"ოლიმპი" მაინც დაანგრიეს! თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო კერა განადგურდა [PHOTO]

AutoSharing Option
2015 წლის 29 დეკემბერი ქართული ფეხბურთის ნგრევის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო თარიღად ჩაიწერება. სამწუხაროდ, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" გადარჩენის იმედი არ გამართლდა: გუშინ, 29 დეკემბერს, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნებს სამშენებლო ტექნიკით მიადგნენ და გადაუარეს...

არადა, საფეხბურთო საზოგადოების მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციით მოედნების განადგურების შეჩერების რწმენა გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა, რომლის ხელმძღვანელობამ "ოლიმპის" წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ ორი წლის განმავლობაში იქაურობას არ შეეხებოდნენ.

ისინი მზად იყვნენ, მოლაპარაკება დაეწყოთ ალტერნატიულ ტერიტორიაზე, მაგრამ... რეალური არაფერი შესთავაზეს და მოედნების
ადგილზე კორპუსების აშენება გადაწყვიტეს.

ორიოდე დღის წინათ, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია დაიმედებული იყო, რადგან თბილისის საკრებულოში უთხრეს, რომ მერიაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზება სურდათ. კვარაცხელიამ და "ოლიმპის" მესვეურებმა იცოდნენ, რომ მშენებლობა ივნისამდე არ დაიწყებოდა, ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემაზე მოლაპარაკება კი ამის მერეღა განახლდებოდა.

რა მოხდა ამ ორ დღეში, უცნობია. ფაქტი ისაა, რომ გუშინ მშვენიერი საფეხბურთო კომპლექსიდან ნანგრევებიღა დარჩა.

"1998 წელს, ეს ტერიტორია საფეხბურთო სკოლისთვის 25-წლიანი იჯარით ავიღეთ. რამდენიმე წელიწადში იქ როგორი საფეხბურთო სკოლაც ავაშენეთ, ეს მთელმა საქართველომ იცის. იმ დროს ქვეყანაში არენები საშინელი სანახავი იყო. ჩვენთან კი ლამაზად მოვაწყვეთ სტადიონები, ტრიბუნები, საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, მოსაცდელად გათვალისწინებული კაფე-ბარი და ადმინისტრაციული შენობა.

"ოლიმპში" თავს ევროპულ გარემოში იგრძნობდი, ხელით საჩვენებელი საფეხბურთო ცენტრი იყო. აქ უეფადან და ფიფადან ჩამოსული ყველა საპატიო სტუმარი მოჰყავდათ - ბლატერი, იოჰანსონი, პლატინი... ამ სკოლაში უამრავი ცნობილი ფეხბურთელი გავზარდეთ და ორჯერ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები.

მაგრამ მერე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...

Sportall.Ge

არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, "ოლიმპი" მისმა დამფუძნებლებმა გავყიდეთ. სინამდვილეში, იჯარით გაცემული ტერიტორია სამშენებლო კომპანიამ "ოლიმპთან" შეუთანხმებლად იყიდა. ჯერ ეს საკითხია გამოსაკვლევი - მე თუ იჯარა მაქვს, შენ როგორ ყიდულობ?

მეორე საკითხია მშენებლებთან შეთანხმება: ისინი საფეხბურთო სკოლას არ უნდა შეხებოდნენ და ჩვენ კვლავ იჯარით დავრჩებოდით, მაგრამ ეს პირობა დაარღვიეს. ამას გარდა, დარღვეულია ჩემი, როგორც კერძო ქონების მფლობელის უფლებები, რადგან სტადიონის ძვირად ღირებული განათების სისტემაც დააზიანეს. ეს 5-ლარიანი ნათურები არ არის, მასში ათასებია გადახდილი და პასუხი ამაზეც მოეთხოვებათ.

ბევრი რამაა გასარკვევი - როგორ გასცეს ამ სტადიონებზე მშენებლობის უფლება, როცა მოედნების ქვევით ნუცუბიძის ქუჩისა და პლატოს საკანალიზაციო სისტემაა - იქ სახლებს მხოლოდ ამის გამოც ვერ ააშენებენ, ამის უფლებას არავის მივცემთ", - ამბობს "ოლიმპის" დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი.

გუშინ ტრაქტორებმა წარსულში დატოვეს ის შრომა, სიხარული და წარმატებები, რასაც "ოლიმპში" ეყრებოდა საფუძველი. ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში 30-მდე ისეთ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებიც სხვადასხვა წელს ამ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდნენ: სანდრო კობახიძე, ზაალ ელიავა, გოჩა ხოჯავა, გოგი ფიფია, დავით დევდარიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, დათა ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია, რომან ჭანტურია, გიორგი ფანცულაია...

ახლა მათ ნაცვლად სახელმწიფოს ბიუჯეტი გაიზრდება. სამაგიეროდ, დაივიწყეს მომავალი თაობები, ფეხბურთი და ის, რომ ამდენი მშენებლობა არც რეკრეაციულ ზონებს უტოვებს ადგილს და არც - სტადიონებს, ქართულ ფეხბურთს კი მომავალს ართმევს.

Sportall.Ge

ფული - ეს ყოფილა ამოსავალი წერტილი, მაშინ, როცა ის უნდა იყოს საშუალება მომავლისკენ სავალ გზაზე, სადაც საფეხბურთო ცენტრებს არც ისე მოკრძალებული ადგილი უკავია.

დღეს, 11 საათზე, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება და ხალხი შეეცდება, უკვე დაწყებულ მშენებლობას გადაეღობოს. სახელმწიფო ინფრასტრუქტურის აშენებასა და ფეხბურთის ხელშეწყობაზე ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად, ქვეყანაში ამ ინფრასტრუქტურის დანგრევაზე თვალებს ხუჭავენ.

ასე გრძელდება ბოლო 10 წელიწადია და ტყუილად ნურავინ ეცდება, ეს ამბავი სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ ძველების მიერ განადგურებულ-გასხვისებული სტადიონებიც გვახსოვს და ახლანდელსაც ვხედავთ. ვინც ამას ხელს უწყობდა, სხვებზე არაფერი ეთქმის.

მთავარია, სახელმწიფომ მკაფიოდ თქვას, რომ სპორტული ობიექტების პროფილის შეცვლა დაუშვებელია, მანამდე კი, ამ და მსგავს პრობლემებს არაფერი ეშველება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
ოლიმპის ერთი გუნდის მცირედი ისტორიაhttps://www.facebook.com/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%98-1998-325540234157862/?ref=hl
Levan asatiani
04 იანვარი 2016 16:55
0
თუ მისმენტ დიდი მადლობა
zaza
02 იანვარი 2016 01:47
0
მიშამ რომელი სტადიონი ააშენა? მინი მოედნები კი ბატონო გააკეთა, დიდი მადლობა, მაგრამ სტადიონები ზუსტად მიშას დროს გასხვისდა და მერე იქ შენობები აშენდა.
jorjika-s
31 დეკემბერი 2015 15:07
0
მინდა მივმართო კობის,მუმის,კახას,ნიკას,პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთი რაც თქვენ დაისახეთ მიზნად,უსტადიონოდ გამოვა? ისე ტყუილად მაინც აგშფოთდიტ ან შეშფოთდიტ ევროპელებმა,რო იციან
zaza
31 დეკემბერი 2015 13:15
0
სააკაშვილი სტადიონებს აკეთებდა და ესენი პირიქით ანგრევენ ... სად არის კალაძე რატო არაფერს აკეთებს ამ ყველაფრისთვის
jorjika
31 დეკემბერი 2015 11:29
0
ბ-ტ.ნიკას მელიას,გთხოვთ გადაარჩინოთ ყოფილი ს.ტ.უ.-ს .სტადიონი ,მაგასაც ანგრევენ ,მალე
gio
30 დეკემბერი 2015 23:02
0
vai-vai, მეგობარო, სწორად ამაშია საქმე! გაასხვისონ ყველაფერი, მოსპონ ეროვნული (ანუ ჩვენი საკუთარი!!!) ფეხბურთი და მერე უცქირონ ბარსას და რეალის დაპირისპირებას თბილი კორპუსების დიდი ეკრანიდან!... :(
მამუკა
30 დეკემბერი 2015 22:11
0
რაულ, ძმაო, ნაცების გაყიდულია და ქოცების შესყიდული. აი ამაშია ჩვენი ტრაგედია! არაუშავს, თუ უბრალო ხალხი ერთად დავდგებით, ყველას პასუხს ვაგებინებთ!
Raul-ს
30 დეკემბერი 2015 22:08
0
ვინც გაყიდა იმის დედა უნდა შეილანძღოს მარა ამ უპატრონო ქვეყანაში არავინარ ისჯება ასე რო კიდე სხვა სტადიონსაც დაანგრევენ და არავინ არავის გადაუღუნოს რა
rezo
30 დეკემბერი 2015 22:01
0
ვინ კითხავს ბიჭო კობიაშვილს 7 წლის უკან გაყიდული სტადიონის მესაკუთრესთან ურთიერთობა ან ამ საქმის მოკითხვა აუუუ რა ბნელა შე დალოცვილო დომენტიმ და რეზიმ რა ქნრესბ იმის საწინააღმდეგოდ რომეს ტერიტორია არ გაყიდულიყო ან მისმა მეპატრონემ.ეს მელიები და კუდაგრძელიები უნდა ჩამოგეკიდათ თავის დროზე ერთი ადგილით და მორჩა.დანარჩენი ყველაფერი ორთქლის გამოშვება და დემაგოგიაა.
quTaiseli
30 დეკემბერი 2015 21:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული