როცა გული გულობს: ნახეთ სტადიონი... ვარკეთილის გაუქმებულ ნაგავსაყრელზე!

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი გოგიჩაიშვილი და მისი გუნდი
8 დეკემბრის "ლელოში" თბილისში სტადიონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვწერდით, რომ გასხვისებული თუ გასაყიდად გამზადებული სტადიონების რაოდენობამ კატასტროფულ რაოდენობას მიაღწია...

"ლელო" ამ პრობლემას ხშირად ეხმიანებოდა. ამჯერად, თემა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ წამოწია და შემორჩენილი სტადიონების აღრიცხვა და მათი ხელშეუხებლობის გარანტია მოითხოვა. მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში, თბილისში, 20-ზე მეტი სტადიონი და საფეხბურთო სკოლის ტერიტორია ლამის ყველა უბანში განადგურდა ან გასხვისდა. ამას გარდა, უკვე გაყიდულია ან დასანგრევადაა გამზადებული საფეხბურთო ცენტრები დიდუბეში,
მუხიანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, ლოტკინზე, დიღმის მასივში, საავიაციო ქარხნისა და ეგრეთ წოდებულ "ზეემკას" დასახლებებში.

მოკლედ, თბილისში უბანი არ დარჩა, სადაც მშენებლობებს მცირე ზომის მოედანი მაინც არ შეეწირა. ასეთი კატასტროფული ტენდენცია ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელი ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ამ ყველაფერის ფონზე, ისეთი ამბავი უნდა გითხრათ, რაც მაგალითად გამოდგება - დიდი სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, საფეხბურთო ცენტრის შექმნა... თვით ნაგავსაყრელზეც კი შეიძლება...

არ გჯერათ? აგერ...

საფეხბურთო სკოლა "გრანდი" თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტია. მისი გუნდი გამოდიოდა ასაკობრივ ტურნირებსა და საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატში. "გრანდს" ახალგაზრდა კაცი, 23 წლის გიორგი გოგიჩაშვილი ხელმძღვანელობს. ის სკოლის დაარსების საინტერესო ისტორიას გვიყვება.

"სახალხოდ გამოჩენა და ინტერვიუების მიცემა არასოდეს მდომებია. მაგრამ სტადიონების თემაზე მამუკა კვარაცხელიას მიერ მოწყობილი პრესკონფერენციის შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, რომ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს და იქნებ დაგვეხმაროს.

ვარკეთილი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია და, შესაბამისად, აქ ფეხბურთელების აღმოჩენის დიდი შანსიც არის. მაგრამ ამხელა რაიონში ერთი ნორმალური სტადიონი არ იყო. იმის მაგივრად, რომ ახალი სპორტული ობიექტები ავაშენოთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, პირიქით, რაც არის, იმასაც ვანგრევთ", - ამბობს გოგიჩაშვილი.

მისი თქმით, ამ პრობლემას საკუთარი სახსრებით შეეჭიდა:

"ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, ეგრეთ წოდებულ, "ჩინელების დასახლებაში" ადრე სტადიონი იყო. მაგრამ მერე გადაუარეს, გააპარტახეს და ნაგავსაყრელადაც იყენებდნენ. კიდევ კარგი, თბილისის ცენტრალური სანაგვე ქალაქგარეთ გაიტანეს და ტერიტორია გათავისუფლდა. ვფიქრობდი, იმხელა ფართია თავის ტრიბუნებიანად, რამდენიმე სტანდარტული სტადიონი ჩაიდგმება-მეთქი.

თბილისის მერიაში ვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ტერიტორია მის ბალანსზე იყო. სტადიონის მოწყობაზე თანხმობა მივიღეთ და საქმეს შევუდექით. დიდი ფული არ გვქონდა, სამაგიეროდ, გვქონდა სტადიონის მოწყობის დიდი სურვილი. მოვინდომეთ. მოვიყვანეთ ტრაქტორები, მიწა დავყარეთ, მოვასწორეთ... კიდევ ათასი რამ გავაკეთეთ და სტადიონად გადავაკეთეთ.

ეს ყველაფერი ჩემი სახსრებით გავაკეთე, თავადვე ვმუშაობდი "ლაფატკითა" და თოხით, თანაც - ყოველდღე. მერე მანქანების დასაყენებლად იყენებდნენ და ქვებით შემოვღობე, დროშები დავკიდე და აქაურობა ფეხბურთისთვის გავაცოცხლეთ".

ახლა ამ ენთუზიასტი კაცის ინიციატივით მოწყობილ სტადიონზე მის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო სკოლის ბავშვები ვარჯიშობენ:

"მანამდე, აქ ფეხბურთს არავინ თამაშობდა. ახლა კი ყოველდღე ამ სტადიონზე ვარჯიშობენ და თამაშობენ ჩემ მიერ დაფუძნებული საფეხბურთო სკოლა "გრანდის" ასაკობრივი გუნდები, პლუს, სხვა გუნდებსაც ვუშვებ ხოლმე და უბანიც ერთობა. მოედანი სულ დატვირთულია და სავსეა ხალხით. იმდენი მოვახერხეთ, რომ ტურნირებისა და თამაშების ჩატარების უფლებაც დაგვრთეს.

20 დეკემბერს 4 წელი შესრულდება, რაც ეს სკოლა ყოველგვარი დახმარებისა და თანადგომის გარეშე მარტომ ჩამოვაყალიბე. მაშინ 19 წლის ვიყავი. ახლახან ვკითხულობდი, რომ ერთ-ერთ ცნობილ საფეხბურთო სკოლაში სულ 200 ბავშვი ვარჯიშობდა. ამ დროს, ჩვენს უფულო სკოლაში უკვე 100-მდე ბავშვი ვარჯიშობს. ხალხი ისეთი კმაყოფილია, მოდიან და მადლობას მიხდიან. ამაზე მეტი ბედნიერება წარმოუდგენელია.

ბავშვები მხოლოდ 30 ლარს იხდიან და თავადაც იცით, რომ ეს თბილისში ყველაზე დაბალი გადასახადია. ამით ვყიდულობთ ბურთებს, ფორმებს, სტადიონის მოვლას ვახმართ და თამაშებზე დავდივართ".

გოგიჩაშვილს სტადიონის ტერიტორიაზე სტანდარტული მოედნის მოწყობაც სურს:

"აქ იმხელა ტერიტორიაა, კარგი საფეხბურთო კომპლექსის აშენებაც შესაძლებელია. სამი სტანდარტული სტადიონისა და ტრიბუნების ჩასადგმელად, გასახდელებისა და სხვა საჭირო სათავსოების მოსაწყობად ადგილი საკმარისია. რეალურია, რომ მცირე დანახარჯის შედეგად, აქ მეორე ლიგის თამაშები მაინც ჩატარდეს და თბილისს ერთი ძლიერი საფეხბურთო ცენტრი შეემატოს. სხვათა შორის, ნიადაგიც ნოყიერია და ბალახი თავისით ამოდის.

გაჩერებას არ ვაპირებ და მსურს, ადრე თუ გვიან აქ კარგი სტადიონი ავაშენო. მოედნის სტანდარტამდე გადიდებას სამომავლოდ ვგეგმავ. მაგრამ დახმარების გარეშე ვეღარაფერს გავხდები, ეს ყველაფერი კი დიდ ხარჯს უკავშირდება. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს სტადიონი ჩემი იყოს. ვისაც უნდა, გააკეთოს, ამ უბანს ხომ კეთილმოწყობილი საფეხბურთო ცენტრი ჰაერივით ესაჭიროება. მე აღარც ძალა მყოფნის და, რაც მთავარია, არც ფინანსები. ამიტომ, მოედანი ისეთ ზომაზე მოვაწყვე, გუნდებმა 9X9-ზე მაინც რომ ითამაშონ.

ნეტავ, იმდენი ფული მქონდეს, არავის არაფერს ვთხოვდი, მაგრამ 23 წლის ვარ და მუშაობით უკვე წელში გავწყდი. იქნებ, ჩვენი რაიონის გამგეობა, ფეხბურთის ფედერაცია ან ვინმე დაინტერესდეს. და თუ ვინმე დამეხმარება, ვარკეთილის მოსახლეობა მადლიერი დარჩება და ქართული ფეხბურთისთვისაც დიდი საქმე გაკეთდება. დღემდე არავინ დაინტერესებულა და ისეთიც ვერავინ ვნახე, ფული რომ ჩადოს".

* * *
...წლების წინათ, გელზენკირხენში შახტები დახურეს. ტერიტორია გერმანელებმა მათთვის დამახასიათებელი გემოვნებით აითვისეს და ულამაზესი პარკი მოაწყვეს.

რაღა შორს წავიდეთ, გლდანის სკოლა-ინტერნატის სტადიონი 80-იანი წლების შემდეგ უფუნქციოდ იყო დარჩენილი, მოედანი კი ჭაობად იყო ქცეული. მაგრამ თბილისის "ამერის" ხელმძღვანელობამ სტადიონი იჯარით აიღო, მოაწყო და გლდანში როგორი საფეხბურთო ბუმიც დაიწყო, კარგად გემახსოვრებათ - "ამერის" თამაშებისას ტრიბუნაზე ტევა არ იყო...

ვიღაც იტყვის - რა უნდა 1000-ადგილიანი ტრიბუნის შევსებასო? მაგრამ, აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ყველა უბანში ასეთი გუნდი და დასწრება რომ იყოს...

დავფიქრდეთ ამაზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ სტატიიდან ჩანს,რომ საქართველოში ფეხბურთი ცოცხალია.აქედან ისიც ჩანს,რომ ქართველ კაცს ფეხბურთი ისე უბრალოთ არ უყვარს,ეს სიყვარული ჩვენში ძალიან ზეამაღლებულია და თქვენ ქართული ფეხბურთის დღევანდელო "მამებო" დროა ბავშვთა ფეხბურთს სერიოზულად მიხედოთ ამ ბავშვებს,რომ შეხედავ (და უამრავ ასეთ ანგელოზს)როგორ შეიძლება ქართულ ფეხბურთზე ხელი ჩაიქნიო.
sake
10:30 14-12-2015
0
ჩემი აზრით ეს ადამიანი გმირია და აუცილებლად უნდა დაუფასდეს შრომა.30 ლარი აღარსად მართლა აღარაა გადასახადი,პირიქით გააძვირეს და მაგალითად 35 ე სკოლაში 80 ლარი გახადეს ,თან ხარისხი ძაან დაბალია მოედნებისაც და მწვრთნელებისაც,განათებაც არ უვარგათ და ერთ მოედანზე რამდენიმე გუნდი ვარჯიშობს ერთდროულად.ფაქტია რომ ჯიბეებს ისქელებენ ესეთი სკოლების დირექტორები და ბავშვები სულ ფეხებზე ჰკიდიათ.ღმერთმა ამრავლოს ამ ახალგაზრდა კაცისნაირი ადამიანები ქართულ ფეხბურთში.ფედერაციამ კიდე ცოტა გამოიბერტყოს ყურები და რამე გააკეთოს თორე დაიქცა ფეხბურთი.რამე ნაბიჯი გადადგით ნუ ხართ გაშტერებულები.
zviad
12:15 13-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული