როგორც იცით, გორელები მეტოქის დასახვედრად მშობლიურ კედლებში ემზადებიან. პრობლემების მიუხედავად, გუნდი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მზად იყოს მეზობლებთან დაპირისპირებისთვის.
"ლელო" გორელთა მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე დაეკითხა. როგორც აღმოჩნდა, "დილას" ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავს.
"ამ ეტაპზე ტრავმა აწუხებს თემურ ღონღაძეს, - ამბობს სოსიაშვილი, - მას სამი დღეა, არ უვარჯიშია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ის სერიოზული ძალაა ჩვენი გუნდისთვის
ვარჯიში არ დაუწყია ლაშა კუჭუხიძეს, ხოლო რაც შეეხება დავით კვირკველიას, ის უკვე მწყობრშია".
"დილამ" უეფაში საევროთასო განაცხადი უკვე გაგზავნა, ოღონდ ეს არ კრძალავს ახალი ფეხბურთელების დამატებას. ეგ არის, რომ გორელებს მას შემდეგ ტრანსფერი აღარ განუხორციელებიათ.
სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია
"იცით, რომ ჩვენ უკვე წარვადგინეთ განაცხადი უეფაში. მას მერე გუნდში ახალი არავინ მოსულა. ასე რომ, ევროპალიგაზე ამ შემადგენლობით ვითამაშებთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების", - გვითხრა სოსიაშვილმა.
როგორც გაირკვა, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მეტოქე საქმეში უკვე ნახა. საინტერესოა, რას ფიქრობს სოსიაშვილი "შირაქის" თაობაზე?
"ვნახე მეტოქის მიერ გამართული ბოლო ამხანაგური მატჩი "ბანანცთან", რომელიც ამ გუნდის სტადიონზე გაიმართა. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე შეკრული, გამოცდილი და ორგანიზებული გუნდია. რა თქმა უნდა, ყურადღებით განვიხილეთ ეს თამაშიც და სხვებიც.
უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან". როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები და კოზირები გამოვიყენოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბარიერს გავივლით", - გვეუბნება "დილას" თავკაცი.
"შირაქმა" ახლახან ორი კოტდივუარელი ფეხბურთელი შეიმატა - ცენტრალური მცველი ლამინ დუმუა და ფლანგის მოთამაშე კუადიო ფრანკ ისმაელ ბრუ. სოსიაშვილს ამაზეც ვკითხეთ:
"დიახ, შევიტყვეთ, რომ "შირაქში" მივიდა ორი ახალი აფრიკელი ფეხბურთელი. უკეთესი იქნებოდა, ისინი ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში გვენახა საქმეში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი დებიუტი პირდაპირ ევროთასებზე შედგება".
"დილა"-"შირაქის" მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ანატოლი ჟაბჩენკო იქნება. მას იგორ ალიოხინი და ანდრიი სკრიპკა დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქცია კი მიკოლა ბალაკინს აკისრია. მატჩის დელეგატად ბელორუსის წარმომადგენელი იან ტრატსიკია მოვლენილი, მსაჯთა დამკვირვებლად კი - თურქი კუდუსი მუფთუოღლუ.
30 ივნისის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგვთავაზებს. გადაწყდა, რომ მატჩის 3-ლარიანი ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი გიორგი (ჩიორა) თექთურმანიძის ანგარიშზე ჩაირიცხება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სოსიაშვილის მჯერავს, ძლიერი ბიჭია ეგა და მოახერხებს გუნდის დაყენებას საჭირო დონეზე.