ის, რაც დავკარგეთ... კანონმდებლობა თუ არ შეიცვალა, რაც გადარჩა, ისიც აღარ შეგვრჩება

AutoSharing Option
მოცურავეებზე ანეკდოტის არ იყოს, ბოლო 25 წელი ქართველი ფეხბურთელები კარგად არ იქცეოდნენ და აუზში წყალს არ უსხამდნენ, მაგრამ პროცესები ისეთი კატასტროფული ტემპით წარიმართა, საფეხბურთო სამყაროს "აუზში" საშინელი "გვალვა" დადგა...

დიდი განადგურების ეპოქა
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი გულშემატკივარი ოპტიმისტია და საქართველოს ნაკრებისგან დიდ წარმატებას ითხოვს. ცხადია, ეს ყველას გვინდა და გვენატრება, მაგრამ ობიექტურ სურათს რომ გადავხედოთ, საქართველოში ფეხბურთს წარმატების საფუძველი მოუსპეს.

ყველაფერი 90-იანი წლების პრივატიზაციით დაიწყო. უფრო სწორად, ასე მონათლეს ის პროცესი, სინამდვილეში კი სახელად "ანარქია და წინდაუხედაობა" უფრო შეეფერებოდა. არადა, ბალტიისპირეთის ქვეყნები,
პოლონეთი და ჩეხეთი პრივატიზაციამ საგრძნობლად გააძლიერა. გააზრებული პრივატიზაციით არა მხოლოდ ეკონომიკა, ქართული ფეხბურთიც საგრძნობლად დაზარალდა: გაიხსენეთ, ბოლო 25 წელიწადში რამდენი სტადიონი და მოედანი დაინგრა: მარტო ბათუმში ცენტრალური, "ბე-ენ-ზე"-სა და ადელის სტადიონები გასხვისდა, ზუგდიდში ცენტრალური არენა აღარ არის...

ჯერ იყო და, ქართული ფეხბურთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მასაზრდოებელი შენაკადების ჩამოშორებამ დაასუსტა, შემდეგ კი თბილისსა და ახლომდებარე დასახლებებში უამრავი სარბიელი გაანადგურეს. ახლახან გასხვისდა ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს უნივერსიტეტის და წყნეთის ერთადერთი სტანდარტული სტადიონები.

ბოლო ამბავი ორიოდე დღის წინ გვითხრეს - ფეხბურთის მოყვარულ ბიზნესმენს ახალი საფეხბურთო სკოლის დაფუძნება და მასში სოლიდური ინვესტიციის დაბანდება სურს, მაგრამ თბილისში თავისუფალ სტადიონსა და ტერიტორიას ვერ პოულობს. ძიებისას, დიდუბეში მდებარე მაუდ-კამვოლის ფაბრიკის სტადიონს, ეგრეთ წოდებულ "სუკონკას" დაადგა თვალი და მისი ხანგრძლივი იჯარით აღება სურდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ეს საფეხბურთო ცენტრიც სამშენებლო პოლიგონად ყოფილა გადაქცეული.

დაკარგული სტადიონების სია
"ლელო" დაკარგული სტადიონებით დაინტერესდა და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსისა და უეფას მედიაოფიცრის, მამუკა კვარაცხელიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და საკუთარ წყაროებს დაეყრდნო. სურათი უდავოდ კატასტროფულია:

ვაკე: სტუდქალაქი (1 სტანდარტული მოედანი, 1 მცირე ზომის), სპორტის აკადემია (1 სტანდარტული), საფეხბურთო სკოლა "ირაო" (1 მცირე);
ვერა: ვერის პარკი (1 მცირე);
საბურთალო: სპორტის სასახლის უკან მდებარე (1 სტანდარტული), საფეხბურთო აკადემია "ოლიმპი", ჯიქიას ქუჩა (1 სტანდარტული, 3 მცირე, 2 საცურაო აუზი, 2 სატრენაჟორო დარბაზი), საქართველოს უნივერსიტეტი (1 სტანდარტული, 1 მცირე), "ქარიშხალა" (90X50);
ოქროსუბანი: ძველი 35-ე სკოლა (1 სტანდარტული);
დიღომი: თბილისის "ლოკომოტივის" ბაზა (2 სტანდარტული), მტკვრის სანაპიროზე (1 საშუალო ზომის 90X50);
დიდუბე: "ნორჩი დინამო" (2 სტანდარტული, 4 მცირე), "სუკონკა" (1 სტანდარტული, 3 მცირე);
ავლაბარი: ასკ-ის სტადიონი (1 სტანდარტული, 1 მცირე);
ისანი: "შევარდენი" (2 სტანდარტული);
ავჭალა: "სინათლე" (1 სტანდარტული, 2 მცირე);
ვარკეთილი: ვარკეთილის სტადიონი (1 სტანდარტული, 2 მცირე)
ნაძალადევი: ტრიკოტაჟის ფაბრიკა, "ფეიქრის" სტადიონი (1 სტანდარტული, 1 მცირე), "ელდეპოს" უბანში გაუქმებულია 3 მინი-მოედანი;
ლოტკინი: სამღერეთის ქუჩა (1 სტანდარტული, 2 მცირე);
სანზონა: "მთვარის გლობუსი" (1 სტანდარტული);
მუხიანი: ე.წ. სიონის სტადიონი (2 სტანდარტული)
ოქროყანა: 1 სტანდარტული
წყნეთი: 1 სტანდარტული

სულ გასხვისებულია 23 სტანდარტული სტადიონი და 28 საშუალო თუ მცირე ზომის მოედანი, ანუ ჯამში 51 არენა. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ეს სია სრული მაინც არ არის. ცხადია, ფეხბურთელები "პლეისთეიშენით" ვერ გაიზრდებიან, მათ სტადიონები სჭირდებათ.

ხალხის ძალა: პრივატიზებული დაბრუნებულია!
აქვე ვიტყვით, რომ მოუგვარებელია მიხეილ მესხის ხელით აშენებული საფეხბურთო სკოლა "ავაზას" საკითხიც, სადაც 1 სტანდარტული და 2 მცირე ზომის მოედანია. მის ყოფილ მეპატრონე მამუკა მესხს რომ არ ევაჟკაცა, შესაძლოა, სკოლის ნაცვლად იქაც სახლები წამოეჭიმათ.

გაყიდულია და დასანგრევად გამზადებული იყო 31-ე საავიაციო ქარხნის დასახლებაში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე "მერანის" საფეხბურთო კომპლექსი (1 სტანდარტული სტადიონი, 1 არასტანდარტული და 2 პატარა მოედანი). ამ საქმეში საფეხბურთო სამყარო ჩაერია და მფლობელიც გაჩერდა. მაგრამ როდემდე, ჯერაც საკითხავია.

ეგრეთ წოდებული "ზეემკას" დასახლებაში (ისანი-სამგორი) 3 დიდი მოედანი იყო, რომელთაგან ერთზეც სტადიონი იყო მოწყობილი. ისიც გაიყიდა და მორაგბეებს გადაეცათ. მაგრამ ფეხბურთელები ითხოვენ, სამიდან ერთი მოედანი მაინც დაუტოვონ, უბანში ფეხბურთის ცენტრი რომ დარჩეს. ელგუჯა გუგუშვილის თაოსნობით, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ტერიტორიაზე სტადიონი აშენდა, რომელიც ახლა უმოქმედოდაა, ტერიტორია კი გაიყიდა.

ნაძალადევში მდებარე ტრიკოტაჟის სტადიონიც გაყიდულია, ხოლო იქვე მდებარე მინი-მოედანიც დაანგრიეს. ახლა მხოლოდ ერთი საფეხბურთო ჯგუფი მოქმედებს, მაგრამ სანამ სახლები წამოუჭიმავთ, მისი გადარჩენის იმედი კიდევ არსებობს.

ამის მაგალითი კი მამუკა კვარაცხელიამ გვიჩვენა: ლანჩხუთის რაიონის სოფელ გულიანში სტადიონი გაყიდეს, მაგრამ სფფ-ისა და უეფას თანამშრომლის აქტიურობისა და ჩარევის შემდეგ მფლობელმა სტადიონი სოფელს უკან გადასცა და ოფიციალურადაც გადაუფორმა!

საფეხბურთო მეურნეობას უდიდესი დარტყმა 10 წლის წინ ამოქმედებულმა კანონებმა მიაყენა, როცა თბილისში საგრძნობლად გაიზარდა მიწის გადასახადი და წყლის ტარიფი. შედეგად, სტადიონების მეპატრონეები გაკოტრდნენ და მათმა დიდმა ნაწილმა წამგებიანი ობიექტები გაყიდა. ასე წამოიჭიმა ბევრი სკოლის ადგილას სახლები ან სავაჭრო კომპლექსები, ხოლო ვინც სკოლა შეინარჩუნა, იძულებული გახდა, გადასახადი გაეზარდა.

ამ კანონმდებლობით, რა ობიექტებიც გადარჩა, მალე ისიც აღარ შეგვრჩება. ესეც მეტყველებს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს სპორტში პოლიტიკა არ გააჩნდა ან მისი ბედი არ ადარდებდა.

მე მჯერა ქართული ფეხბურთის
ახლა მთავარი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და კანონმდებლობის შეცვლაა, სპორტულმა ობიექტებმა პროფილი რომ შეინარჩუნონ. მხოლოდ ახლა მოხდა, რომ სახელმწიფო მიტოვებული თუ დანგრეული სტადიონებით დაინტერესდა. 10 სტადიონის აშენება და დიღომში ოლიმპიური არენის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემა დამაიმედებელი ფაქტია. მაგრამ პარალელურად, კანონმდებლობის გამკაცრებაცაა საჭირო.

ამის სურვილი "ლელოსთან" კომენტარში ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ დაადასტურა.

"ქვეყანამ ფეხბურთზე რეალური ზრუნვა მხოლოდ ახლა დაიწყო. ამის გამოხატულებაა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება და 10 სტადიონის პროექტის დამტკიცება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია - წლების განმავლობაში სოლიდური თანხები მოხმარდება ბავშვთა ფეხბურთს, ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებასა და, რაც მთავარია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

რაც შეეხება სტადიონების გასხვისებას, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ მას პროფილს შეუნარჩუნებენ და ინფრასტრუქტურას განაახლებენ. მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, არენები იმისთვის გაიყიდოს, რომ იქ ვიღაცამ ბიზნესი წამოიწყოს, სახლები ააშენოს და ხელები ქართული ფეხბურთის მომავლის ხარჯზე მოითბოს.

ჩვენ ამ საკითხზე ყურადღებას აუცილებლად გავამახვილებთ, რადგან წინა წლებში ბევრი სტადიონი გასხვისდა და ამით ფეხბურთმა ბევრი დაკარგა. რა თქმა უნდა, სამსჯელო იქნება, რომ ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდეს", - ამბობს კალაძე.

ვიცე-პრემიერის აზრით, ეს ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს განაპირობებს და დარწმუნებულია, რომ ბოლო ათწლეულებში გულშემატკივრების იმედგაცრუებების მიუხედავად, მას პერსპექტივა გააჩნია:

"დიახ, მე მჯერა ქართული ფეხბურთის, რადგან ამ სახეობაში წარმატებას არა ერთჯერადად, არამედ წლების განმავლობაში ვაღწევდით. არაერთი მსოფლიო დონის მოთამაშე გვყავდა და, რაც მთავარია, საფეხბურთო ქვეყანა ვართ, სადაც ძალიან ნიჭიერი თაობები იზრდებიან. ამ ნიჭსა და პოტენციალს კი გაფრთხილება, მოვლა და პირობების შექმნა სჭირდება, ქართული ფეხბურთი კვლავ წარმატებული რომ იყოს და ჩვენი დროშა საერთაშორისო სარბიელზე ამაყად რომ ფრიალებდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მძლეოსნობის სტადიონი რო მიეცით ფეხბურთს ეგაა კაი საქმე? წყალბურთელი ცურვის გარეშე ისწავლის წყალბურთს? ან ჰოკეის ასწავლი ციგურებზე სრიალის გარეშე?

მძლეოსნობის გარეშე სირბილი ჩვენი სისუსტე იქნება და დაღად ექნება ფეხბურთსაც რაგბსაც ხელბურთსაც და კალათბურთსაც.

და მოეშვით ამ უაზრო წუწუნს. რაგბის სტადიონები რატო არ გასხვისდა 1 ნეტა?
giga
17:14 05-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული