"ახალმა ფეხბურთელებმა აღიარეს, რომ თავიდან გაუჭირდათ ჩვენი დატვირთვების ატანა"

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში მიმდინარე შეკრებაზე, ჩატარებულ სპარინგებზე, გუნდსა და ევროშანსებზე საუბრობს.

"დინამოს" ავსტრიული შეკრება დასასრულს უახლოვდება. დღეს, 4 ივნისს, თბილისელები მზადების ბოლო შეხვედრას კიევის "დინამოსთან" გამართავენ, 5 ივლისს კი თბილისში დაბრუნდებიან.

"ორი კვირა კარგად ვივარჯიშეთ და ვიმუშავეთ. ვნახეთ ახალი ფეხბურთელები და რაც მთავარია, მათ გუნდთან შესაგუებლად დრო მიეცათ. ამ დროისთვის ჩავატარეთ 4 სპარინგი და მონაცვლეობითი სტილის ვარჯიშები.

პირობები საკმაოდ კარგია და გუნდში ატმოსფეროც შესაბამისია. ახალ ფეხბურთელებს მოეთხოვებოდათ ჩვენი სწრაფი, ტექნიკური და
აგრესიული სტილის ათვისება და მათაც თავი არ დაუზოგავთ, თუმცა აღნიშნეს, რომ თავიდან ჩვენი ვარჯიშები და დატვირთვები საკმაოდ გაუჭირდათ.

სამწუხაროდ, ამ პერიოდში რამდენიმე მიკროტრავმა შეგვემთხვა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მახარებს, ის არის, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და ეს ყველაფერი სერიოზული ტრავმების გარეშე წარიმართა.

მინდა აღვნიშნო სპარინგ-პარტნიორების საკმაოდ მაღალი დონე. ამ მატჩებში ჩვენთვის მთავარი, რა თქმა უნდა, გუნდის შეთამაშება და მეტად შეკვრა იყო. ასევე, შედეგიც გვაინტერესებდა, თუმცა შეკრებაზე რეზულტატი მაინც მეორეხარისხოვანია.

"ლეგიასთან" კარგად ვითამაშეთ, ვაჯობეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ - 1:1. ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ.

"ლუდოგორეცთან" თავიდანვე არ წაგვივიდა თამაში და საბოლოოდ ეს შედეგშიც აისახა. მათ საკმაოდ მაღალი კლასის არაერთი უცხოელი ლეგიონერი ჰყავთ.

"მაქაბისთან" შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ, 2:0 მოვიგეთ და ფაქტობრივად, ძირითადი შემადგენლობაც გამოიკვეთა.

"ლინცთან" ყველას მივეცით შანსი და სათამაშო დრო. კიევის "დინამოსთან" შეხვედრა, ფაქტობრივად, ევროთასის მატჩამდე ბოლო რეპეტიციაა. საკმაოდ ძლიერი გუნდია და მომავალ მატჩზე მოტივაციას ისიც აორმაგებს, რომ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ვლადიმერ ვაისი დაესწრება.

ჩემი ასისტენტი - ბრანისლავ მრაცი იყო ანდორაში და თავად ნახა "სანტა კოლომასა" და "ალაშკერტის" შეხვედრა. სომხეთის ჩემპიონი უფრო ტექნიკური გუნდია და ვფიქრობ, ალბათ, მათ შევხვდებით. ისე კი, ვიტყვი - ამ წყვილში ჩვენ ფავორიტები ვართ. გუნდი ერთმნიშვნელოვნად გაძლიერდა.

გამოკეთდა ცინცაძე, დაგვიბრუნდა პაპუნაშვილი, დაგვემატნენ ლეგიონერები და შევინარჩუნეთ ძირითადი ბირთვი.

ალექსანდრე იაშვილი გუნდის ლიდერი იყო. ამ ფუნქციას უკვე ალექსანდრე ამისულაშვილი შეასრულებს. შევეცდებით, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და გულშემატკივარი გავახაროთ".

თბილისის "დინამოსა" და კიევის "დინამოს" შორის მატჩი 4 ივლისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველა შეკრებაზე ან/და ამხანაგურ მატჩში, ჩვენთვის რატოა სულ "მნიშვნელოვანი გუნდის შეთამაშება და შედეგი მეორეხარისხოვანი?! " სხვებისთვის რატოა შედეგი სულ პირველხარისხოვანი...
ირაკლი
15:56 04-07-2016
0
ძალიან სუსტი მწვრთნელი ხარ)))
P.s. მომეწონა რომ შენი ასისტენი გაუშვი მატჩის საყურებლად)))
svani
16:19 04-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული