"თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში - 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი"

AutoSharing Option
ეს ამბავი მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა:

მალე საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა დაიწყება, რაზეც კანადური და სლოვაკური კომპანიები 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განხორციელებენ.

"ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის გაჯანსაღებაში. მივმართავ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თხოვნით, მოიძებნოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი, რათა, ერთი მხრივ, სერვისები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის და, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურა იმართებოდეს ჯანსაღი ბიზნესმოდელით.

სახელმწიფო, ალბათ, არ უნდა გახდეს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის კონკურენტი და უნდა მოიძებნოს სწორი
პარტნიორობის სქემა, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ. ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის და მნიშვნელოვანი იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ინფრასტრუქტურის მმართველი ჩვენ არ გავხდეთ", - აღნიშნა პრემიერმა.

დეტალების დასაზუსტებლად ინტერვიუ ჩამოვართვით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს:

საქართველო სპორტულ ქვეყნად ყალიბდება
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი, - თქვა მინისტრმა საუბრის დასაწყისში. - საერთოდ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ეს ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა და მსგავს ინვესტიციას ბევრი ქვეყანა ინატრებდა. შესაბამისი შედეგიც გვაქვს - სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, საქართველო რეგიონული ცენტრი გახდა და 600-მდე სინჯის მედალი მოვიპოვეთ.

წლეულს კი ოლიმპიელების იმედი გვაქვს. თავად სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო მოსამზადებელი პირობები ჰქონდათ. ამ ოთხ წელიწადში საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა და 2017 წელსაც ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი:
20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი 19 წლამდე ხელბურთელებს შორის, ხოლო ფეხბურთში - ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი და ასე შემდეგ.

ფაქტობრივად, საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს სპორტულ ქვეყნად ყალიბდება, ინფრასტრუქტურის განვითარება კი ამ სტატუსის გამყარებაში შეგვიწყობს ხელს.

- პროექტის განხორციელება როდის დაიწყება?
- ობიექტები ერთ წელიწადში უნდა აშენდეს და 2017 წლის ივნისში დასრულდეს, თანხა კი ეტაპობრივად გადანაწილდება. რაც შეეხება ახალ პროექტს, ის ორ მიმართულებას ითვალისწინებს: პირველი ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მეორე - პროფესიული სპორტით დაკავებულებს მაქსიმალურად საუკეთესო მოსამზადებელი პირობები უნდა შევუქმნათ.

...პლუს, სრულიად ახალი 20 სტადიონი
- რა პროექტების განხორციელებაა გათვალისწინებული?
- პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება: სულ პროექტზე 152 მილიონი ლარის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 132 მილიონი ლარი დაიხარჯება და მრავალფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში - 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი.

- მართალია, რომ ამ 20 სტადიონიდან 10 საფეხბურთო იქნება?
- დიახ, ასეა და მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამას გარდა, პროექტის მეორე ეტაპი იანვრიდან დაიწყება და 20 მილიონი ლარი დაიხარჯება თბილისში ჭიდაობის ახალი სასახლის, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობაზე.

სხვათა შორის, ამგვარი ცენტრი საქართველოში არასოდეს ყოფილა... დიდი იმედი გვაქვს, რომ პროგრამის განხორციელება შემდეგშიც გაგრძელდება.

- დავაკონკრეტოთ, 20 სტადიონში რა იგულისხმება - ახალი სტადიონების მშენებლობა თუ ძველების რეაბილიტაცია?
- ქართულ სპორტში სახელმწიფოს სერიოზული კონტრიბუცია სრულიად ახალი სტადიონების მშენებლობას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის პროგრამაზე მუშაობა კი ცალკე წარიმართება.

უცხოური ინვესტიცია
- ითქვა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა კონტრაქტორების სახსრებით 2017 წლის მაისამდე უნდა აშენდეს, სახელმწიფო კი თანხებს 2016-21 წლებში გადაიხდის. ეს რას ნიშნავს?
- მშენებლობას კანადური და სლოვაკური კომპანიების ინვესტიციები მოხმარდება. მათ საქართველოს მთავრობას, სამინისტროსა და ქვეყანას ნდობა გამოუცხადეს და მშენებლობას 6-წლიანი განვადებით დაიწყებენ.

მიხარია, რომ ბიზნესში გამოცდილება სახელმწიფოს სასარგებლოდ გამომადგა. საქმე ისაა, რომ ქართული სპორტის ისტორიაში კერძო ბიზნესის ასეთი მასშტაბური მოზიდვა პირველად მოხერხდა...

თემას ოდნავ მოვწყდები და გაგახსენებთ, რა პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა - საკმაოდ ბევრი კლუბის მიმართ გაჩნდა ინტერესი, მათ შორის, გამოჩნდა ებრაული ჯგუფიც.

მერწმუნეთ, ეს ფაქტი, ისევე, როგორც ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კანადურ-სლოვაკური ინვესტიციის დაბანდება, იმის სიგნალია, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციისთვის გახსნილი ქვეყანაა და საამისოდ სწორი გზა ავირჩიეთ.

პრემიერმა გარკვევით მიუთითა, რომ ახალი ობიექტების მართვა კერძო სექტორის მონაწილეობით მოხდება. სახელმწიფო იმის მომხრეა, რომ სპორტულმა ფედერაციებმა მართვის მენეჯმენტი გააუმჯობესონ და დოვლათის შექმნაზე იფიქრონ, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით დაკმაყოფილება საკმარისი არ არის.

საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია
- მთავრობის სხდომის შემდეგ ბრძანეთ, რომ საქართველოში ერთობლივი შეკრებებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნები დიდ ინტერესს იჩენენ. ანუ მთავრობა ცდილობს, რომ საქართველოში, ვთქვათ, უცხოური საფეხბურთო გუნდების მოსამზადებლად, აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოეწყოს?
- ჩემს კოლეგებს რომ ვხვდები, ბევრს გამოუთქვამს სურვილი, რომ საქართველოში კლუბები და ნაკრებები ჩამოიყვანონ. აშკარაა, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია. სულ მცირე, ჩვენი მეზობლები რომ მოვიზიდოთ, ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა აუცილებელი.

ცხადია, გათვლა მხოლოდ პოსტსაბჭოელებზე არ კეთდება. ახლახან ეგვიპტისა და ირანის საფეხბურთო გუნდები გვესტუმრნენ და ვიცით, რომ მსგავსი სურვილი კიდევ ბევრი ქვეყნის კლუბს აქვს.

ცხადია, ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია ეროვნული ფედერაციებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, ხელს შეუწყობს სპორტისა და ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.

გაიხსენეთ მაგალითები - სპორტული ინფრასტრუქტურა და მოსამზადებელი ცენტრები რამდენი ქვეყნის ეკონომიკაში გახდა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო? სოციალური კუთხით ისიც სასიხარულოა, რომ მშენებლობებსა და სპორტულ ობიექტებზე დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
მაგ ნაგავ ჰაერს რომ ისუნთქავს ადამიანი და კაცმა არ იცის რა წყალს დალევს, ის ჯანმრთელი ვერ იქნება. მაგას მიხედეთ და მერე სტადიონებს. აკრძალეთ მოწევა დახურულ ადგილებში ყველგან.
odala
29 ივლისი 2016 19:36
0
მორიგი წინასაარჩევნოდ ხალხის დაბოლება.
marco
29 ივლისი 2016 19:15
0
რა 20 სტადიონი, გვეღადავება? რაც გვაქვს, იმათ ხომ ვავსებთ და ვეღარ ვეტევით. თუ უბრალოდ მოედნებზეა საუბარი? ქუთაისში ოთხი გუნდის მისაღებად ხუთი სტადიონი არაა საჭირო, ერთიც საკმარისია. მოედნებიც თავისთავად საჭიროა. მაგრამ მინისტრისგან ტეხავს ასეთი დემაგოგია - ხალხს რატომ აგიჟებს? რა კერძო ინვესტიცია, ვიღაცა პოსლეზე სახელმწიფოს კონტრაქტს უსრულებს, ფულს ვინ იხდის? ან ჟურნალისტები ინტერვიუს რომ იღებთ, შინაარსში ცოტა მეტად რომ ჩაეკითხოთ, არა? ზღაპარია, ინტერვიუ კი არა.
Kote
29 ივლისი 2016 16:08
0
გული არ გაიტეხოთ არავინ ეს ყველაფერი ზოგადად ქართული სპორტის განვითარებას ემსახურება და ხვალ თქვენთან თქვენს ქალაქში აშენდება ანალოგიური და უკეთესი სპორტული ინფრატუქტურული ნაგებობები. როგორც ჩანს ისეთი მასიური სახე ექნება ამ ყველაფერს არცეთი ქალაქი თუ რეგიონული ცენტრი არ დარჩება უყურადღებოდ. უბრალოდ თავიდან სადაც ყველაზე მეტად საჭირო იყო ეს ყველაფერი მათ მიენიჭათ პრიორიტეტი. მაგალითად ქუთაისს არ ყოფნიდა სპორტის სასახლის ტევადობა, ვინც ადევნებდა ახლახან დასრულებულ საკალთბურთო სუპერლიგას თვალს ( სადაც უდიდესი როლი ქუთაისის გაჩემპიონებაში სწორედ მაყურებელმა შეიტანა ) ეს ყოველივე კარგად მოეხსენება რამეთუ იქ ვინც მოასწრებდა შესვლას თორე 1 იმდენი გარეთ რჩებოდა.
Mandela
29 ივლისი 2016 16:00
0
ბათუმმა და ზუგდიდმა რა დააშავა?
MIRIANI
29 ივლისი 2016 15:50
0
ქუთაისის დარი სპორტული ქალაქი (ოდიდგანვე ნებისმიერი სპორტის გათვალისწინებით ) ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს და დიდი მადლობა ამ ხალხს. აბსოლიტურად ყველა იმ ადამიანს, მართლაც რომ ამ საშვილიშვილო საქმის დაგეგმვაში და საფუძველის ჩაყრაში რაიმე პატარა წვლი ვისაც კი შეუტანია კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი . ბრავო ბრავო ბრავო , ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ძალიან გაგვახარეთ ქართული სპორტის ქომაგი. ეს ყველაფერი კი ასე მასიური სახის ახალი სპორტული ინფრასტრუქტულური ნაგებობების შეძენა ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს და უდიდეს როლს შეასრულებს ზოგადად ქართული სპორტის განვითარებაში და უფრო მაღალ მწვერვალებზე ასვლაში.
Mandela
29 ივლისი 2016 15:49
0
ბათუმში სტადიონი არ არის საჭირო? რატომ აგიჟებთ ბათუმელებს,პირდაპირ გამოდით და თქვით,რომ არ აშენდება,ჯერ მეჩეთი და მედრესეებია ასაშენებელი და ამასობაში,როგორც " შადრევან პირველი-ქინძი" ამბობდა თავის დროზე, თურქიც მოვა და უშველის ბათუმს.ალბათ ამას შემოდგომაზე,არჩევნების შემდეგ განაცხადებთ ამაყად,აგრეთვე მკაცრად,წყალი,რომ არ გაუვა ისე.
vaxvax
29 ივლისი 2016 15:23
0
რა გჭირთ? რატომ სხვაგან არ შენდებაო? ჯერ აქ აშენდება და იმიტომ. აბა ავაშენოთ თელავში, იქნება და იქნება, ბოლოს გაფუჭდება. ჯერ ამ ქალაქებშია მოთხოვნა. რადგან ვეთანხმები არ ნიშნავს, რომ მეოცნებე ვარ. მაგრამ არც ნაცი ვარ ყველაფერს რომ აბიაბურებენ.
გუადუა, მაგარი ნაცი ხარ, თქვენ საქართველოს მიწას ყიდიდით და იმას ეზახდით ინვესტიციას და თურმე სპორტული ნაგებობები, გინდაც ნასესხები ფუLით იყოს აშენებული, თურმე ინვესტიცია არ ყოფილა. რადგან არ იცი, არ არის სავალდებულო ქვეყანას აჩვენო, რომ უვიცი ხარ.
haha
29 ივლისი 2016 15:16
0
კი მარა ამ ბათუმს რას უშვრებით? საქართველო აღარაა აქ? შევუერთოთ თურქეთს? რა გახდა ერთი სტადიონი? სხვა ქალაქში 20 ... ბათუმში 0 ... ტფუიი...
ox Tqveni
29 ივლისი 2016 14:57
0
ბატონო ტარიელ,სიაფანდობაა ეს ყველაფერი.
ეს არ არის ინევსტიცია, ეს არის სესხი ელემენტარული, რომელიც 2021 წლამდის უნდა გაისტუმროთ. ვის და რისთვის ატყუილებთ? არ გაგივათ ეს ფანდი.
ეს სახელწმფიო პროგრამის ნაწილია, წინასაარჩევნოდ და მის მერე მითუმეტეს ფული არ იქნება, "რაცხა კი საკეთებელია". ეს თემა ინვესტიციებშიც ჩაითვლება ამ წლით, მშპ-შიც გავა და მომავალი წლის ბიუჯეტისათვის მეტი ხარჯვითი ნაწილი იქნება გათვლილი.
Guadua
29 ივლისი 2016 14:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული