"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"

AutoSharing Option
რატომ მიდიან ფეხბურთელები და ზოგადად, სპორტსმენები პოლიტიკაში? ეს კითხვა მუდამ ისმის და საზოგადოებაში განხეთქილების ვაშლის როლს ასრულებს.

ზოგისთვის სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვა მიუღებელია - თავის საქმეს მიხედონო. მეორე მხრივ, არგუმენტები გააჩნიათ სპორტსმენებსაც, რომელთაც სხვებზე მეტად გააქვთ სამშობლოს სახელი - ვინ დაადგინა, რომ აზროვნება და ქვეყნის მართვის უფლება მხოლოდ იურისტებსა და ეკონომისტებს აქვთ, სპორტსმენებმა კი სატკივარზე ხმა არ უნდა ამოიღონ?!

სპორტისა და პოლიტიკის ურთიერთობის თემა ახლა კიდევ ერთხელ გააქტიურდა, რადგან 8 ოქტომბრის არჩევნებში ბევრი სპორტსმენი მონაწილეობს. მაჟორიტარი კანდიდატები არიან რაგბის კავშირის ყოფილი
პრეზიდენტი და ამ სახეობის აღორძინებისა და პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ბიძინა გეგიძე, მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და 4-გზის ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული შოთა ხაბარელი. ასევე ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონი თემურ ხუბულური, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი, თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე...

ნაძალადევის მე-18 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს ერთგვარი საფეხბურთო დაპირისპირება ელის - ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის კონკურენტი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილია.

ყაველაშვილს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და ერთი ხანობა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელიც გახლდათ. სადებიუტო შეხვედრაში გოლიც გაუტანა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ დანიელ მეკარე პიტერ შმეიხელს. კარიერის დასრულების შემდეგ კი, 2006 წელს, შვეიცარიაში უეფას კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო; 2007 წელს ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე გახდა; 2009 წლიდან არის მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPRO) საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; 2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია "ტალანტების ფაბრიკა".

მოკლედ, კარიერის დასრულების შემდეგაც ყაველაშვილი მუდამ საფეხბურთო სამყაროსთან ასოცირდებოდა. ვეტერანი ფეხბურთელის პოლიტიკაში წასვლაც არ ყოფილა დიდად მოულოდნელი ნაბიჯი, რადგან ამ მხრივ ის აქტიური იყო და წინა ხელისუფლებას მუდამ აკრიტიკებდა. ისიც ცნობილია, რომ 2012 წლამდე, დაჭერის მუქარის გამო, საქართველოში ორი წლის განმავლობაში ვერ ჩამოდიოდა.

ეს ფაქიზი თემაა და შევეცდებით, ისე გავაშუქოთ, რომ გამოჩნდეს, სპორტული სამყაროს წარმომადგენლებს პოლიტიკაში მისვლა რომელი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად სურთ.
"ჩვენი ქვეყნის საქმე ისეა, რომ პოლიტიკასთან კავშირი ყველას გვქონია. ცხადია, არა პროფესიულად და ოფიციალურად, მაგრამ რაც აქტიურ სპორტს შევეშვი, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არ გამოვთიშულვარ.

იმის მიუხედავად, რომ 15 წელიწადზე მეტხანს შვეიცარიაში ვცხოვრობდი, ქართულ ფეხბურთში ჩართული ვიყავი - გასაკრიტიკებელს ვაკრიტიკებდი და ჩემს მეგობრებთან ერთად ფეხბურთის განვითარების პროგრამაც წარმოვადგინე.

დამეთანხმებით, დღეს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, სპორტი საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკისა და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. მთავარი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, ეს იყო - პარლამენტში ყოფნითა და, სავარაუდოდ, სპორტის კომიტეტში მუშაობით იმ კანონების ინიცირებას მოვახერხებ, რომელიც ქართულ სპორტს ქვეყნის სამსახურშიც ჩააყენებს და თავის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციასაც შეასრულებს - აღზრდის ჯანსაღ თაობებს", - ამბობს ყაველაშვილი.

ვეტერანი ფეხბურთელი აკონკრეტებს, პარლამენტში არჩევის შემთხვევაში რა ინიციატივების წამოყენებას აპირებს:

"აუცილებელია, მასობრივ სპორტს მივხედოთ. სამწუხაროდ, დღეს სპორტში მოსახლეობის მხოლოდ 0,4 პროცენტია ჩართული.

სკოლებში მშვენიერი სპორტული დარბაზებია, მაგრამ შუადღის მერე გამოკეტილია და ეს ძვირფასი რესურსი ტყუილად ცდება. ისინი მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს და სკოლასაც ფინანსური საშუალება მიეცეს, ერთი-ორი მწვრთნელი რომ შეინახოს, რომლებიც იქ სექციებს ჩამოაყალიბებენ.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი საკითხია. ასეთი კიდევ ბევრია და იმედია, არჩევის შემთხვევაში, პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით წარვდგები".

ყაველაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში ირიბად ადრეც მონაწილეობდა:

"2012 წლის არჩევნების წინ, "ქართულ ოცნებაში" სპეციალური დარგობრივი ჯგუფები მუშაობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი სპორტის განვითარების პროგრამას ამუშავებდა და მასთან აქტიურად ვთანამშრომლობდი. ის პროგრამა ეფექტური გამოდგა - ფეხბურთით უკმაყოფილონი კი ვართ და მას კიდევ მივხედავთ, მაგრამ სხვა სახეობებში პროგრესია.

საერთოდაც, ბოლო ოთხ წელიწადში ყველაფერი იდეალურად არ არის და ყველა პრობლემის გადაჭრაც ვერ მოხერხდებოდა. მაგრამ მთავარია მიდგომა და სურვილი. ამ გუნდის წევრიც ამიტომ ვარ".

ვეტერანი ფეხბურთელი იმასაც ჰყვება, როგორ შეხვდნენ მის არჩევანს ოჯახის წევრები:

"ყველამ სხვადასხვაგვარად მიიღო - ზოგს, შეეშინდა, რომ ნაკლები დრო დამრჩებოდა ოჯახისთვის, ზოგს კი დიდად არც უნდა, პოლიტიკოსის შვილი რომ იყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთის პრეზიდენტობაზე უარი გითხრეს დიპლომის უქონლობის გამო. პოლიტიკისთვის მზად ხარ? განათლება მიიღე?
ანი
12:49 23-09-2016
0
ღრმა ანალიზს თუ გავაკეთებთ,უნდა ითქვას,რომ ფეხბურთის დაღმა სვლა არ დაწყებულა ამ 26-ი წლის განმავლობაში,ცხონებული ყიფიანის თაობის შემდეგ აღარ დაბადებულა და აღარ აღზრდილან ჩვენში დიდი ფეხბურტელები და არც დინამოს და მითუმეტეს არც ნაკრებს არაფრისთვის მიუღწევია,ჩვენი ბოლო ტრიუმფი იყო 1981-თი წელი,ასევე 82-აც არაუშავდა,ხოლო ამის სემდეგ,ე.ი 1982 წლიდან,ჯერ კიდევ მაშინ,როცა ყველაფერი არსებობდა საქართველოში ფეხბურთის გავითარებისთვის დაიწყო და დღესაც გრძელდება ქართული ფეხბურთის რეგრესი,გარკვეულ წლებში იყო გამონათობები,მაგალითად შოთა არველაძე,გიორგი ქინქლაძე,კახა კალაძე,თემურ ქეცბაია,მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ,საქართველოსგან დამოუკიდებლად და ამ შემთხვევებს,რაიმე განსაკუთრებული წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანია,სამართლიანობისთვის კი უნდა აღინიშნოს ის,რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები გაცილებით ჩამოუარდებოდნენ ხარისხით ჩვენს 60,70 და 80-იანი წლების ვარსკვლავებს,მესხს,მეტრეველს,ხურცილავას,ჩივაძეს და ყიფიანს.ახლა,რაც შეეხება ყაველაშვილს,ხალხო გაიგეთ ერთი რამ ის,რომ რაიმე ღირებულს წარმოადგენდეს,მას ავსტრიიდან,შუაგული ევროპიდან საქართველოში ვინ გამოუშვებდა,მას იქვე ევროპაში დაასაქმებდნენ,მასეთი პიროვნებები ევროპაში "კონა" აბაზია,ძალიან გთხოვთ გაიგეთ სწორად ჩემი სიტყვები,მე არავის დამცირება არ მინდა,უბრალოდ ვამბობ სიმართლეს,ასევეა კობიაშვილი,მოვიდა ის და რა მერე,რა გამოსწორდა,იოტისოდენა შეიცვალა რამე,არაფერი,ამნაირი ხალხი ყველა მთავრობის დროს ბლომადაა და ისინი ყველა ვერ საქმდებიან და იწყებენ ყვირილს,სამართლიანობაზე,უსამართლობაზე და სხვა,რატომ,იმიტომ,რომ მათ სურთ ყურადღების მიქცევა,დასაქმება,დიდი ხელფასები და ა.შ.ხოლო საქმე კვლავ რჩება გაუკეთებელი,გახსოვთ ყაველაშვილი და არა მარტო ის ბევრი სხვაც,რამდენს ლაპარაკობდნენ ნაციონალების დროს ფეხბურთში უსამართლობაზე,ფედერაციის არასამართლიან არჩევნებზე,კი ბატონო მართლაც იყო გადაცდენები,მაგრამ ახლა უარესი არაა,ახლანდელი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები რა სამართლიანად ჩატარდა?არამც და არა,უარესად,წარმოგიდგენიათ ხალხო ყველაზე აპოლიტიკური დარგი სპორტი და ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქართული ოცნების სახეა,მეტიც მათი მაჟორიტარია,რაზეა აქ ლაპარაკი,უკვე ყველაფერი ნათელია,იღებს ამაზე ვინმე ხმას,არა ბატონებო,სრული სიმშვიდეა და ასეთ ქვეყანაში მითხარიტ,როგორ განვითარდება ფეხბურთი,ან ეკონომიკა და დანარჩენი სხვა რამ.უბრალოდ სირცხვილია ეს ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება,დიდი სირცხვილია.
roma
17:09 22-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული