვით ფედერაციის სალარო 3 მილიონი ევროთი უნდა შევსებულიყო. აღარაფერს ვამბობთ შოტლანდიასა და პოლონეთთან რეპორტაჟებისთვის ასაღებ თანხაზე, რაც, მინიმუმ, 350 ათასი ევრო მაინც იქნება (ირლანდიას 2014 წელს ვუმასპინძლეთ და ამას არ ვთვლით).

ნებისმიერ სატელევიზიო აგენტს ჰკითხეთ და დაგიდასტურებთ - ტარიფი ასეთია და ვინ რა გააფორმა, ეს სხვა საქმეა. ეს კი, სულ მცირე, 7.7 მილიონი ლარია.

ამას ემატება სახელმწიფოს ყოველწლიური დახმარება, რაც 2015 წელსაც 7 მილიონი ლარი იყო და სამინისტრომ ეს თანხა წლეულსაც დაურიცხა. ანუ ეს შემოსავალი დაუმატეთ და სფფ-ის ბიუჯეტი, მარტო ამის ხარჯზე, მინიმუმ 14.5 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.

რა თქმა უნდა, ამის გარდა, არის სხვა შემოსავლებიც. მაგალითად, სფფ გენერალური სპონსორის, კომპანია "სოკარისგან" ყოველწლიურად მილიონ დოლარს იღებს. ამას გარდა, ცალკე, ევროშესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მონაწილეობისთვის, 2016 წელს უეფადან სოლიდური თანხა უნდა წამოვიდეს.

ცხადია, ვალები დასაშვებია, მაგრამ ამდენი? მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ სფფ-ის ეს ვალები იმის ბრალიცაა, რომ ფედერაციაში 300 კაცი მუშაობდა. ეს იმდენად გაბერილი შტატია, სოლიდური კომპანიაც რომ მოერიდებოდა...

ვინ რას აკეთებდა, არ ვიცითო - ეს კობიაშვილის სიტყვებია. სფფ-ის ახალი თავკაცი ამბობს, ფედერაციაში ბევრი თანამშრომელი არ დადიოდაო. კულუარულად კი მივიღეთ ინფორმაცია, რომ ზოგიერთი 5 ათას ლარსაც იღებდა მუდმივ "შატალოებში", ხოლო ვინც მართლა დღეს და ღამეს ასწორებდა, ბევრი მათგანი 1500 ლარს ვერ სცდებოდა.

იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფრის მიღმა პოლიტიკური გავლენებით დასაქმებული გოგო-ბიჭები დგანან, რომელთაგან ბევრი განცხადების დაწერას არც ფიქრობს. და ეს იმ დროს, როცა რევაზ არველაძის მომხრე რამდენიმე პროფესიონალმა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სფფ საკუთარი სურვილით დატოვა.

ფედერაცია ვალებშია იმ დროს, როცა 1-ელ სექტემბერს, თანამდებობიდან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე (ანუ, როცა სიჭინავამ იცოდა, რომ პრეზიდენტი აღარ იქნებოდა), ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ორწლიანი ვადით გააფორმა 500 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის გაშუქება არ ყოფილა.

ესეც ქართული "ნოუ ჰაუა", რადგან ყველა ქვეყანაში ტელევიზია იქით უხდის ფულს ფედერაციას, რეპორტაჟების უფლება რომ მოიპოვოს.

...ამ ყველაფრის გამო საქართველოს ნაკრების მიერ შესარჩევი ციკლისთვის უეფადან 2016 წელს მისაღები თანხა უმაღლესი ლიგის კლუბების ვალის დაფარვას მოხმარდა და არა ინფრასტრუქტურას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონი" ჩემპიონატს და რა კავშირშია "ბაიას" ბაზა სფფ-სთან?
მკითხველის კომენტარები / 11 /
რას აპირებთ???? არ უნდა გამოიძიოს პროკურატურამ??? თუ უნდა შერჩეთ და თქვენც ესე გააგრძელოთ????
დათო
15:40 22-10-2015
0
თუ ეს საქმეები პროკურატურამ არ გამოიძია და დამნაშავეები სამაგალითოდ (აუცილებლად ციხით და არა მოპარული თანხის უკან მიტანით) არ დაისაჯნენ ვერაფერი დამაჯერებს რომ კობიაშვილი რამეს თუნდაც სულ მცირედს წინ წასწევს.
dadu
16:38 22-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული