დავორ შუკერი თბილისში - ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა ქართულ პროექტს დაეხმარება

AutoSharing Option
ძმები არველაძეების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი რევაზ არველაძე და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დავორ შუკერს შეხვდნენ.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ქვეყნის საფეხბურთო თემს 2012 წლიდან უდგას სათავეში. პარალელურად, ის უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობს.

მეგობრულ სადილზე ქართველებმა შუკერს "ფონდ არველაძის" საქმიანობისა და პროექტ "საფეხბურთო თერაპიის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეგახსენებთ, რომ უკვე ორი თვეა, რაც ეს პროექტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე შიდა ქართლის 15 სოფელში (ხელთუბანი, ქვენატკოცა, სასირეთი, ტინისხიდი, ურბნისი, ვარიანი, აგარა, ატენი, ქვახვრელი,
არცევი, დირბი, დიცი, ნიქოზი, რუისი, კარალეთი) ხორციელდება და ფეხბურთით 300-მდე ბავშვია დაკავებული.

"საფეხბურთო თერაპიის" მიზანი საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ფონდის პრესსამსახურის ცნობით, შუკერმა პროექტი მოიწონა და მასში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

"შუკერს მეგობრულ ვითარებაში, სადილზე შევხვდით და ჩვენი ფონდის საქმიანობისა და პროექტების შესახებ ვესაუბრეთ. მოგვიანებით კი თბილისისა და ზაგრების "დინამოების" შეხვედრას დავესწარით.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოგვიცხადა და გვითხრა, რომ "საფეხბურთო თერაპიაში" ჩართულ ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აუცილებლად დაეხმარება, ხოლო ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია სექტემბერში ფონდს ეკიპირებასა და საფეხბურთო ინვენტარს გადასცემს", - თქვა რევაზ არველაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული