სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს

AutoSharing Option
წლების წინათ, ჩინეთის 24-მილიონიანი ქალაქი შანხაი მსოფლიოს ერთ-ერთი დაბინძურებული ადგილი იყო, მაგრამ განაშენიანების გეგმის დამტკიცების შედეგად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ მეგაპოლისად იქცა. ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ მშენებლები დაავალდებულეს, კორპუსებთან ერთად მოეწყოთ მარტივი ტიპის მოედნები, ხელოვნური ტბა და რეკრეაციული ზონა...

საქართველოში ასეთი გონივრული მიდგომა სანატრელია. ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინეს, რომ მალე ორიოდე სტადიონი თუ დარჩება.

ჯიქიაზე სპორტკომპლექსი "ოლიმპი" ესტონურმა კომპანიამ შეიძინა, ახლა მას ანგრევს
და კორპუსების აშენებას აპირებს. გუშინ, 16 დეკემბერს, "ოლიმპზე" საპროტესტო აქცია გაიმართა. სტადიონის გაყიდვა და კორპუსების მშენებლობა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, ბავშვებმა კი ესტონურად გამოსახეს სიტყვა - HABI, ანუ - სირცხვილია!

საინტერესო დეტალია: "ოლიმპის" შესყიდვა რუსეთში მცირე ხნის წინათ გარდაცვლილ დეპუტატს, ამირან გიორგაძეს სურდა და ესტონელებთან მოლაპარაკებებიც დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა. როგორც ამბობენ, კომპანიის წარმომადგენლები თავადაც ცდილობდნენ, სტადიონები ფედერაციისთვის გადაეცათ, მიეყიდათ ან სანაცვლოდ ალტერნატიული ადგილი მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ათასი ტერიტორია გასხვისდა და კიდევ უამრავია უპატრონოდ მიტოვებული, მათი წინადადება ყურად არ იღეს.

ადრე მშენებლებს ჰქონდათ მკაცრი გაფრთხილება, რომ სტადიონებს არ შეხებოდნენ. საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" შეკრებილმა საზოგადოებამ კი შეიტყო, რომ მოედნების ადგილზე სახლების მშენებლობის დაწყების ნებართვა მერიაში ახლახან გაიცა.

ყველაფერი მარტივი არჩევანით კეთდება - როგორც ამტკიცებენ, ჯიქიაზე სახლების მშენებლობებიდან ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი შევიდა, დარჩენილი ტერიტორიის ბოლომდე ათვისების შემთხვევაში კი ეს თანხა გაორმაგდება და, აბა, ვის რა ჯანდაბად უნდა სტადიონი?

Sportall.Ge

სანდრო ბაზაძე, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ფარიკაობაში:

"მე ფეხბურთის და ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი ვარ და აქციას ამიტომაც შევუერთდი. ასეთი მშვენიერი სპორტული კომპლექსის დანგრევა დანაშაულია.

იურიდიულად რაც უნდა მოწესრიგებული ჰქონდეთ საბუთები, სპორტული ობიექტების ადგილზე სახლების მშენებლობა დაუშვებელია. პირიქით, ააშენონ და დაეხმარონ ქართულ ფეხბურთს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება".

გუბაზ დოლიძე, საფეხბურთო სკოლა "იბერია 2000"-ის დამფუძნებელი:

"გვესმის, რომ ეს კერძო საკუთრებაა, მაგრამ თვე-ნახევრის წინათ პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ილაპარაკეს, რომ სპორტული ობიექტები გადაგვერჩინა. ამ სხდომას ესწრებოდნენ თავად პარლამენტარები, ცნობილი ვეტერანები, ასევე, ლევან კობიაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი. სწორედ "ოლიმპის" მსგავს ვითარებაში ჩავარდნილი სტადიონების ბედზე ილაპარაკეს და თქვეს, მშენებლებს ალტერნატიული ფართები გამოვუყოთ და ახალი სტადიონებიც ავაშენოთო.

მაგრამ კი არ შენდება, ჯერ ისევ ინგრევა. აგერ არის ფაქტი და მიხედონ. ეს აქციაც იმიტომ მოეწყო, რომ პარლამენტში გაცხადებული ჩანაფიქრი შეასრულონ.

"ოლიმპს" რომ ანგრევენ, ეს დანამდვილებით ვიცით. მე მხოლოდ მისი ბედი არ მაღელვებს. ინგრევა ეგრეთ წოდებული გეპეის, "ზეემკას", "მერანის", "სუკონკის", ტრიკოტაჟის სტადიონები. საწყენი იქნება, თუ ამ საქმეში სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია პასიურობას გამოიჩენენ".

მამუკა კვარაცხელია, უეფას მედიაოფიცერი:

"ჩვენ თუ ყველა სტადიონზე სახლები ავაშენეთ, ფეხბურთის სახსენებელი აღარ დარჩება. მაგრამ მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ვინღა იზრუნებს? ამბავი საკრებულომდე მივიტანე და მალე საკითხი პარლამენტშიც დადგება.

უკვე ველაპარაკე ლერი ხაბელოვს, რომელიც მომხდარით შეწუხებულია. საკრებულოში ეძებენ გზებს, რომ "ოლიმპის" ადგილზე სახლები არ აშენდეს. მთავარია, საფეხბურთო სამყარო ერთად დავდგეთ, სამშენებლო კომპანიას კი თხოვნით მივმართავთ, რომ მშენებლობა არ დაიწყოს.

გვესმის, რომ მათ იურიდიულად მშენებლობის უფლება აქვთ, მაგრამ ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემა შესაძლებელია და არ მესმის, ასეთი საფეხბურთო ცენტრი რატომ უნდა დაინგრეს, სადაც პირველ 5 წელიწადში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების 28 ფეხბურთელი გაიზარდა"?

ლაშა ჯაკობია, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი:

"ახალი სტადიონების მშენებლობის აუცილებლობა აღარ დადგებოდა, ძველები რომ შეგვენარჩუნებინა. ტენდენცია გრძელდება და რაც გვაქვს, იმასაც ვკარგავთ. არადა, "ოლიმპი" ბრწყინვალე ადგილზეა და გამზადებული საფეხბურთო ბაზაა. იმიტომაც მოვედი აქ, რომ მის შენარჩუნებას მხარი დავუჭირო".

კოტე მელქაძე, საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი:

"ალბათ, მალე იმდენ კორპუსს ააშენებენ, მოედნების ხსოვნაღა დაგვრჩება, ბავშვები კი ფეხბურთს იშვიათად ითამაშებენ. თურმე, მთავარი - დედაქალაქის ბიუჯეტის შევსებაა, ბავშვების მომავალზე ზრუნვა კი, ეტყობა, მომგებიანი არ არის. ასეთი მიდგომა სირცხვილია.

მე მშენებელზე მეტად მერიაში მოკალათებულ იმ ადამიანებზე ვბრაზდები, რომლებიც ერთი ხელის მოსმით იძლევიან ნებართვებს და სტადიონებს ასხვისებენ. "ოლიმპზე" არის მოედნები, საცურაო აუზი, ფიტნესისა და ტრენაჟორების დარბაზები, ანუ ყველაფერი აწყობილია და ხელის შევლება უნდა, უმაგრესი საფეხბურთო ბაზა რომ მივიღოთ. მისი დაკარგვა უკვალოდ ვერ ჩაივლის".

მამუკა ფანცულაია, ვეტერანი ფეხბურთელი, ბავშვთა მწვრთნელი:

"ავჭალაში ნორმალური სტადიონი აღარ დარჩა. ახლა საავიაციოს დასახლებასა და ისანშიც იგივე მოხდა. დიდუბეში, საბურთალოსა და ვაკეში რაც ნახეს, თითქმის ყველაფერი გაკაფეს და რა გამოდის?

ხმამაღლა სტადიონების მშენებლობაზე ლაპარაკობენ, რეალურად კი არსებულებს ანგრევენ. ეს ფარისევლობაა. ბოლოს და ბოლოს, ბავშვები სადღა გავზარდოთ"?

გიორგი დეკანოსიძე, საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" დირექტორი:

"ფეხბურთმა ბევრი სტადიონი დაკარგა, ბევრიც სხვა სახეობებს გადაეცა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროა, რომ "ოლიმპიც" ასეთ გეგმებს ეწირება. ფეხბურთს გასასხვისებელი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა უკვე აღარ აქვს. ეს ისევ ქართული ფეხბურთის მომავალს ურტყამს".

გოჩა ავსაჯანიშვილი, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 35-ე საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი:

"35-ე სკოლის გაყიდვა სურდათ, სანამ იჯარით ავიღებდი, მაგრამ 2500 მცხოვრები გამოვიდა და მისი შენარჩუნება მოითხოვა. მის დასათმობად 5 მილიონი შემოგვთავაზეს.

ფული ყველას სჭირდება, მაგრამ სტადიონების გაყიდვის უფლება არ გვაქვს! სანამ მე იქ ვიქნები, მას ხელს ვერავინ მოჰკიდებს. ეს ავსაჯანიშვილის კი არაა, ქვეყნის, ხალხის, უბნის და მოსახლეობის საკუთრებაა და პროფილი არ უნდა შეეცვალოს.

არადა, იურიდიულად, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ გამოსავალი იქნება, რომ მთავრობამ სტადიონების პროფილის შეცვლა აკრძალოს ან მისი გაყიდვა საკანონმდებლო დონეზე გამოირიცხოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
გიგას და მისნაირებს ! შენ დომენტის ფანი ხარ ! მაინც წაიკითხე - ზუგდიდის აკადემიის ფული , ზვიად - დომენტას ჟიბეში მიდიოდა და ეხლა ამოუკეტავენ
Kakhaber
18:27 19-12-2015
0
გთხოვთ ფეისბუქძე მოიწონოთ და გააზიაროთ ეს გვერდი "ზუგდიდის ფეხბურთის აკადემიის მხარდამჭერები" დავეხმაროთ ნიჭიერ თაობას. ძალა ერთობაშია.
giga
18:05 19-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული