ალექსანდრე იაშვილი: არ მინდოდა, წაგებული წავსულიყავი...

AutoSharing Option
2016 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე იაშვილმა შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა დაასრულა. იყო ძალიან ბევრი სიხარული და გამარჯვება, ბოლო აკორდმაც ისე გაიჟღერა, "იაშკას" რომ ეკადრებოდა - მშობლიურ "დინამოში" დაბრუნება, ერთი ამოსუნთქვით ჩათამაშებული საენდშპილო სეზონი, მოგებული ტიტულები...

იაშვილს აღიარება არასოდეს აკლდა. ის ორჯერ იყო საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი - 2004 წელს გაზეთ "სარბიელის" ვერსიით, ხოლო 2008-ში "სარბიელისა" და პროფლიგის ერთობლივი ვერსიით.

რა გასაკვირია, რომ მისთვის ბოლო სეზონში ის საქართველოს 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და "ლელოსა" და "ლიდერბეთის" მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცა.

ამჟამად,
იაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ახალ წლამდე ის "ლელოს" რედაქციაში მოვიწვიეთ და სპეციალური პრიზით დავაჯილდოვეთ. "როცა ამ ასაკში გამოგარჩევენ, ძალიან სასიამოვნოა", - თქვა იაშვილმა დამშვიდობების დროს.

მანამდე კი ეს ინტერვიუ შედგა...

ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი ახლა უფრო მეტია...
- უნდა გაგახსენოთ 22 მაისი, თქვენი კარიერის ბოლო თამაში, უფეხბურთოდ როგორ გრძნობთ თავს?
- მგონი, ახლა უფრო მეტია ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში. როცა გრძნობ, რომ კიდევ შეგიძლია თამაში და მიდიხარ მაშინ, როცა ბოლომდე არ ამოგიწურავს საკუთარი თავი. კარიერა დავასრულე ჩემს მშობლიურ კლუბში, თბილისის "დინამოში". მოვიგე სამი ტიტული და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. "სამტრედიაში" რომ ვიყავი, იმ წელს თასის ფინალში 0:5 წავაგეთ. ალბათ, უხერხული იქნებოდა ამ ანგარიშით წაგების შემდეგ წასვლა. არ მინდოდა, წაგებული წავსულიყავი...

- გერმანიიდან წამოსვლის შემდეგ, სანამ ბაქოს "ინტერში" მიხვიდოდით, თბილისის "დინამოდან" თუ იყო შეთავაზება?
- არა, არ ყოფილა შეთავაზება "დინამოდან".

- ალბათ, უფრო მეტი მოტივაცია გაგიჩნდათ მას შემდეგ, რაც თასის ფინალში დამარცხდით "სამტრედიასთან" ერთად...
- სანამ "სამტრედიაში" მივიდოდი, ფეხბურთისთვის 7 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, თავი მქონდა დანებებული. კი, დღევანდლის მსგავსად სისტემატურად ვთამაშობდი მინი-ფეხბურთს და ფუტსალს, მაგრამ დიდი ფეხბურთი მაინც სულ სხვაა. გეხსომებათ, მაშინ "სამტრედიაში" ჩემი მეგობრები მუშაობდნენ. მათ სურდათ, რომ დავხმარებოდი. ვიფიქრე და ბოლოს თანხმობა ვთქვი. პირველ თამაშში შეცვლაზე შევედი.

"სამტრედიას" თამაშებზე მართლაც საოცარი ატმოსფეროა. იმ დღესაც სავსე იყო სტადიონი. მინდორზე რომ გავედი, ემოციების მოზღვავება ვიგრძენი. საერთოდ, ამ დროს ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობ - ხარ თუ არა ფორმაში, შეგიძლია თუ არა იყო ისევ ისეთი, როგორიც ახსოვხარ გულშემატკივარს... კიდევ ბევრი რამეა... მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა დავრჩი.

სტატისტიკას არასოდეს ვუყურებ
- "დინამოდან" და, ზოგადად, ქართული ფეხბურთიდან ვალმოხდილი წახვედით. თუ გიფიქრიათ, ევროთასებზეც დახმარებოდით გუნდს? შეცვლიდა ეს რამეს?
- არ ღირს ახლა იმაზე ლაპარაკი, რას შეცვლიდა... როცა თბილისის "დინამოში" მივედი, ვისაუბრეთ გია გეგუჩაძესა და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად. თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი მიზანი იყო გუნდთან ერთად ტიტულების მოგება და ისიც ვთქვი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ჩემი საფეხბურთო კარიერაც დასრულდებოდა.

- საქართველოს ჩემპიონატში 100 გოლამდე ცოტა დაგაკლდათ. გული ხომ არ გწყდებათ?
- სიმართლე გითხრათ, არასოდეს ვუყურებ სტატისტიკას. ესეც თქვენგან გავიგე პირველად. პირდაპირ ვიტყვი - საგოლე პასის გაკეთება გოლზე არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებს.

- ამის დასტურად გიორგი ქვილითაიას სიტყვები გამოდგება - საკმარისია, წამით გაიხსნა და იაშვილის პასი არ აგვიანებსო...
- ჩემი აზრით, როგორი კარგი პასიც უნდა მიიღო, თუ გოლის გატანა არ იცი, თუ შესრულება არ გეხერხება, ისე ვერ გაიტან. ფინკე ამბობდა - ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი ის არის, თუ როგორ იხსნება ფეხბურთელი უბურთოდო...

- ალბათ, ქართველი ფეხბურთელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა "სწორად" თამაშია...
- საფეხბურთო განათლება ჰქვია ამას... მუდმივად ჩვენი პრობლემაა, უნდა დაგეთანხმოთ. ისიცაა, რომ ხელის ერთი მოსმით არ სწორდება ყველაფერი, დროა საჭირო.

Sportall.Ge

ფინკე, მანქანა და საწვავი...
- ალბათ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, უცხოეთში რომ ლამობენ კარიერის აწყობას. თავის დროზე თქვენ სულ ახალგაზრდა წახვედით საქართველოდან. მერე მცირე ხნით ისევ დაბრუნდით, მანამდე კი იყო "ლიუბეკი"...
- ძალიან ბევრი რამ მასწავლა ამ გუნდმა. მასწავლა, როგორ უნდა მეთამაშა გერმანიაში. ეს ჩემთვის ტრამპლინი იყო...

- "ფრაიბურგი"?
- "ლიუბეკთან" შედარებით "ფრაიბურგი" ყველა ასპექტში დიდი კლუბია. ფოლკერ ფინკემ ძალიან ბევრი ასწავლა თითოეულ ჩვენგანს. გადაშლილი წიგნივით იყო ის ჩემთვის. ფინკესგან გავიგე პირველად, რომ ყველაფერი არ უნდა დალიო და არ უნდა ჭამო. სულ ამბობდა - კარგ მანქანაში ცუდი საწვავი რომ ჩაასხა, მანქანა კარგად ხომ ვერ ივლისო?!

პირველად, 1993 წელს ვითამაშე თბილისის "დინამოში" და კარიერა 2016 წელს დავასრულე. 23 წელი არ არის ცოტა დრო ფეხბურთელის კარიერაში, მით უმეტეს, შეიძლებოდა, ერთი სეზონი კიდევ მეთამაშა და ამის ძალა ნამდვილად მქონდა.

- საქართველოში დაბრუნებული რას ელოდით და რა დაგხვდათ?
- არ გამკვირვებია, რაც აქ დამხვდა. ძირითადად ხომ ვიცოდი, რა და როგორ იყო. სასიამოვნოდ გამაკვირვა თბილისის "დინამოს" ბაზამ და კლუბში არსებულმა პირობებმა. თამამად ვიტყვი, რომ ასეთი პირობები ბევრ ევროპულ კლუბს არ აქვს.

- ამდენი ხელოვნურსაფრიანი მოედანი ბევრი არ არის საქართველოსთვის?

- რა თქმა უნდა, ბუნებრივი საფარი უკეთესია, მაგრამ მე ცუდ ბუნებრივს კარგი ხელოვნური მირჩევნია. ბაქოს "ინტერი" ხელოვნურზე თამაშობს, მაგრამ შესანიშნავი საფარია, ყოველდღე რწყავენ. სტატისტიკურად არავის დაუთვლია, რომელ საფარზე უფრო ხშირად იღებს ტრავმას ფეხბურთელი.

ნდობა უნდა აღდგეს!
- როგორ უნდა გავავსოთ სტადიონები?
- ფეხბურთელსა და გულშემატკივარს შორის ნდობა უნდა აღდგეს. მოლდოვასთან მატჩში სტადიონი გაივსო და ეს კარგი იყო. თუნდაც ირლანდიასა და უელსში მატჩებისას როგორი ემოცია მოდიოდა გულშემატკივრის მხრიდან...

- ეროვნულ ჩემპიონატზე როგორ უნდა მოვიყვანოთ ხალხი? ჩვენს პირველობაზე ინდივიდუალისტების განსაკუთრებული ნაკლებობაა...
- სწორედ ამიტომ ტარდება ის რეფორმები, რაც ეხება საქართველოს ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, მალე ყველა ერთად დავინახავთ პროგრესს.

- რა ვუყოთ ფეხბურთელების მიგრაციას თუნდაც დაბალ ლიგებში?
- როცა საქართველოს ჩემპიონატი იქნება მაღალი დონის, მაშინ ფეხბურთელი აღარ წავა უცხოეთის დაბალ ლიგაში სათამაშოდ.

- "ფრაიბურგსა" და სხვა კლუბებში ყოფნისას არაერთ ინტელექტუალ ფეხბურთელთან ერთად გითამაშიათ. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი დარჩა ფეხბურთში?
- მაგალითად, მაიკ ფრანცი. ის ახლა "მაგდებურგის" სპორტული დირექტორია. საქართველოშიც იყო ჩამოსული. მასთან ერთად "კარლსრუეში" ვითამაშე. "ფრაიბურგში" ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ადელ სელიმი ტუნისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, ზუბაირ ბეია დუბაის ტელევიზიაში მუშაობს საფეხბურთო ექსპერტად.

მაშინ ეს ახალგაზრდობით მომივიდა...
- დუბაი ახსენეთ და, როგორც სანაკრებო მიმართულების კურატორს, უნდა გკითხოთ - რა მნიშვნელობას ანიჭებთ უზბეკეთთან იანვარში გასამართ ამხანაგურ მატჩს?
- როგორც იცით, ამ მატჩის დღეს არ არის უეფას ფანჯარა. ამდენად, კლუბებს ყველანაირი უფლება აქვთ, ჩვენი ლეგიონერები არ გამოუშვან. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთვნელს, ვლადიმირ ვაისს, საშუალება მიეცემა, საქმეში ნახოს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ის ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ. ...აგერ არის ჯაბა ჯიღაურის ან თუნდაც ოთარ კიტეიშვილის მაგალითები. როგორც ხედავთ, სრულიად შესაძლებელია, საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდე და ნაკრებსაც გამოადგე...

- 68 თამაში საქართველოს ნაკრებში - ეს ცოტა არ არის. ალბათ, ხვდებით, რაც უნდა გკითხოთ...
- ვხვდები: რატომ ვერ ვითამაშეთ დიდ ტურნირებზე?.. ჩემი თაობის ფეხბურთელები რომ დააყენო და სათითაოდ ჰკითხო, ალბათ არავის ექნება კონკრეტული პასუხი. ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერც მე ვპოულობ.

- ფაქტია, ნაკრებში ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები...
-კი, ეს მართლაც ასე იყო...

- საქართველოს ნაკრებში პაუზაც გქონდათ...
- რაც მომივიდა მაშინ, ახალგაზრდობით მომივიდა. ახალგაზრდა მაინც სხვანაირად ფიქრობს. არ ვიყავი მართალი - როცა ქვეყნის ინტერესებს ეხება საქმე, შენი პირადი ეგო გვერდზე უნდა გადადო.

ჩემში მწვრთნელი არ არის
- კარიერის განმავლობაში არაერთი ამპლუა გამოიცვალეთ...
- საქართველოს ნაკრებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფლანგზე ვთამაშობდი, შემტევად. ძალიან ბევრ პოზიციაზე მითამაშია, საყრდენ ნახევარმცველადაც კი ვითამაშე "კარლსრუეში"...

- რა პოზიციაზე გრძნობდით თავს ყველაზე კომფორტულად?
- მეორე თავდამსხმელად. მეტი თავისუფლება მქონდა. საერთოდ, ფოლკერ ფინკე ოთხ ფეხბურთელს ათამაშებდა შეტევაში და თავისუფლებას აძლევდა მათ. ესაა, ბურთი რომ იკარგებოდა, ყველა ვიწყებდით დაცვითი ფუნქციის შესრულებას.

- მწვრთნელობას ისევ არ აპირებთ?
- არა, მართლა არ ვაპირებ. ეს ან ზის შენში, ან არა. ერთია, იყო მწვრთნელი და მეორე - მინდორზე უკარნახო თანაგუნდელებს, ან მატჩის წინ თუ შემდეგ მისცე დარიგებები. ჩემმა მეგობრებმა, ვინც ახლა მწვრთნელები არიან, აქტიური კარიერის დროსვე იცოდნენ, რომ ეს სურდათ.

- რას უსურვებთ საქართველოს 2017 წელს?
- ბედნიერებას! ბევრი საინტერესო პროექტი დაიწყო 2016 წელს და მჯერა, მომავალ წელს ჩვენ ერთად ვნახავთ შედეგებს. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს!

ალეკო კაკაურიძე
გია ტუხაშვილი
სულხან ნამიჭეიშვილის ფოტოები


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენც კაი "კოსტაია-პროსტაია" ხარ.
SERGO
17:48 31-12-2016
0
შენ,მუჯირი და კობიაშვილი ანადგურებთ ქართულ ფეხბურთს,თუმცა წმინდად გგონიათ რომ რაიმე კარგს აკეთებთ.
კლუბები ვითომ სტაბილურ ფინანსებზეა, მაგრამ სამაგიეროდ ხელფეხშებოჭილი არიან, ვერც სპონსორი მოუწვევიათ და ვერც მყიდველი და ვერც ვერავინ.
სამტრედიამ 1 წელიწადში 2 ტიტული მიიღო ვიცე-ჩემპიონის და ჩემპიონის,ჰოდა ფეხბურთელები გაქცევაზე არიან რადგან კლუბს რომელიც საბიუჯეტოა, ფული არა აქვს რომ ეს გაჩემპიონებული ბიჭები დააინტერესოს მეტი ხელფასით რომ დარჩნენ კლუბში.
სადააა ეს საჩემპიონო და საპრიზო ფულები, რატომ არ ურიგებთ?რატომ გარბიან ეს ბავშვები? ყველაფერი გაუთვლელი და უკუღნა როგორ უნდა აკეთოთ?რაღაც სულელურ 30 000 ლარს მოგებულ მატჩებზე იგონებთ.
2017 წელი ალბათ საქართველოში ფეხბურთის არსებობის ბოლო წელიწადი იქნება. სამწუხაროა ეს.
Jango
18:24 31-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული