ნიკა ჯღარკავა: კატასტროფაა, როცა ფეხბურთში ბავშვების რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა

AutoSharing Option
ნიკა ჯღარკავა
დაიბადა 1983 წლის 26 მაისს, თბილისში
საკლუბო კარიერა
1999-2000 დინამო 2 თბ
1999-2000 თბილისი 2
2000 თბილისი
2001-02 "ბოხუმი II"
სანაკრებო კარიერა
1998-99 U16
2000-01 U19
სამსახურებრივი კარიერა
2006-11 დინამო-არენის დირექტორის თანაშემწე, ადმინისტრაციის უფროსი, ღონისძიებების მენეჯერი
2011-15 დინამო-არენის დირექტორი
2015 თბილისის დინამოს დირექტორი
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 2 შვილი
განათლება: უმაღლესი (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, GIPA-ს მენეჯმენტის ფაკულტეტი)
2015 წელს წარმატებით დაამთავრა უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი.

22 ნოემბერს გამართულ აღმასკომის სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ
ჯღარკავა
და კახა ჭუმბურიძე აირჩიეს. მანამდე ჯღარკავა თბილისის "დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ, ჭუმბურიძე კი - "საბურთალოს" გენერალური დირექტორი. რა მიმართულებებს ჩაიბარებენ სფფ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტები, რა გეგმებითა და წარსულით მოდიან?..

ბევრისთვის უცნობია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კანდიდატი ნიკა ჯღარკავა იყო "ბოხუმის" დუბლების ფეხბურთელი და 2003 წელს გელზენკირხენის "შალკეს" დუბლშემადგენლობაში სინჯებზე მიიწვიეს. სწორედ იმ დროს, როცა ამ კლუბში სფფ-ის დღევანდელი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩაირიცხა...

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ "შალკეში" ჯღარკავას წაყვანა "თბილისის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლუის ცაკარიასის ინიციატივა გახლდათ, რომელიც გერმანულ კლუბს სელექციაში ეხმარებოდა. როგორც ვიცით, კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კარიერა ტრავმის გამო ვერ გააგრძელა. არადა, "შალკეს" დუბლებში გერმანიის ნაკრების მომავალი წევრის, კრისტიან პანდერის გვერდით თამაშობდა...

კარიერის დასრულების შემდეგ ჯღარკავა "დინამო არენაზე" საქმიანობდა და თავი გამოავლინა როგორც პუნქტუალურმა და საქმისთვის თავდადებულმა ჩინოსანმა, რომელსაც რეკონსტრუქციისას სტადიონზე ღამის 2 საათზეც კი ნახავდით.

საინტერესო დეტალია, რომ 2015 წელს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსში ქართველებიდან საუკეთესო შედეგი მხოლოდ ორს ჰქონდა - ჯღარკავასა და საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს...

რაც მთავარია, ნიკა ჯღარკავას იცნობენ, როგორც პატიოსან და კეთილსინდისიერ პიროვნებას, რაც ჩვენს დროში ძალიან ფასობს.

- ზოგადად ცნობილია, კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებთ, მაგრამ ბევრი რამ მაინც დასაკონკრეტებელია...
- ჩემს სფეროში შედის კლუბების ლიცენზირება, პროექტებისა და ასოციაციების მართვა, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, სპორტული სამართლიანობის დეპარტამენტი... ეს უკანასკნელი ჩაწყობილი თამაშების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა.

- ჩაწყობილი თამაშების წინააღმდეგ ბრძოლა გასაგებია, მაგრამ ცალკე დეპარტამენტის შექმნა რამ განაპირობა?
- სპორტული სამართლიანობის დეპარტამენტის ჩამოყალიბება უეფას რეკომენდაციაა. მე თუ მკითხავთ, ეს დაგვიანებულიც იყო. ამ კუთხით, სამუშაო ძალიან ბევრია.

- სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზეც ვილაპარაკოთ...
- ამაში შედის მედია, "პიარი", მარკეტინგი, სპონსორებთან ურთიერთობა... ჩვენთან მსგავსი სტრუქტურა არა ზოგადად ფეხბურთის, არამედ სფფ-ის მმართველთა ინტერესებს ემსახურებოდა.

"პიარი" სჭირდება ფეხბურთს და ეს ამ ქვეყანაში არ ხდება. პირიქით, ფეხბურთი დისკრედიტირებულია, მის მიმართ ინტერესი დაკარგა ბავშვმაც, გულშემატკივარმაც და სპონსორმაც. ხალხს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ აქ მუდამ ნეგატიური ამბები ხდება. სხვაგვარად, მას არც ბავშვი გაეკარება და არც - სპონსორი.

კატასტროფის გარდა, რა უნდა ეწოდოს ვითარებას, როცა ფეხბურთში ბავშვების რაოდენობა 12 ათასამდე შემცირდა?! ისიც კატასტროფაა, როცა ეროვნულ ჩემპიონატს სრულფასოვნად არც ერთი ტელეკომპანია არ აშუქებს. არადა, ადრე ამას ერთდროულად რამდენიმე არხი აკეთებდა - "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მზე", "რუსთავი 2"... გადაცემები იყო "აჭარის ტელევიზიაში", "იმედზე", "სილქნეტზე"... ახლა ამაზე თავს ყველა იკავებს.

აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება აუცილებელია. ვგულისხმობ არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას, სოციალურ ქსელებს... ანუ, ყველაფერ იმას, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეცნობა.

- პროექტებისა და ასოციაციების მართვა საკმაოდ ფართო ცნებაა და იქნებ ესეც დაგვიკონკრეტოთ...
- არის პროექტები, რომლებიც ცალკე მართვას მოითხოვს. მაგალითად, 2017 წელს საქართველო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტია, აუცილებელი იქნება სახელმწიფოსთან კოორდინაცია და მისი ცალკე მართვა.

რაც შეეხება ასოციაციებს, სფფ-ში ბევრი ასეთი სუბიექტია გაერთიანებული. მათთან მუშაობა გასააქტიურებელია. უნდა გავერკვეთ, რომელ მათგანს რა პრობლემა აქვს, რაში სჭირდებათ დახმარება თუ ხელშეწყობა... რა დასამალია და, ზოგიერთი უმოქმედოა ან წესდებაა გადასახედი... თუ ფეხბურთის ფედერაციის შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, არ არის გამორიცხული, მათი გარიცხვის საკითხიც დადგეს.

როგორც უეფა აძლევს ეროვნულ ასოციაციებს შენიშვნებს და ის უნდა გავითვალისწინოთ, ასევეა ადგილობრივ დონეზეც - ამ შემთხვევაში, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ასოცირებულ წევრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აძლევს.

- მაგალითად, რომელ ასოციაციაშია პრობლემა?
- ამაზე აღმასკომზეც ვილაპარაკეთ. ფუტსალის ასოციაციამ წლევანდელი ჩემპიონატი ვერ გააგრძელა. გასარკვევია, რა აფერხებთ. ზოგადად, რად გვინდა ორგანიზაცია, რომელიც ვერაფერს აკეთებს? ის ან სფფ-ის რიგებიდან უნდა გაირიცხოს, ან მის მართვაში ცვლილებები მოხდეს და იმუშაოს.

- ცნობილია, რომ თბილისის "დინამოს" დირექტორის პოსტი დატოვეთ...
- ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი სამუშაო დღე სამშაბათი იქნება. ჩათვალეთ, რომ ამ დღეს კლუბში აღარ ვიქნები. თბილისის "დინამომ" ბევრი მომცა, მისი მადლიერი ვიქნები მუდამ, მაგრამ ფედერაციასა და კლუბში ერთად მუშაობა გამორიცხული იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთი მდიდრების სპორტად გადაიქცა , არაქვს ყვწელას ფული რომ ატარონ ბავშვები ფეხბურთზე. უფასო უნდა იყოს ბავშვების ვარჯიში. მწვრთნელებს ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურონ ხელფას. კლუბების დაფინანსებას ეგ ბევრად სჯობს.. რაც მეტი ბავშვი დაკავდება სპორტით მით უკეთესი.. სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც.
Davit
11:41 25-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული