რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია

AutoSharing Option
ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2016 წლის მარტში დაიწყო საქმიანობა. Sportall.ge დაინტერესდა ფონდის ფინანსური აღრიცხვით, რამდენი კლუბი მოხვდა ფონდის დაფინანსების პროგრამაში და რა თანხები გაიცა ამ დრომდე. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ფინანსური დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ.

დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ წელს საფეხბურთო კლუბებს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 29 მილიონ ლარზე ცოტა მეტი უკვე გადაერიცხათ, სულ კი ჯამში ფონდიდან 77 კლუბი დაფინანსდა.

ფონდის 2016 წლის პროგრამის მიხედვით, ქართულმა კლუბებმა 31 663 025 ლარი უნდა მიიღონ. 29 ნოემბრის მდგომარეობით, 77-მა ქართულმა კლუბმა 29 042 125 ლარი მიიღო.
თანხის გაცემა ორ ეტაპად ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ კლუბების უმრავლესობამ კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი დაფინანსებიდან გარკვეული თანხა ფონდის ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტებისგან მიიღო, რაც შემდგომში აისახა ფონდის აღწერაში. ამ თანხამ ჯამში 5 947 744 ლარი შეადგინა. შესაბამისად, უშუალოდ ფონდიდან საერთო ჯამში კლუბებს 23 094 381 ლარი გადაერიცხათ. წლის ბოლომდე კი კლუბები დარჩენილ 2 620 899 ლარსაც მიიღებენ.

ფონდიდან ყველაზე დიდი დაფინანსება უმაღლესი ლიგის კლუბებს აქვთ. თითო კლუბის დაფინანსება 2016 წელს 1 400 000 ლარით განისაზღვრება, თუ არ ჩავთვლით ქობულეთის "შუქურას" (1 373 323) და ფოთის "კოლხეთს" (1 320 000). ხოლო თუ რატომ აქვს ამ ორ კლუბს ნაკლები დაფინანსება, ფეხბურთის განვითარების ფონდის თავჯდომარის, ზაზა დოლიძის თქმით, კლუბებს ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი ჰქონდათ და შესაბამისად, აღნიშნულ თანხაზე მეტი აღარ სჭირდებოდათ.

"ჩვენ რომ მარტში ჩავერთეთ ამ პროგრამაში, მათ 90% ფიქსირებული ხარჯი ჰქონდათ, ფეხბურთელების კონტრაქტებიც გაფორმებული იყო, შესაბამისად, ხელფასებს ვეღარ გაუზრდიდნენ. ანუ მათი დაგეგმილი ხარჯი 800 000-ზე ნაკლები იყო", - გვეუბნება დოლიძე.

29 ნოემბრის მდგომარეობით, უმაღლესი ლიგის კლუბებმა 18 482 636 ლარი უკვე მიიღეს, 2016 წლის ბოლომდე კი 1 010 687 ლარს მიიღებენ. საბოლოო ჯამში, უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის 2016 წელს ფონდიდან გაცემული თანხა 19 493 323 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პირველი ლიგის კლუბებს, დაფინანსება აქაც არათანაბარია, რაც დოკუმენტიდან ჩანს. ჯამში, ფონდიდან პირველი ლიგის 18 კლუბისთვის წელს განკუთვნილი თანხა 8 027 341 ლარს შეადგენს. აქედან ფონდმა 7 125 858 ლარი უკვე გასცა, დარჩენილ 901 483 ლარს კი კლუბებს წლის ბოლომდე ჩაურიცხავს.

რაც შეეხება არათანაბარ დაფინანსებას, პირველ ლიგაში იგივე სიტუაციაა, რაც უმაღლესში. კლუბებს უკვე ჰქონდათ გაწერილი ხარჯები და შესაბამისად, მეტი თანხა არ დაერიცხათ.

"აქაც იგივე სიტუაციაა. მათ 300 000 იმიტომ არ ჩაერიცხათ, რომ ფიქსირებული ჰქონდათ უკვე თანხები. დამატებითი რესურსი როცა გაგვიჩნდა, რაღაც გამონაკლისები დავუშვით - ზოგმა ფორმის საყიდლად გვთხოვა თანხა, ზოგმა სხვა რამისთვის... ჩვენთან შეათანხმეს და მივეცით თანხა, მაგრამ იმ დაგეგმილი ხარჯის გაზრდის უფლება, რაც ჰქონდათ, აღარ მივეცით.

62 გუნდიდნ 59 იმაზე მეტს იღებს, ვიდრე გეგმაში ჰქონდა. სიტყვაზე, გუნდს ბიუჯეტი ჰქონდა 220 000 და მიიღო 480 000 ლარი", - განმარტავს დოლიძე.

უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს, ჯამში, ფონდმა 2016 წლის ბოლომდე პროგრამის მიხედვით 27 520 664 ლარი უნდა ჩაურიცხოს.

დოკუმენტის მიხედვით, დანარჩენ 45 კლუბს, რომელიც მეორე ლიგაში ასპარეზობს, წლის ბოლომდე 4 142 361 ლარი ეკუთვნის. აქაც, რა თქმა უნდა, თანხის გარკვეული ნაწილი კლუბებს ფონდის ამოქმედებამდე ჩაერიცხათ, ზოგს კი მთლიანი დაფინანსება უკვე მიღებული აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მეორე ლიგაში 65 გუნდი თამაშობს, თუმცა მხოლოდ 45 დაფინანსდა. დოლიძე ამ საკითხსაც განმარტავს:

"შარშან, ჩემპიონატის დამთავრებისას რომელი გუნდებიც იღებდნენ მონაწილეობას, მხოლოდ ისინი დავაფინანსეთ. ეს იმიტომ, რომ გარდამავალ ჩემპიონატში ლიგას 24 გუნდი დაემატა და 24X50 000-ზე რომ გაამრავლო, 1 200 000 ლარით მეტი გამოდიოდა და ასეთი ბიუჯეტი არ გვქონდა. ამიტომ სფფ-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გუნდები შუამდგომლობით მოსულიყვნენ - კი, ჩვენ დავუშვებთ მათ ჩემპიონატში, მაგრამ დაფინანსების პროგრამაში ვერ მოხვდებიან".

გარდა ამისა, ფონდმა 2016 წლის დაფინანსების პროგრამაში კლუბების ფინანსური სტიმულირებაც შეიტანა. 2016 წელს 6-მა კლუბმა განახორციელა ფინანსური აქტივობები (ინვესტიცია, ტრანსფერი და ა.შ.), რის სანაცვლოდ მიიღებს ფონდისგან გარკვეულ თანხებს.

კერძოდ კი, ფინანსური სტიმულირებიდან თანხები შემდეგ კლუბებს ჩაერიცხებათ:

თბილისის "დინამო" - 400 000 ლარი
საჩხერის "ჩიხურა" - 400 000
"საბურთალო" - 400 000
"ლოკომოტივი" - 400 000
ბათუმის "დინამო" - 250 000
"გაგრა" - 50 000

აღსანიშნავია, რომ სამ კლუბზე გასაცემი თანხის ნაწილი უკვე ჩარიცხულია. ესენია: "საბურთალო" - 100 000, "ლოკომოტივი" - 100 000, ბათუმის "დინამო" - 145 000.

საპრიზო და პრემიალური ფონდიდან 2015/16 წლების სეზონში 150 000 ლარი გაიცა, ხოლო 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში და თასზე 750 000 ლარია გათვალისწინებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფონდმა 2016 წელს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას 10 935 ლარი გადაურიცხა.

ქვემოთ გთავაზობთ დოკუმენტაციას:

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge
ასევე იხილეთ თემები ქართულ ფეხბურთზე, რომელიც დაგაინტერესებთ:

- გარიგებული მატჩები - "საოცრებები", რომლებიც ჩვენი ჩემპიონატის ქვედა ლიგებში ხდება
- როგორ ხდება საქართველოში გარიგებული მატჩის ამოცნობა - სფფ-ის მოქმედების პრინციპი
მკითხველის კომენტარები / 15 /
მეორე ლიდაში ის გუნდები რომლებიც არ დააფინანსეს მზიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, მათ ოცი ათასიც ეყოფოდათ, თუმცა ეს იყო უსამართლობა, ერთწლიანი გუნდები დაფინანსდა და ისტორიის შემქმნელი გუნდები, ვინც ბოლო წელს არ ითამაშეს ჰაერში დატოვეს. არასამართლიანობამ უკვე იჩინა თავი, სიჩინავას რაღას ერჩოდით, თუ თქვენც არასამართლიანად მოიქცეოდით
tamazino
14:51 04-12-2016
0
საინტერესო ანგარიშია. კომენტარებსაც გავეცანი და ნაწილობრივ ყველას ვეთანხმები. მართლაც კარგია რომ გუნდების დაფინანსება გათანაბრდა და ამ თანხის კონტროლი დაიწყო და მხოლოდ გამგეობების ხუშტურზე არაა სად როდის და რამდენით დააფინანსებენ გუნდს, ანუ გუნდებში გაჩნდა სტაბილურობის შეგრძნება. ვეთანხმები იმასაც რომ აუცილებელია ამ თანხის მაქსიმალური კონტროლი (ფონდიც წესით მაგისთვისაა შექმნილი რომ ეგ გააკეთოს და იმედია თავს გაართმევს). მართალია ისიც რომ თანხა მხოლოდ კლუბებს არ უნდა მოხმარდეს და მიმართული იყოს ბავშვთა ფეხბურთში, მომავალი თაობებისთვის ნორმალური ბაზების, აკადემიების მშენებლონისკენ და მართლაც მომავლისთვის საფუძვლის ჩაყრისათვის. არ ვეთანხმებ იმას რომ ამდენი გუნდის დაფინანსებისთვის ეს არის დიდი თანხა, პირიქით ვფიქრობ ეს არის მიზერული და უცილებელიც, ვინაიდან სამწუხაროდ ამჯერად გუნდებს არ ყავთ სპონსორები და არსებული დაფინანსების არ არსებობის შემთხვევაში ფაქტიურად ეს სპორტის სახეობა გაქრება, ხოლო დაფინანსება, რომელიც არის გამჭირვალე და კონტროლირებადი პოტენციურ სპონსორს უბიძგებს იმისკენ რომ მციროედენი თანხა მაინც დააბანდოს კლუბებში და ამის მაგალითი უკვე გამოჩნდა და გორის დილას და ბათუმის დინამოს სახით. არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ სპორტის ყველა სახეობას საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსებაზეა, რაგბსაც, კალათბურთსაც, წყალბურთსაც და სხვა სახეობსაც აფინანსებს სახელმწიფო, თან არცთუ მცირედი თანხით და ვინმეს ამ ბოლო წლების მანძილზე ახსოვს რომელიმე სკალათბურთო ან სარაგბო კლუბის საერთაშორისო წარმატება ? მგონი არა. სპორტის დაფინანსება რომ შეწყვიტოს სახელმწიფომ, გადავალთ 20 და მეტი წლით უკან და კიდევ განვმეორდები რომ ეს დაფინანსება მოტივია იმისა რომ მოხდეს კერძო სექტორის დაინტერესება სპორტული სახეობებით. მთელი ფეხბურთის 30 მილიონი ლარი არის ერთი აზერბაიჯანული ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ცუდად დამახსოვრებული „გაბალას“ ბიუჯეტი და ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს რომ ქართული კლუბები ვერ გადიან შემდეგ ეტაპზე, არადა ვითხოვთ. ანუ ქეცბასი არ იყოს, აქედანც გვინდა და მერე იქედანც გვინდა  (დაფინანსება რომ არ იყოს ეგ გვინდა და თან ამასთანავე შედეგიც რომ დაიდოს ეგეც). არავის არ დაუსვამს კითხვა, წელს დაიწყო მარტო სახელმწიფომ ფეხბურთის დაფინანსება ? გეტყვით რომ არა, აქამდე 25 წლის მანძილზე ყველა მუნიციპალურ კლუბს აფინანსებდა მუნიციპალიტეტი, კლუბები არ იყვენენ თანაბარ და სტაბილურ პირობებში, ვინაიდან ერთ წელს თუ გამგებელს მოსწონდა ფეხბურთი გამოუყოფდა 2 მილიონს ხოლო მეორე წელს გამგებელი თუ შეიცვლებოდა შეიძლებოდა საერთოს აღარ დაფინანსებინა გუნდი და ის იშლებოდა. ასევე არ იყო თანაბარი კონკურენცია, ერთიდაიგივე ლიგაში მოასპარეზე გუნდებს ზოგი მუნიციპალიტეტი აფინასებდა მილიონით, ხოლო მეორე ღებულობდა ასიათასს, რაც ამ პროგრამის მეშვეობით გამოირიცხა და დაფინანსება გათანბრდა, რაც შესაბამისად კონკურეციის ამაღლების საწინდარია. მოკლედ თავი რომ არ მოგაბეზროთ, დაფინანსება უნდა გაგრძელდეს, გაჩნდება სტაბილურობის შეგრძნება ფეხბურთელებში და გუნდებში, რაც გრძლევადიან ჭრილში აუცილებლად მოიტანს შედეგს, ეს თანხა უნდა გაკონტროლდეს, ასევე არ უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ხელფასებზე და უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურას და ბვაშვთა ფეხბურთს, ასევე გუნდების მესვეურები არ უნდა იყვნენ შოშიებივით პირდაღებულები და მხოლოდ სახელმწიფოს ფულს არ უნდა ელოდენ, გაინძრნენ მოიყვანონ სპონსორები, ვინც მინიმალურად მაინც დააფინასებს-დაეხმარება გუნდს, თუნდაც წაიყვანს შეკრებაზე, მისცემს მედიკამენტებს და ა.შ.. მაისურებზე კი აქვთ იმდენი ადგილი რომ ყველას ლოგო დაიხატონ (მითუმეტეს ყოფილა რაღაც მოტივაცია სპონსორს თუ იშოვის გუნდი)  მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიურობა და სტადიონზე მისვლა და იქ მოთხოვნა თამაშის და არა სიარულის, ვინაიდან მართლაც ჩვენი გადასახადეიდან ფინასდებიან და სრული უფლება გავქვს მოვთხოვთ ირბინონ, გული და სული დადონ, ითამაშონ მოედანზე და არა ტოტალიზატორში  ასეთი მიდგომით მჯერა ივერია გაბრწყინდება  ამდენი არასდროს დამიწერია, მაგრამ რატომღაც გამეხსნა  მუდამ ქართული სპორტის და ფეხბურთის ქომაგი.
dave
13:09 02-12-2016
0

სიახლეები პოპულარული