განწყობისთვის: ნაკრების წევრმა არ იცოდა, რომ მეორე დღეს ინგლისს ვეთამაშებოდით!..

AutoSharing Option
ფოტოზე: მურთაზ შელია და გიო ქინქლაძე
საახალწლო განწყობისთვის, ცნობილ სპორტსმენებს დავუკავშირდით და სახალისო ისტორიებისა თუ საყვარელი ანეკდოტების მოყოლა ვთხოვეთ...

ვისთან ვთამაშობთო?..
საქართველოს ნაკრების, თბილისის "დინამოსა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი მურთაზ შელია იხსენებს:

- სახალისო ისტორია იმდენი მახსოვს, არც კი ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო... ყველაზე დიდი შაყირისტები იყვნენ არველაძეები და გიო ქინქლაძე. ეგენი იწყებდნენ და ჩვენ ვაგრძელებდით.

ერთი ასეთი ამბავი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მოხდა. თბილისის "დინამოს" ბაზაზე შეგვიყვანეს. ინგლისის ნაკრებთან შეხვედრამდე ორი დღეა დარჩენილი. მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, რომ უამრავი ვარსკვლავი ჩამოდის
- დევიდ სიმენი, ტონი ადამსი, სოლ კემპბელი, ლეს ფერდინანდი, პოლ გასკოინი, დევიდ ბექჰემი, ტედი შერინგემი... ყველას პირზე ის გვაკერია, როგორ ვეთამაშოთ, რა ტაქტიკა აჯობებს და ასე შემდეგ...

მოკლედ, საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის მხოლოდ ერთი კითხვა - რას ვიზამთ ინგლისთან? მთავრობის სხდომაზეც სტუმრების მაღალ დონეზე დახვედრის საკითხი განიხილეს. ერთი სიტყვით, ყურში ისმის სულ "ინგლისი", "ინგლისი", "ინგლისი"!..

მაშინ ბაზიდან გარეთ თითქმის არ გავდიოდით და ერთი გასართობი - ტელევიზორი გვქონდა. ბიჭები მერაბ ჟორდანიას კაბინეტში შევედით და ტელევიზორს ვუყურებდით. იმ დროს, საქართველოში მობილური ტელეფონი ორიოდე კაცს თუ ჰქონდა, კაბინეტში კი ქალაქის ტელეფონი იდგა. ჩვენი ნაკრების ერთმა ძალიან ცნობილმა ფეხბურთელმა ტელეფონი აიღო და ვიღაცას დაურეკა. საუბრიდან დაასკვნიდი, რომ ნათესავი უნდა ყოფილიყო. ათი წუთი მაინც ელაპარაკებოდა. უცებ შემოგვიტრიალდა - ბიჭებო, ხვალ ვის ვეთამაშებითო?

აზრზე ხარ? ინგლისს ვეთამაშებოდით და ეს არ იცოდა ნაკრების წევრმა! მაშინ ვიფიქრე, კიდევ კარგადაა ჩვენი საქმე-მეთქი...

შენ აქ რა გინდა, ბიჭო?!
სანდრო ბაზაძე ფეხბურთის დიდი მოყვარულია. სხვათა შორის, ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი თავიდან ფეხბურთზე დადიოდა. სანდრო მის კარიერაში მომხდარ კურიოზულ ამბავს გვიყვება:

- ეს კურიოზული ისტორია უნგრეთში შემემთხვა. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ჯგუფში ყველა ბრძოლა მოვიგე, შემდეგ ეტაპზე გადავედი და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს შევხვდი. 14:9-ს ვიგებდი. მერე მეტოქემ მდგომარეობა გამოასწორა და ანგარიში 14:14 გახადა. მაგრამ მე ჩემი ქულა ავიღე, რაც მსაჯმა ჩამითვალა და ცხადია, ძალიან გამიხარდა - მოვიგე და შემდეგ ეტაპზე გავედი!

Sportall.Ge
ფოტოზე: სანდრო ბაზაძე
შემდეგ ბრძოლამდე დავისვენე, ძალები მოვიკრიბე, მორიგ რაუნდში გასვლას ველოდები და... გამომცხადებელი ჩემი უნგრელი მეტოქის გვარს აცხადებს, იმ მეტოქის, რომელიც დავამარცხე...

გავგიჟდი! მგონია, რომ გამარჯვებული მე ვარ. რა ხდება-მეთქი? ამ დროს, ვხედავ, საფარიკაოდ მასპინძელთა ეს უნგრელი არ მოდის?! მთლად დავიბენი.

ასე შევეჩეხეთ ერთმანეთს. ისიც დაბნეული ჩანს. იმან ვერ გაიგო, მე რატომ გავდივარ საასპარეზოდ, მე კი დარბაზში მისმა მოსვლამ გამაკვირვა. ერთმანეთს თვალებით ვუყურებდით და დაახლოებით ასეთი აზრები გვიტრიალებდა თავში - შენ აქ რა გინდა, ბიჭო?!

ბოლოს გაირკვა, რომ, თურმე, ორგანიზატორებს შეცდომა მოუვიდათ - ჩემ ნაცვლად, მასპინძელთა მოფარიკავის გვარი ჩაწერეს და იმასაც ბრძოლის შემდეგ შეატყობინეს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდა. მერე ეს გავაპროტესტე და, როგორც იქნა, საფარიკაოდ მე გამიშვეს...

ძილი დახვრეტამდე
ნუკრი რევიშვილი, სარანსკის "მორდოვიასა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე:

Sportall.Ge
ფოტოზე: ნუკრი რევიშვილი
- ასე უცებ ისტორიას ვერ ვიხსენებ და მოდი, ანეკდოტს მოვყვები. ნიკა არაბიძის გადამკიდე, ასე მგონია, ყველა ანეკდოტი ვიცი. ერთი ძალიან მომეწონა:

გაჭირვებული ბიჭი დაიჭირეს და 1-დან 2-წლამდე პატიმრობა უნდა მიუსაჯონ. მას კი არც დედა ჰყავს, არც მამა, არც გავლენიანი თუ ფულიანი ნათესავები და არც ფული აქვს. ადვოკატი ვერ აიყვანა და სახელმწიფომ სახაზინო ადვოკატი დაუქირავა, რომელსაც სასამართლოზე დაეძინა.

ამით პროკურორმა ისარგებლა და მოსამართლისგან მოითხოვა, რომ სასჯელის მაქსიმუმი, 2 წელი მიესაჯა. მოსამართლე დათანხმდა, მაგრამ პროკურორი ამითიც არ დაკმაყოფილდა და კიდევ სამჯერ მოითხოვა სასჯელის გაზრდა, რადგან ამ ბიჭს ძველი დანაშაულებებიც აღმოუჩინა, რის გამოც 2-წლიანის ნაცვლად, სასჯელის გაზრდა ჯერ 5-წლამდე მოითხოვა, მერე 7-წლამდე და ბოლოს - 10-მდე. მოსამართლემაც მისი მხარე დაიჭირა და ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება გამოაცხდა.

საცოდავმა ბიჭმა გახედა ადვოკატს, რომელიც უკვე ხვრინავდა და გამწარებულმა დაუყვირა:

- გაიღვიძე, თორემ დამხვრეტენ, შე შობელძაღლო!

უცნაური კომენტატორი
გიორგი აბურჯანია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" ნახევარმცველი:

- არ ვიცი, ეს ამბავი სახალისოა თუ არა, მაგრამ მინიმუმ, უცნაური მაინცაა: კვიპროსში მე და ირაკლი მაისურაძეს გადაგვეკიდა ერთი კომენტატორი, რომელიც ამ ქვეყანაში ცნობილი და პოპულარულია.

ერთხელ, სახლში თამაშის ჩანაწერს ვუყურებ და რასაც მე ვაკეთებ, იმაზე ლაპარაკობს, მაისურაძემ ასე და ისე გააკეთაო, ირაკლის გაკეთებულს კი მე მომაწერს.

იყო მომენტიც, როცა მე ყვითელი ბარათების გამო თამაშს ვტოვებდი, ირაკლი კი მოედანზე იყო. მთელი თამაშის განმავლობაში ისევ ის კომენტატორი მაქებდა, რა კარგად თამაშობს აბურჯანიაო! თურმე, გადაცემა ჩავჭერი, სწრაფად წამოვიწყე შეტევა და ასე შემდეგ...

დავრწმუნდი, რომ ეს კომენტატორი რაღაც ჯანზე ვერ იყო. მაგრამ შოკი ჯერ კიდევ მელოდა. ქუჩაში გავედი და მეზობელმა, რომელიც კარგად მიცნობდა, კითხვები მომაყარა - ირაკლი დღეს ძალიან დაგვაკლდი, მაგრამ აბურჯანია რა მაგარი იყო, დღეს ძალიან მომეწონაო...

Sportall.Ge
ფოტოზე: ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია
მინდოდა, ამეხსნა და ვფიქრობდი - ალბათ, იმიტომ ვეშლებით, რომ ორივე თმას დაბალზე ვიჭრით, ერთი და იგივე ვარცხნილობა გვაქვს და თანაც, ორივე ნახევარმცველი ვართ-მეთქი. მაგრამ მაინც ვერ ამიხსნია, ირაკლი თეთრია, მე - მუქკანიანი და საიდან გვამსგავსებენ?

მაგრამ მას შემდეგ, გულშემატკივარი თუ მესალმება - მაისურაძე, როგორ ხარო? ან ირაკლის რომ ეუბნებიან - აბურჯანია, საღოლო! აღარ გვიკვირს და ვიფერებთ.

ამაზე გუნდშიც გვეხუმრებიან და სახელებს პირიქით გვეძახიან...

კიდევ ტენის ეს დედააფეთქებულიო!
ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველის, მამუკა წერეთლის მიერ შარშანდელი მონათხრობი მკითხველს ძალიან მოეწონა და საყვარელი ანეკდოტების მოყოლა წელსაც ვთხოვეთ:

Sportall.Ge
ფოტოზე: მამუკა წერეთელი
ტრანსპორტში ქალბატონი ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე:

- ნესტანი როგორაა? ტარიელი? ავთანდილი ხომ არ წასულა?.. აა, თინათინი ჩამოვიდა?

გვერდზე მდგომმა გურულმა ვერ მოითმინა:

- ქალბატონო, შოთას თუ ელაპარაკებით, მოგვიკითხეო.

* * *
იცით, გურულის საფლავზე რა წააწერეს? - რაცხა არ მჭირს კაი ამბავი...

* * *
გილოცავ მიხავ, ცოლი მოგიყვანია!
- ვაა, შენთანაც ისმოდაა, კაცო?!

* * *
გურულს გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა შეხვდა. ექიმი ეკითხება:
- ბიძია, ამა და ამ გვარის ავადმოფი სად ცხოვრობსო?

გურულმა ახედა:
- ამ ჩაყოლებაზე სულ მაგ გვარის ხალხი ცხოვრობს, არცერთი არაა "ხოდზე" და რომელთანაც გინდათ, შედით, მადლია მაგათზეო.

* * *
მოხუცი კაცი ექიმთან მივა და სთხოვს, ისეთი წამალი მომეცი, "ვაჟკაცი" რომ გამოვაცოცხლო, ქალთან დიდი ხანია აღარ ვყოფილვარო.

ექიმი მისცემს პატარა ბოთლით წამალს და ეტყვის, სამი წვეთი დალიეო.

მივა სახლში და რა სამი წვეთი - ეგ როდის იმოქმედებსო და გადაჰკრავს მთლიანად ბოთლიდან.

წამალმა ისე იმოქმედა, გაიხსენა ახალგაზრდობა და სოფლის ქალები "უპატივცემულოდ" არ დატოვა. მაგრამ მერე ასეთი მოთხოვნილებისგან შეწუხდა, სახელი გაუტყდა, მეგობრები დაკარგა და ახლოს აღარავინ იკარებდა.
ისევ ექიმთან მივიდა:

- ეს რა წამალი მომეცი? მირჩიე რამე, წამლის მოქმედებამ რომ გამიაროს, მეც დავისვენებ და ჩემი სოფლელებიც.
ექიმი ურჩევს:
- სახლში რომ მიხვალ, "შტეფსელში" შეყავი და ცოტა ხანში ყველაფერი წესრიგში გექნებაო.
ასეც მოიქცა, მაგრამ კარი ღია დარჩა და მეზობელმა დაინახა. გაგიჟდა კაცი, შეშინებული გარეთ გავარდა და ყვირის:
- გაიქეცით ხალხო, კიდევ ტენის ეს დედააფეთქებულიო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
იურისტი პურს აცხობს, პურის მცხობელი მანკირია, და ა.შ.

იმიტომაც გვყავს კარგი სპეციალისტები რომ რაც უნდა იცოდნენ და აკეთონ ის არ იციან - თანამდეროვე დონეზე ...

ქართული სტანდარტებით - ყველა ბრძენი ვართ და თანაც ყველაფერში.
ამკ
21:31 03-01-2016
0
საქართველო პარადოქსების ქვეყანაა!!!!
სირბილის სწავლების ცენტრი
22:45 03-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული