ქართველებს ლოდინი არ გვიყვარსო, ხშირად გაიგონებთ. კარგად გვესმის, ერთი წელი არ არის ის დრო, როცა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი, მაგრამ შეფასებისთვის საკმაო ხანი კია.
დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში სწორედ ამ საქმეს მივხედავთ.
ეროვნული ნაკრები
შევთანხმდეთ: როგორც გინდა და საიდანაც გინდა, მივუდგეთ, ქართული ფეხბურთის პირამიდის წვერი არის ეროვნული ნაკრები და ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის შეფასებაც სწორედ ამით უნდა დავიწყოთ.ფედერაცია ნაკრების ცხოვრებაში
არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე დღემდე ასე მგონია: ცხადაძის ამბავში ფინანსური მოტივი მხოლოდ შირმა იყო. ქართულ ფეხბურთში იმდენი დახარჯულა "უპრაგონოდ", მასთან ცხადაძის ხელფასი, აბა, რა მოსატანია.
მეორეც - შე დალოცვილო, ფულის ეკონომიას მაინცდამაინც ნაკრების მწვრთნელის ჯამაგირიდან იწყებ?! მწვრთნელისა, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მართლა გუნდს დაემსგავსა. ოფიციალური მატჩი მოუგო შოტლანდიას და მაგრად დაუდგა გერმანიას გასვლაზე. გუნდში გაქრა "შენ-ჩემობია" და დაჯგუფებები.
ისე გამოჩნდა, რომ პროგრესი ხელოვნურად შევაჩერეთ და როცა ასე იქცევი, ნაკლები იმედი უნდა გქონდეს იმისა, რომ ის სხვის ხელში გაგრძელდება. ვაისმა შემოგვთავაზა სუპერსენსაცია - მისმა დამოძღვრილმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად მოუგო ესპანეთს. ბოლოს კი ოფიციალური შეხვედრა წავაგეთ ავსტრიასთან (1:2 თბილისში).
ჩანს, ვაისი არ არის ცუდი მწვრთნელი, თუმცა ის ჯერაც ვერ ჩასწვდა ბოლომდე ქართული ფეხბურთის ლაბირინთებს. და როგორც უნდა ყოფილიყო, ცხადაძის შემდეგ ახალი მწვრთნელის მოსვლა ბუნებრივად მოიტანდა შეფერხებას, რადგან ახალი მწვრთნელი ხომ ახალი ხედვებითა და იდეებით მოდის, რომლის ხორცშესხმისთვის დროა საჭირო. დრო კი საქართველოს ნაკრებზე არასოდეს მუშაობს...
ასაკობრივი ნაკრებები
სხვისი არ ვიცი და, მე ასე ვფიქრობ: დღევანდელ ქართულ ფეხბურთში თუ სადმე არის ნათელი წერტილი, ეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებია. კარგი, გემოვნებიანი, შემტევი ფეხბურთი - გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი სხვანაირი ვერც წარმოგვიდგენია.ახალგაზრდულისგან მომავალ შესარჩევ ციკლში კარგ თამაშს და შედეგს ველით. მერე რა, რომ ასაკობრივი ნაკრებებისთვის შედეგი არ დგას წინა პლანზე. ჩვენ ძალიან გვენატრება თუნდაც პატარა გამარჯვება და გეგუჩაძის გუნდს მიზნად მხოლოდ იმას ვერ დავუტოვებთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელები გაუზარდოს.
ჭაბუკთა ნაკრებების დონეზე კი წარმატება ამ ბოლო დროს გვარიანად გაგვიძვირდა. ჩვენმა 17 და 19-წლამდელებმა ჯერ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ვერ გადალახეს, მერე კი (ორიოდე დღის წინ) 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის პირველი რაუნდის ყველა შეხვედრა წააგო, თან ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა.
ქომაგებს შორის ხშირად გაიგონებთ, რა ამბავია ნაკრებებში ამდენი თბილისური გუნდის ფეხბურთელიო?! გვესმის: თბილისურ კლუბებს გრძელი საცეცები აქვთ რეგიონებში და თუ იქ გამორჩეული ბავშვი გამოჩნდა, ეგრევე დედაქალაქში მოჰყავთ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსაზე ვდგავართ.
ქართულ ფეხბურთს გაუჭირდება მანამ, სანამ რეგიონებში არ აღორძინდება საფეხბურთო კერები. გვესმის, ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის, მაგრამ ის შემთხვევაა, როცა დრო აღარ ითმენს.
საკლუბო ფეხბურთი
ფეხბურთის ფედერაციამ ერთი საშური საქმე უკვე გააკეთა: სულ ცოტაც და, წარსულს ჩაბარდება ფეხბურთის წინა ფედერაციის მიერ დაკანონებული მახინჯი წარმონაქმნი - 16-გუნდიანი პირველობა. თავის დროზე, თვალში ნაცარს რომ გვაყრიდნენ ქართული ფეხბურთის მაშინდელი მესვეურები და ჯიუტად გვიმტკიცებდნენ - მერე რა, რომ გუნდებს სტადიონები, ბაზები და პირობები არ აქვთ, 16-გუნდიანი ჩემპიონატი ქართულ საკლუბო ფეხბურთს მაინც განავითარებს და სულ მალე უამრავი ტალანტი გვეყოლებაო.
რა და როგორ მოხდა მას შემდეგ, ყველამ კარგად ვიცით. თუნდაც, ჩვენი კლუბების ევროთასებზე ასპარეზობას გადავხედოთ. თავის დროზე, "სეკვესტრირებული ჩემპიონატიდან" ორი გუნდი გვყავდა ევროპალიგის პლეი ოფში, ახლა კი დაწყება და დამთავრება ერთია.
გარდამავალ ჩემპიონატზე შეგნებულად არაფერს ვიტყვით. ეს დროებითი მოვლენაა, სახელწოდებაც შესაბამისი აქვს და იმდენად მალე დასრულდება, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ.
კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, დღის სინათლე იხილა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ, მაგრამ ისიცაა, რომ ფონდისადმი უკვე არაერთ კლუბს გაუჩნდა კითხვები. ხმამაღლა ყველა ერიდება ლაპარაკს, პირად საუბრებში კი ხშირად გაიგონებთ პრეტენზიებს (მალე "ლელო" ამ თემას სპეციალურ წერილს მიუძღვნის).
კარგია, ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში ერთი-ორი ახალი კომპანია თუ ბიზნესჯგუფი რომ გამოჩნდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ისიც ცხადია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქართული საკლუბო ფეხბურთის სუბსიდირება დროებითი მოვლენაა და არ შეიძლება, დაუსრულებლად გაგრძელდეს.
დონემ კი სასწრაფოდ უნდა აიწიოს და ეს უნდა მოხდეს კერძო ინვესტიციის ხარჯზე. ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია - თუნდაც აზერბაიჯანული კლუბებისთვის ევროტურნირების ჯგუფში მოხვედრა ლამის გარდაუვალ მოვლენად იქცა...
ეროვნულ ჩემპიონატში, სათამაშო დონის კუთხით, პროგრესი არ ჩანს, მაგრამ ეს სამომავლო საქმედ მიგვაჩნია: 10-გუნდიან პირველობას რომ დავიწყებთ, იქიდან დავიწყოთ ათვლა...
გარიგებული მატჩები
ხშირად გაიგონებთ - ქართველს ისეთი მენტალიტეტი აქვს, გამუდმებით სიმკაცრე სჭირდება, უკანონობისკენ რომ არ გაექცეს თვალი და ხელიო. სხვა სფეროებისა რა გითხრათ და, ფეხბურთში ნაღდად ასეა.ფედერაციამ რამდენიმე ასეთი მცდელობა ალაგმა, მაგრამ ეს არ კმარა. თუნდაც ბოლო, "მერანი"-"რუსთავის" მატჩი ავიღოთ. მე ვნახე ამ თამაშის ფირი და, თქმა რად უნდა, საეჭვოზე საეჭვოა, რაც იქ ხდება.
უბრალოდ, ჯერ ვერ გავიგეთ, ვინ არის კონკრეტული დამნაშავე. გუნდებში ყველა გასვრილი ვერ იქნებოდა. მიიყვანე ბოლომდე გამოძიება და მერე ამცნე საზოგადოებას შედეგები. სიჩქარე რა საჭიროა? კარგი ბიჭი რომ ხარ და დანაშაულს ებრძვი, ამას მერეც დაგიფასებენ. ასე კი ორივე გუნდს მოეცხო ჩირქი და ვერავინ დამაჯერებს, იქ ყველა დამნაშავე იყოს.
და ასეც რომ იყოს, მაინც პარადოქსის წინაშე ვდგებით - რაკი არ ვიცით კონკრეტულ დამნაშავეთა გვარ-სახელები, ეს პოტენციური "გამყალბებლები" ჩვეულებრივად აგრძელებენ საქართველოს ჩემპიონატში თამაშს, ეს კი თავისთავად უდიდესი რისკია.
ამიტომაც უნდა გამოვლენილიყვნენ კონკრეტული დამნაშავეები და ამის შემდეგ ეს მეტასტაზები სამუდამოდ მოკვეთილიყვნენ ქართული ფეხბურთის სხეულიდან, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაწყებულიყო მისი გაჯანსაღების პროცესი.
ფედერაციას აქ ბრალს ვერ დავდებთ. პირადად მე ველოდი, რომ ეჭვმიტანილი კლუბები უმკაცრეს შიდა მოკვლევას ჩაატარებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ყველა დუმს. ნუთუ, იოლია ამხელა ტვირთით არსებობა, მინდორზე გასვლა?..
ერთიც: არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ სამართალი შერჩევითია. თუნდაც ბოლო დროს იმდენი საეჭვო ანგარიში (18:4, 15:3... ყველას რა ჩამოთვლის) დაფიქსირდა ჩვენი ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგაში, რომ ამ ფაქტებს აუცილებლად სჭირდება გამოძიება...
ფეხბურთი და პოლიტიკა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. მას პარლამენტის წევრობა სურს. რა თქმა უნდა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფეხბურთს სჭირდება მძლავრი ლობი და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს პირველკაცის პარლამენტარობა. მეორე მხრივ, კობიაშვილი სულაც არ არის ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტარობა სურს. ჩვენ გვახსოვს, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები პარლამენტში რომ შესულან...
და მაინც, გინდა თუ არა, ჩნდება კითხვა: შეძლებს კი კობიაშვილი თანაბარი წარმატებით "ორ ფრონტზე" ბრძოლას? დღეს ქართულ ფეხბურთში იმდენი და ისეთი პრობლემებია, დღენიადაგ ხმალამოღებული ბრძოლა რომ სჭირდება.
ეტყობა, ის ხედავს შინაგან ძალას, რომ ყველაფერს გასწვდეს. დღეს ასე ჩანს, რა იქნება მერე, ძნელი სათქმელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ მგონია, მას პოლიტიკა ფეხბურთზე წინ დაეყენებინა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მომდევნო 1 წლის გეგმა: ძმაკაცების და ნაცნობობების დაფრენა, კვალიფიციური კადრების აყვანა საერთაშორისო კონკურსით, ფედერაციის პოლიტიზირების პროცესის შეჩერება, ასაკობრივი ნაკრებებისთვის კვალიფიციური მწვრთნელების დანიშვნა, ფეხბურთში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რეგიონული ფეხბურთის პროგრამის ამოქმედება ბავშთა ფეხბურთში სოფლის და დაბების დონეზე.