"ვისგან მაქვს აღებული ფული - ქინქლაძისგან, არველაძეებისგან, კობიაშვილისგან თუ...?"

AutoSharing Option
გაზეთი "კვირის პალიტრა" ევრო 2016-ის დაწყებამდე ქართველ სპეციალისტ რევაზ ძოძუაშვილს გაესაუბრა.

ძოძუაშვილმა, ევროპირველობის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ცნობილია, რომ პერსპექტიული ფეხბურთელების "ამოცნობა" შეგიძლიათ და ეძებთ კიდეც. რა ხდება ამ მხრივ ქართულ ფეხბურთში?
- ყოველდღიურად მაქვს შეხება ბავშვებთან, ახალგაზრდა მოთამაშეებთან, მოყვარულ ფეხბურთელებთან. დღესაც დავესწარი მეორე ლიგის ორ მატჩს... პირდაპირ გეტყვით - არასრულფასოვანმა კვებამ ბევრი ნიჭიერი და ჯანმრთელი მოთამაშე დაუკარგა ქართულ ფეხბურთს.

ვიცი, რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი, მიმტანებად რომ მუშაობენ და მერე მიდიან ფეხბურთის სათამაშოდ. მახსოვს, ვეტერანი ფეხბურთელები
შევხვდით ბიძინა ივანიშვილს და მაშინ მითხრა, რასაც თქვენ ამბობთ, იმის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ქართულ ფეხბურთში დიდ ფულს ჩავდებთო. აჰა, ჩაიდო კიდეც, უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებს სახელმწიფო ეხმარება, აღარ იქნებიან მშიერი ფეხბურთელები, მაგრამ ახლა მთავარია, ვის ხელში აღმოჩნდება და რამდენად მიზნობრივად გამოიყენებენ სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხას!

- და როდის გაიწმინდება საფეხბურთო სამყარო ფეხბურთში ფულის საშოვნელად მოტრიალე ხალხისგან? გარიგებულ მატჩში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დასაჯეს...
- სადისციპლინო კომიტეტი კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ამტკიცებს ხოლმე, რომ ესა თუ ის მატჩი ჩაწყობილი იყო! არადა, როგორ უნდა უხელმძღვანელო კლუბს, თუ ის ვერ გაგიგია, რომ გუნდში მატჩის გამყიდველი ფეხბურთელები გყავს? თუ ფეხბურთელები ამას გიკეთებენ, ე.ი. მმართველად არ ვარგიხარ.

კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ დღეს ქართულ ფეხბურთში "მეგობარი მწვრთნელების" კასტაც გვხვდება. გყავს მეგობრები მთავრობაში? დაგნიშნავენ კლუბის მწვრთნელად! არადა, მთავარი შედეგი უნდა იყოს და როცა ხედავ, რომ მწვრთნელმა სეზონი ჩააგდო, უნდა გაათავისუფლო! წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთო - ასე თავის მართლებით როდემდე შეიძლება მოატყუო თავი და კლუბი? სანამ წარუმატებლობისთვის მწვრთნელის გაშვებას არ ვისწავლით, წარმატებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

- როდემდე იქნება უმუშევარი რევაზ ძოძუაშვილი?
- ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" ვიყავი და რომ შევპირდი, ევროთასზე გაგიყვანთ-მეთქი, მთავარია, უმაღლესი ლიგიდან არ გავვარდეთო! საქმისადმი ასეთი მიდგომით და ოთხთვიანი კონტრაქტებით რა წარმატებაზეა ლაპარაკი? ასეთ მუშაობაზე გული ნამდვილად არ მწყდება...

უსაქმოდ არც ახლა ვარ. ისე კი, თქვენ, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს უნდა გინდოდეთ, რომ რეზო ძოძუაშვილი იყოს ფეხბურთში, თორემ მე ისედაც ვარ ფეხბურთში!

- რას უპასუხებთ მათ, ვინც ამბობს, რომ რევაზ ძოძუაშვილი ფულს იღებდა ნაკრებში ფეხბურთელების წაყვანაში?
- ასეთი ჭორების გამავრცელებლებს მოკლედ ვუპასუხებ - ყველგან წარმატებით ვიმუშავე და ყველგან საუკეთესო ფეხბურთელები მიმყავდა! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველმა მე გავაკეთე ძლიერი გუნდი. ან ვისგან მაქვს აღებული ფული - არველაძეებისგან, ქინქლაძისგან, კობიაშვილისგან თუ კალაძისგან? რუსთავში რომ ვმუშაობდი, იმ გუნდიდან შვიდი ფეხბურთელი მოხვდა ნაკრებში, მათ შორის, ლევან კობიაშვილიც. ნიჭიერები, მაგრამ ღარიბი ოჯახების შვილები იყვნენ, სად ჰქონდათ ფული ან მე რაში მჭირდებოდა? მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელისგან ფულს იღებს, ძლიერ გუნდს ვერასდროს გააკეთებს. სამაგიეროდ, არველაძესა და ქინქლაძეს რომ გაზრდის, უფრო მეტს მიიღებს!

ლატვიაში ჩემი ჩასვლით იქაურმა ფეხბურთმა 18 მილიონი მოიგო, საიდანაც მეც შემხვდა კუთვნილი 10%. ასე რომ, ამტკიცონ, სხვა თუ ვერაფერი მომიგონეს, რაღაცით ხომ უნდა გაგიფუჭონ სახელი? მანუჩარ მაჩაიძეს სხვა ვერაფერი მოუგონეს და, ბურთს ატარებსო. ფეხბურთელმა ბურთი უნდა ატაროს, აბა, რა?! ვინც ბურთს ვერ აკონტროლებს, ის რა ფეხბურთელია.

ავტორი: რატი შელეგია
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 20 /
ტორპედოში მწვრთნელობისას პირველ ტაიმში გაკეთებული შეცვლებით რომ ყომარობდი მიხიჩ ის დაგავიწყდა?
ქომაგი
14:46 30-05-2016
0
რაც შენ ტორპედოს 2-2 ფრეებზე და პოირველ ტაიმში ნიჩიებზე ნაყომარები გაქ ტორპედოსში
karuje
16:01 30-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული