უეფას იუნიორთა ლიგის მომავალ გათამაშებაში ქართული გუნდი ვერ გამოვა?

AutoSharing Option
საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. ფინიშის სწორზე გავიდა ასაკობრივი ჩემპიონატებიც. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ინტერესს 1998/99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგის შედეგები იწვევს. საქმე ისაა, რომ ამ ასაკის გამარჯვებულმა, შესაძლოა, 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაზე (უეფას ახალგაზრდული ლიგა, სადაც გასულ სეზონში "საბურთალომ" ითამაშა) იასპარეზობს.

1998/99 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატი ორ ცხრა-ცხრაგუნდიან ჯგუფად და ოთხ წრედ გაიმართა.

აღმოსავლეთი
ა გ თ ქ
1. დინამო თბ 32 78
2. ლოკომოტივი 32 71
3. საბურთალო 32 66
4. ცხინვალი 32 59
5. ვიტ ჯორჯია 32 43
6. 35-ე სკოლა 32 40
7. დილა 32 22
8. სიონი 32 19
9. ჩიხურა 32 11

დასავლეთი
ა გ
თ ქ

1. ტორპედო 32 73
2. სამტრედია 32 67
3. შუქურა 32 65
4. კოლხეთი ფ 32 46
5. დინამო ბთ 32 44
6. მერანი 32 44
7. ზუგდიდი 32 42
8. გურია 32 15
9. საპოვნელა 32 13

როგორც ხედავთ, აღმოსავლეთ ჯგუფში თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა, მეორეზე კი "ლოკომოტივი" გავიდა და ახლა ისინი დასავლეთის გამარჯვებულებთან, ქუთაისის "ტორპედოსა" და "სამტრედიასთან" ორმატჩიან პლეი-ოფში ფინალისტს გამოავლენენ.

16 ივნისს "სამტრედია" "დინამოს" "ეროსი მანჯგალაძეზე" 18 საათზე უმასპინძლებს, ხოლო "ლოკომოტივი", იმავე დროს, საგურამოში "ტორპედოს" დაუპირისპირდება. საპასუხო შეხვედრები 20 ივნისს "დინამოს" აკადემიასა და ქუთაისში, "ტორპედოს" საღორიას ბაზაზე გაიმართება. ფინალი კი 26 ივნისს დაიგეგმა. გამარჯვებულის და, შესაბამისად, უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე შესაძლო გამსვლელის ვინაობა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაირკვევა.

რაც შეეხება ქართული გუნდის 19-წლამდელთა ლიგაში მონაწილეობას: ლიგის ახალი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გასული 32 გუნდის ასაკობრივი წარმომადგენლები მთავარ ლიგაზე მიბმული კალენდრით გადანაწილდებიან და 8 იდენტურ ჯგუფში ითამაშებენ, მაგრამ 2015/16 წლების სეზონიდან იუნიორთა ლიგაში მოხვედრის პარალელური გზაც გაჩნდა: უეფას თავკაცებმა ლიგის ფორმატი შეცვალეს და 32-ის ნაცვლად, მონაწილეთა რაოდენობა 64-მდე გაზარდეს.

წლეულსაც, მასში უეფას რეიტინგში უკეთესი მაჩვენებლის მქონე 32 ქვეყნის 19-წლამდელთა ჩემპიონები პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვებიან. ბოლო მონაცემებით, საქართველო უეფას რეიტინგში 36-ე ადგილზე დაქვეითდა და ჯერ უცნობია, ახალ ტურნირზე ქართული გუნდი ითამაშებს თუ არა.

შარშან ტურნირში პირველად ითამაშა "საბურთალომ", რაშიც ამ გუნდს პორტუგალიისა და საბერძნეთის ჩემპიონები დაეხმარნენ. უეფას რეიტინგში საქართველო 34-ე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ 32 საუკეთესოში ორი ადგილი სწორედ პორტუგალიისა და საბერძნეთის ჩემპიონების ხარჯზე გამოთავისუფლდა, რადგან "პორტუ" და "ოლიმპიაკოსი" ლიგაში პირდაპირ დაუშვეს.

მაგრამ, როგორც გითხარით, საქართველოს რეიტინგი დაეცა და ახლა ძნელი სათქმელია, შარშანდელივით გადმოგვხედავს ფორტუნა თუ არა. აქაც უნივერსალური გამოსავალია - ხელი თავად უნდა გავანძრიოთ და სხვების შველა აღარ დაგვჭირდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული