ევროპული გამოცდილება
უეფას წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს, რაც სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დადებითად შეაფასა, შეხვედრები ძალიან წარმატებული და პროდუქტიული იყოო. უეფას მარკეტინგის მენეჯერი ნოელ მუნი კი ამბობდა, რომ სფფ-ის ახალი მმართველი გუნდი ცვლილებების განსახორციელებლად მზად იყო და თბილისში თანამედროვე ფეხბურთში დასაქმებული საუკეთესო ექსპერტები ჩამოიყვანეს,
შესაძლოა, ეს ამბავი ყურიდან ყურში გაგვეტარებინა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: უეფა ამ კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია გახლავთ. 1992 წლის შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგამ რებრენდინგი განიცადა, იგი პლანეტის მასშტაბით ყველაზე პოპულარული საკლუბო შეჯიბრება გახდა. ერთ სეზონში უეფა ლიგაში მოასპარეზე კლუბებს სულ 1,257 მილიარდ ევროს გაუნაწილებს, ხოლო ევროპალიგაში მოთამაშე კლუბებს - 381 მილიონ ევროს. უეფა ფულს იმ კლუბებსაც აძლევს, რომლებიც ჩემპიონთა თუ ევროპალიგების ჯგუფში ვერ მოხვდნენ. ამდენად, ქართველებს ამ ორგანიზაციის მარკეტინგული გამოცდილების გაზიარება ნამდვილად არ გვაწყენდა.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ერთი ისეთი პუნქტი ჩადეს, შესაძლოა, მალე ჩვენი გამოცდილების გაზიარება სხვებს დასჭირდეთ.
საქმე ეხება იმ პროცესს, რაც ახლა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს - სპონსორების მოზიდვას.
სპონსორების ძიების ქართული მოდელი
ცნობილია, რომ უმაღლესი ლიგის 14 კლუბიდან კერძო მეპატრონე მხოლოდ 4-ს ჰყავდა: თბილისის "დინამოს", "საბურთალოს", თბილისის "ლოკომოტივს" და ნაწილობრივ, საჩხერის "ჩიხურას". ყველა დანარჩენი კი სახელმწიფოს დოტაციაზე იყო - "სამტრედია", გორის "დილა", ბოლნისის "სიონი", ქუთაისის "ტორპედო", "ცხინვალი", ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ლანჩხუთის "გურია" და ფოთის "კოლხეთი".აქამდე ფეხბურთში ისეთი სისტემა მოქმედებდა, კლუბები მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე დიდად არ ზრუნავდნენ და დოტაციით კმაყოფილდებოდნენ. ახლა ვითარება რომ შეიცვალა, ფაქტები მეტყველებს. მთავარია, რომ უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებს მინიმუმ 5 წლით ექნებათ გარანტირებული დაფინანსება, რაც მათი სტაბილური არსებობის წინა პირობაა.
მთავარი პუნქტი კი სპონსორის ან კერძო მესაკუთრის მოყვანას გულისხმობს: გარდამავალ ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის გუნდი საბაზისო ბიუჯეტად 0,6 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო სპონსორების მოზიდვის შემთხვევაში, სტიმულირების ფონდიდან - დამატებით 0,3 მილიონ ლარს. ანუ გუნდი სპონსორს თუ მიიზიდავს და ის 50 ან 250 ათას ლარს გადაიხდის, ერთიანი ფონდიდანაც იმავე თანხას მიიღებს. მაგრამ მილიონს თუ მოიზიდავს, "ჭერი" 300 ათასი იქნება, რადგან ერთიანი ფონდის ბიუჯეტიც შეზღუდულია.
სისულელე იქნება დაიმედება, რომ ეს მაპროვოცირებელი წინადადება ქართულ ფეხბურთში მილიარდებს მოიზიდავს, მაგრამ ვითარება აშკარად შეიცვალა.
პროცესი დაიწყო?
სწორედ ეს საპრემიო ფონდი გახდა გუნდებისთვის ბიძგის მიმცემი, რომ სპონსორები და კერძო ჯგუფები მიეზიდათ. კონკრეტული ფაქტები ადასტურებს, რომ ახლა მართლაც დაიწყო არა გამგებლების შეჯიბრება, არამედ - მენეჯერების. კერძო სპონსორი, ზაზა ჩაჩავა, ქუთაისის "ტორპედოში" უკვე მივიდა და მას ამბიციური გეგმები აქვს - დაეწიოს და გაასწროს თბილისის "დინამოს". ძნელი სათქმელია, აქედან რა გამოვა, მაგრამ თავად ეს სურვილი მოლოდინსა და ინტრიგას აჩენს.
ამას გარდა, "ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ კერძო ჯგუფები დაინტერესდნენ ბოლნისის "სიონის", გორის "დილას", ქობულეთის" შუქურასა" და ლანჩხუთის "გურიას" შეძენით ან მათთან თანამშრომლობით.
ჯერ არაფერი გვსმენია "სამტრედიაზე". რაც შეეხებათ "ცხინვალს", ბათუმის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთს", მათ იდენტური პრობლემა აერთიანებთ, რის გამოც სპონსორები ერიდებიან - არც ერთს არ აქვს საკუთარი სტადიონი და ბაზა, ურომლისოდაც გუნდი საინტერესო არაა.
შედარებით იმედიანად ბათუმის "დინამოში" არიან, რადგან მას ანგისაში ბაზას უშენებენ და იმედია, ბათუმში დაპირებულ სტადიონსაც აღირსებენ. ამ კუთხით "ცხინვალისა" და ფოთის "კოლხეთის" მდგომარეობა არასასურველია - ფაქტობრივად, ამ გუნდებს ერთი ბეჭედი და ისტორია გააჩნიათ. არადა, გულსატკენია, რომ ასეთ ყოფაშია პირველი ქართული კლუბი "კოლხეთი 1913", როდესაც ფოთელ გულშემატკივრებს საშინაო თამაშებზე სტადიონზე შესვლისა და ბილეთის დავიწყებული პრობლემა შეექმნათ.
ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ითქვა, რომ ერთიანი ფონდის მიზანი გუნდების კერძო ინვესტორის ხელში გადასვლა გახლდათ. ეს პროცესი თუ სასურველი კალაპოტით გაგრძელდა, ფეხბურთის საქმის მცოდნე მენეჯერები შემორჩებიან, რომლებიც საქმეს გააკეთებენ და სპონსორებს მიიზიდავენ, 5 წლის შემდეგ კი, კლუბები სახელმწიფოს კისერზე დღევანდელივით ჩამოკიდებულები არ იქნებიან.
მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა. ჯერ ფეხბურთისკენ მხოლოდ ბიზნესმენების მცირე ნაწილმა გამოიხედა, თანაც, საფეხბურთო კლუბების აქტიურობის შედეგად, ანუ ახლა გუნდები აქტიურად ეძებენ პარტნიორებს.
მაგრამ ჯერ მხოლოდ ოცნებაა, რომ ბიზნესს ინტერესი თავად გაუჩნდეს და გუნდებთან პარტნიორობის გზა თავად მოძებნოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"