ვერაფერს ვიტყვით: საფრანგეთის სტადიონებზე მართლაც საინტერესოდ მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი. აღარაფერს ვამბობთ თამაშის საკმაოდ მაღალ ხარისხზე: ერთი-ორი მატჩის გარდა, თითქმის ყველა დანარჩენი დაპირისპირება სანახაობრივი თვალსაზრისითაც გამოსარჩევი იყო და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთითაც...
არადა, ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი მიიჩნევდა, რომ ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდა უარყოფითად უნდა ასახულიყო ტურნირის სანახაობრივ მხარეზე. თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი პირიქით არის და, ძალიან დიდი ალბათობით, ჩემპიონატის ბოლომდეც ასე იქნება.
და რომელი ნაკრები მოისაკლისა ნეიტრალურმა გულშემატკივარმა? უპირველეს ყოვლისა -
სამწუხაროდ, ეს ევროპის ჩემპიონატიც საქართველოს ნაკრების გარეშე მიდის, ისევე, როგორც 1996, 2000, 2004, 2008 და 2012 წლებში. არადა, დრო იყო, ევროპის ჩემპიონატებზე ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ, სამშობლოში მედლებითაც ბრუნდებოდნენ - ოქრო იქნებოდა თუ ვერცხლი.
მაგრამ, ეს ხდებოდა მანამ, ვიდრე ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირობებში კი კვლავაც მიუწვდომელ ოცნებად გვრჩება ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლა...
1960
...ევროპის პირველი ჩემპიონატი (იმ დროსათვის ევროპის თასი ეწოდებოდა) პირველად 1960 წელს ჩატარდა და მასპინძელი მაშინაც საფრანგეთი იყო; თუმცა, ბევრად განსხვავებული, ევროპის ჩემპიონატის (თასის) ფორმატით: ფინალურ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობდა! საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია, საბჭოთა კავშირი - აი, ეს ოთხი ქვეყნის ნაკრები იბრძოდა ევროპის ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად.ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის ფაქტი უნდა ყოფილიყო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების განაცხადში ქართული ფეხბურთის 4 წარმომადგენელი გახლდათ: მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი, ზაურ კალოევი (სამივე - თბილისის "დინამო") და სლავა მეტრეველი (მოსკოვის "ტორპედო").
სამწუხაროდ, ზაურ კალოევს ნახევარფინალსა და ფინალში თამაშმა არ მოუწია, მეტრეველი, მესხი და ჩოხელი კი ორივე მატჩში ძირითადში იყვნენ და უდიდესი წვლილიც შეიტანეს ჯერ ჩეხოსლოვაკიის (ნახევარფინალში), შემდეგ კი იუგოსლავიის ნაკრების დამარცხებაში (ფინალში).
განსაკუთრებით კი ფინალური მატჩია აღსანიშნავი: პირველი ტაიმი იუგოსლავიელთა მინიმალური ანგარიშით დასრულდა, შესვენების მერე კი სლავა მეტრეველმა ანგარიში გაათანაბრა და ასე (1:1) დამთავრდა ძირითადი დრო.
დამატებითი დროის მიწურულს კი მიხეილ მესხის მორიგ გარღვევას მარცხენა ფლანგზე მისი "საფირმო" გადაცემა მოჰყვა მეტოქის საჯარიმოში, სადაც ყველას დაასწრო ვიქტორ პონედელნიკმა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა!
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ევროპის პირველი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში სხვა ვარსკვლავებთან ერთად სლავა მეტრეველიც შეიყვანეს...
საბჭოთა კავშირის ნაკრების ამ ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მთავარი მწვრთნელი, გავრილ კაჩალინი გახლდათ, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ფეხბურთელებთან...
1964
...რასაც ვერ ვიტყოდით მის შემცვლელზე (ოღონდ, ასევე მაღალი დონის სპეციალისტზე) კონსტანტინ ბესკოვზე, რომლის ხელმძღვანელობითაც მოიპოვა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მომდევნო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: 1964 წელს თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ამ გუნდიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ ბესკოვს არავინ მიუწვევია! საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა (ფინალში წააგო ესპანეთის ნაკრებთან) და ამ გუნდის განაცხადში ერთადერთი ქართველი იყო: ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე რამაზ ურუშაძე, რომელიც ლეგენდარული ლევ იაშინის დუბლიორი გახლდათ.
1968
მომდევნო ტურნირისთვის საბჭოთა კავშირის ნაკრების მომზადება კიდევ ერთ გამორჩეულ სპეციალისტს მიხეილ იაკუშინს დაევალა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უპროპლემოდ გაიარა შესარჩევი ეტაპი და 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა. ტურნირს იტალია მასპინძლობდა და აპენინებზე გამგზავრებული საბჭოთა კავშირის ნაკრების განაცხადში თბილისის "დინამოს" სამი ფეხბურთელიც იყო: მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და გივი ნოდია.
სამწუხაროდ, ამ სამეულიდან არც ერთს მოუწია თამაშმა არც ნახევარფინალში და არც - მესამე ადგილისათვის მატჩში...
1972
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოთხი წლის მერეც შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება და განაცხადში ამჯერადაც სამი ქართველი ფეხბურთელი იყო: მურთაზ ხურცილავა, გივი ნოდია და რევაზ ძოძუაშვილი. ნახევარფინალში უნგრელებთან მოგებულ მატჩში ძოძუაშვილი და ხურცილავა ძირითადში იყვნენ, ნოდია კი შეცვლაზე შემოვიდა; აი, ფინალში კი საბჭოთა კავშირის ნაკრები, ფაქტობრივად, უშანსოდ იყო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იმ ფორმაციის ნაკრები სამართლიანად არის მიჩნეული მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად.
ეს ყველაფერი ფინალმაც (სადაც ძოძუაშვილმა და ხურცილავამ 90 წუთი შეუცვლელად ჩაატარეს) დაადასტურა: გერდ მიულერის (2) და ჰერბერტ ვიმერის გოლებით ჰელმუტ შიონის დამოძღვრილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა (3:0).
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში გერდ მიულერთან, იუპ ჰაინკესთან, პაულ ბრაიტნერთან და ფრანც ბეკენბაუერთან ერთად მოხვდნენ რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა, თანაც ეს უკნანასკნელი საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი გახლდათ!..
1988
ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები ვერ ახერხებდა 1976, 1980 და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას. ამიტომაც ვერ ვიხილეთ კონტინენტის პირველობებზე იმდროინდელი საბჭოური (და - ევროპული!) ფეხბურთის მართლაც გამორჩეული წარმომადგენლები - დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი და რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და შოთა ხინჩაგაშვილი... სამაგიეროდ, ამ მართლაც ზღაპრული თაობის კიდევ ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა მოახერხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, თანაც სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა: 1988 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში თენგიზ სულაქველიძე გამოდიოდა, რომელიც კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი გახდა...
ფოტოზე: თენგიზ სულაქველიძე
1992 და 1996
...მალე, საბჭოთა კავშირიც დაიშალა და 1992 წელს შვედეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ნაკრები გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც ქართული ფეხბურთის ორი აღზრდილი გამოდიოდა - კახა ცხადაძე და ახრიკ ცვეიბა. ასევე ქართული ფეხბურთის აღზრდილი უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, ომარ თეთრაძე გახლადათ, რომელიც 1996 წელს რუსეთის ნაკრებში გამოდიოდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"