ხორვატულმა 24sata.hr-მ ინტერვიუ ჩამოართვა ხორვატ სპეციალისტ ივო შუშაკს, რომელსაც "ქართული" წარსულის გამო ხუმრობით შუშაკშაშვილად მოიხსენიებს.
მართლაც, შუშაკმა ბევრი რამ იცის ყოფილ გუნდზე, თუმცა ახლა ის სწორედ თბილისელთა მეტოქის ბანაკშია - 10 დღის წინათ ის ზაგრების "დინამოს" აკადემიის შეფად დანიშნეს!
"მე დავთანხმდი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე და გუნდმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა. რაც საქართველოდან წამოვედი, 7-8-ჯერ დავბრუნდი იქ, როგორც სტუმარი. კარგია, ზაგრებში ჩემი მეგობრებიც ჩამოვლენ
"როცა პირველად 2002 წელს ჩამოვედი საქართველოში დიდად ვერ აღვფრთოვანდი. ზოგს ხელფასი ჰქონდა 50 დოლარი თვეში, ხშირად ნახევარ ქალაქს შუქი არ ჰქონდა. საშინელი სიღარიბე იყო. მაგრამ მერე სიტუაცია რეალურად გამოსწორდა", - განაცხადა შუშაკმა.
ხორვატებისთვის თემურ ქეცბაიას სახელი ბევრზე მეტყველებს, 1997 წელს მან როგორც ფეხბურთელმა ხელი შეუშალა ზაგრებელებს, როცა "ნიუკასლის" მაისურით გაიტანა, 2011 წელს კი სანაკრებო დუელი მოუგო ბილიჩს.
"მე და ქეცბაია კარგი მეგობრები ვართ. ბოლოს საქართველოში რომ ვიყავი, მან დაპატიჟა შინ პიკნიკზე", - იხსენებს შუშაკი. ხორვატულ წყაროს კი უხარია, რომ ქეცბაია ამჟამად ბერძნულ კლუბს წვრთნის.
შუშაკი მომავალ დაპირისპირებაზეც საუბრობს: "ქართველებთან იოლი არ იქნება. ეს ძალიან ნიჭიერი საფეხბურთო ერია. მაგრამ ჩვენი "დინამო" უკეთესია და მნიშვნელოვანია თბილისში კარგი შედეგით ჩავიდეთ.