სფფ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

AutoSharing Option
2016 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საფეხბურთო განათლების სასერთიფიკატო პროგრამას - "სფფ-ის სერთიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ქართულ ენაზე იწყებს.

"სერთიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და სრულად უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. საგანმანათლებლო პროგრამა უფასოა მსმენელთათვის და ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი
დღეა, რადგან ძალიან საჭირო და სასარგებლო პროექტს ვიწყებთ - პირველად ჩვენს ქვეყანაში, ქართულ ენაზე ჩატარდება ფეხბურთის მენეჯმენტის კურსები, რომელიც უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო პროექტის ანალოგია და საქართველოში უეფას მხარდაჭერით ხორციელდება. საფეხბურთო განათლების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საჭირო ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში", - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

ამ ეტაპზე პროგრამას საფეხბურთო სფეროში დასაქმებული 30 პირი გაივლის. პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან; ასევე, შეისწავლიან სტრატეგიული მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ პროექტის მონაწილე პირთა წრეზე ისაუბრა: "ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ფეხბურთში არიან დასაქმებულები. ესენი იქნებიან როგორც კლუბების, ისე სხვა საფეხბურთო ფედერაციებისა თუ ასოციაციების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკემბერში გაირკვევა უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ვინაობა და მსმენელთა ძირითადი ნაწილი სწორედ ამ კლუბებიდან დაკომპლექტდება".

კურსზე საბუთების მიღება 2016 წლის დეკემბერში დაიწყება და პროგრამა 2017 წლის ივლისში დასრულდება.
"სფფ-ის სერთიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - პროგრამაში მონაწილე პირებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესანიშნავია! მხოლოდ განათლებული და მცოდნე პროფესიონალები შეძლებენ ქართული ფეხბურთის განვითარებას. ბავშვთა მწვრთნელების განათლებასაც აკადემიურ ჭრილში ესაჭიროება განხილვა.
ლუკა
18:35 07-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული