სამტრედია VS ტორპედო - დავიწყოთ სუპერთასით!

AutoSharing Option
თითქმის 19-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში საფეხბურთო წელიწადი სუპერთასის მატჩით დაიწყება! ანუ, ისე როგორც თითქმის ყველა "ნორმალურ" საფეხბურთო ქვეყანაში, საფეხბურთო სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, ჩვენთანაც ჩემპიონი და თასის მფლობელი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: 26 თებერვალს, მარტვილში, 14 საათზე, ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან "სამტრედია" და "ტორპედო". მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "TV პირველი" გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს ადრე არასდროს მოუგიათ სუპერთასი და ეს ფაქტი, ალბათ, დამატებითი სტიმული უნდა გამოდგეს საკვირაო მატჩის მონაწილე მწვრთნელ-ფეხბურთელებისთვის...

საქართველოს სუპერთასისის ისტორიიდან
...საქართველოს სუპერთასის ისტორიაში მხოლოდ მეოთხე შემთხვევაა, როცა საფეხბურთო წელიწადი სწორედ ამ
მატჩით იწყება; ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ წინა სამი შემთხვევის დროს "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემით ტარდებოდა სეზონი, ახლა კი, როგორც მოგეხსენებათ, "გაზაფხული-შემოდგომაზე" გადავედით.

ისიც აღსანიშნავია, რომ სუპერთასის მატჩით სეზონის დაწყება პირველ სამ გათამაშებაში ხდებოდა; აი, მერე და მერე კი, წამდაუწუმ იცვლებოდა თარიღიც და პაუზებიც არაერთხელ ყოფილა. ყველაზე დიდხნიანი პაუზა კი XXI საუკუნის დასაწყისში გვქონდა, როცა ზედიზედ ხუთი სეზონი არ ჩატარებულა საქართველოს სუპერთასის გათამაშება და აი, 2005 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის იმდროინდელ ხელმძღვანელთა (დიმიტრი რამიშვილი, პაატა ბურჯალიანი) დიდი ძალისხმევით, იმდროინდელმა ჩემპიონმა (თბილისის "დინამომ") თასის მფლობელს ("ლოკომოტივს") მოუგო.

ის მატჩი ბათუმში გაიმართა (ისე როგორც - სულ პირველი გათამაშება) და თარიღის მსგავსად, სუპერთასის ჩატარების ადგილიც ხშირად იცვლებოდა (ამაზე ოდნავ ქვემოთ); ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთ წელიწადში სულაც... ორჯერ ჩავატარეთ სუპერთასი: 2013 წლის დასაწყისში, წინა წლის ჩემპიონი და თასის მფლობელი არკვევდა ურთიერთობას, იმავე წლის მიწურულს კი, 2012/13 წლების სეზონის გამარჯვებული (თბილისის "დინამო") და იმავე სეზონის თასის ფინალისტი ("ჩიხურა").

ისე, მსგავსი შემთხვევები ხშირად მომხდარა, როცა "დუბლის" შემსრულებელი გუნდი, სუპერთასის მატჩში თასის ფინალისტს ეპაექრებოდა. თუმცა, ამიერიდან ასე აღარ იქნება: ამ სეზონიდან მოყოლებული, თუ ერთი და იგივე გუნდი გახდება ჩემპიონიც და თასის მფლობელიც, მაშინ სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ჩემპიონი და II ადგილოსანი დაუპირისპირდებიან.

საქართველოს სუპერთასის სულ პირველი გათამაშებაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ისევე, როგორც ამ ტურნირის ინიციატორი - გაზეთ "რეზონანსის" რედაქცია. სულ პირველი გათამაშება, 1996 წლის 28 ივლისს რომ გაიმართა ბათუმში, იმითაც იყო გამორჩეულ-განსაკუთრებული, რომ მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს მართლაც უცნაური ექსპერიმენტი შევთავაზეთ: მატჩის დაწყებამდე ... პენალტების სერია შესრულდა!
ანუ, ჩანაფიქრი ასეთი იყო: თუ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდებოდა, დამატებითი დრო აღარ დაინიშნებოდა და გამარჯვებულადაც ის გუნდი გამოცხადდებოდა, პენალტების სერიაში რომელიც იმარჯვებდა.

არადა, მატჩისწინა პენალტების სერია ბათუმის "დინამომ" კი მოიგო, მაგრამ ძირითად დროში თბილისის "დინამომ" დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა იმ დროისათვის თავისი მარადიული სათასო მეტოქე და, შესაბამისად, ეს ჯილდოც მოიგო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სუპერთასის ისტორიაში პირველი გოლი იმ დროისათვის 18 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, რომელიც საქართველოს სუპერთასის სამგზის მფლობელია!..

საქართველოს სუპერთასის ყველა მატჩი
1996 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:0
1997 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:1
1998 დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 1:2
2000 დინამო (თბ)-ტორპედო 1:0
2005 დინამო (თბ)-ლოკომოტივი 1:0
2006 ამერი-სიონი 1:0
2007 ოლიმპი-ამერი 1:4
2008 დინამო (თბ)-ზესტაფონი 1:0
2009 დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 1:2, დდ
2010 ოლიმპი-ვიტ ჯორჯია 2:0
2012 ზესტაფონი-გაგრა 3:1
2013 ზესტაფონი-დილა 0:0, 4:2 პენ
2013 დინამო (თბ)-ჩიხურა 0:1
2014 დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0
2015 დინამო (თბ)-დილა 1:0.

სამტრედია VS ტორპედო
"სამტრედია" პირველად ითამაშებს სუპერთასზე, ისე როგორც ამ გუნდის თავკაცს გია ცეცაძეს ექნება დებიუტი. აი, "ტორპედო" კი 2000 წელს მონაწილეობდა სუპერთასზე და თბილისის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა. იმდროინდელ "ტორპედოს" შემადგენლობაში გამოდიოდა კახა ჩხეტიანი, - დღესდღეობით ქუთაისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი რომ გახლავთ...

"სამტრედიას" შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს სუპერთასზე რომ უთამაშიათ: გიორგი ბერიაშვილი (2010 წელს - "ოლიმპის" შემადგენლობაში), დავით რაჟამაშვილი (2012 წელს "ზესტაფონის" შემადგენლობაში), ომარ მიგინეიშვილი (2014 წელს - თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში).

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "სამტრედიას" კაპიტანი და ამ გუნდის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გიორგი დათუნაიშვილი, რომელმაც ორჯერ მოიგო სუპერთასი (2009 წელს - "ვიტ ჯორჯიასთან", ხოლო - 2013 წელს "ჩიხურასთან" ერთად), 2009 წელს კი გოლიც გაიტანა სუპერთასის მატჩში!..

მეტოქისაგან განსხვავებით, "ტორპედოს" შემადგენლობაში ბევრად მეტია იმ ფეხბურთელთა რაოდენობა, სხვადასხვა დროს (და - სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში) რომ უთამაშიათ საქართველოს სუპერთასზე. ამათგან ყველაზე უიღბლო "ტორპედოს" ახალწვეული დავით ხურცილავაა, რომელსაც სხვადასხვა დროს სამი სხვადასხვა გუნდის ("ვიტ ჯორჯია", თბილისის "დინამო", "დილა") შემადგენლობაში უთამაშია სუპერთასზე და ვერც ერთხელ ვერ გაუმარჯვია.

თითო-თითოჯერ უასპარეზიათ სუპერთასზე მაქსიმე ქვილითაიასა (2014 წელს - "ჩიხურაში") და გურამ ადამაძეს (2010 წელს - "ვიტ ჯორჯიაში"), თუმცა - დამარცხებულან; აი, გიორგი გურული კი სუპერთასის გამარჯვებული გახდა 2015 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში; "ჩიხურას" შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა სუპერთასზე გიორგი ქიმაძემ: ერთხელ - გაიმარჯვა, ერთხელ - დამარცხდა;

ასეთივე შედეგი აქვთ ძმებს, ნიკა და როინ კვასხვაძეებს (7-წლიანი პაუზის მერე რომ მოუწიათ კვლავაც ერთ გუნდში ასპარეზობამ): საქართველოს ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძე "ზესტაფონის" შემადგენლობაში 2008 წელს დამარცხდა, 2012 წელს კი - გაიმარჯვა; თანაც, პენალტების სერიაში იყოჩაღა და "დილას" ბრაზილიელ ლეგიონერს ლეონარდოს დარტყმული პენალტიც მოიგერია. რაც შეეხება ნიკა კვასხვაძეს, ეს გარემარბი 2008 წელს "ზესტაფონში" ასპარეზობისას ფინალისტობას დასჯერდა, სამაგიეროდ, 2013 წელს "ჩიხურას" შემადგენლობაში გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

საქართველოს სუპერთასის რიგით XVI გათამაშების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები არიან "ტორპედოს" ვეტერანები - 36 წლის შოთა ბაბუნაშვილი და 34 წლის გრიგოლ დოლიძე. მათ მშვენიერი შანსი ეძლევათ საიმისოდ, რომ საკუთარი მიღწევები გააუმჯობესონ. ბაბუნაშვილი სამჯერ მონაწილეობდა სუპერთასზე და სამივეჯერ გაიმარჯვა (ორჯერ - "ზესტაფონის" შემადგენლობაში, სულ პირველად კი თბილისის "დინამოსთან" ერთად... 2005 წელს)!

ბაბუნაშვილი სუპერთასის სამგზის მფლობელია, აი, გრიგოლ დოლიძემ კი "ამერთან" ერთად ზედიზედ ორჯერ (2006, 2007 წლებში) მოიგო სუპერთასი. და, რაც მთავარია, საქართველოს სუპერთასის ისტორიაში გრიგოლ დოლიძის ორი მაჩვენებელიც დღემდე საუკეთესოა: 4 გოლით, ამ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ და ასევე ერთადერთია, სუპერთასის მატჩში ჰეთ თრიკი რომ შეასრულა!..

გამორჩეული ფაქტები და მოვლენები
* საქართველოს სუპერთასის გათამაშება ყველაზე მეტჯერ თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა - ექვსჯერ. "დინამო არენაზე" და ბათუმში სამ-სამჯერ გაიმართა სუპერთასის მატჩი, ხოლო ქუთაისში, რუსთავსა და გორში - თითო-თითოჯერ;

* სუპერთასის წინა 15 გათამაშებაში 12 გუნდი მონაწილეობდა და დიდი დრო უნდა გავიდეს, თბილისის "დინამოს" რეკორდი რომელიმე სხვა გუნდმა რომ გააუმჯობესოს: 10 მონაწილეობა და 7 გამარჯვება! ამის შემდეგ, თანამიმდევრობა ასეთია: "ზესტაფონი" - 3 (2), ბათუმის "დინამო" - 3 (1), "ამერი" - 2 (2), რუსთავის "მეტალურგი" (იგივე - "ოლიმპი") - 2 (1), "ვიტ ჯორჯია" - 2 (1), "ჩიხურა" - 2 (1), "დილა" - 2 (0), "სიონი" - 1 (0), "ტორპედო" - 1 (0), "ლოკომოტივი" - 1 (0), "გაგრა" - 1 (0).

* მწვრთნელებს შორის სუპერთასზე ყველაზე მეტი მატჩი შოთა ჭეიშვილმა (ბათუმის "დინამო") ჩაატარა - 3 (1 გამარჯვება); ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ: გიორგი ჩიხრაძე ("ამერი") - 2 (2), სოსო ფრუიძე - 2 (1), გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"/თბილისის "დინამო") - 2 (1), დავით ყიფიანი (თბილისის "დინამო"/"ტორპედო") - 2 (1), კახა ცხადაძე (თბილისის "დინამო"/"სიონი") - 2 (1), კახა კაჭარავა (თბილისის "დინამო"/"ზესტაფონი") - 2 (1), ნოდარ აკობია (თბილისის "დინამო"/"ლოკომოტივი") - 2 (1), მურთაზ ხურცილავა (თბილისის "დინამო") - 1 (1), ოთარ კორღალიძე (თბილისის "დინამო") - 1 (1), რაინერ ცობელი (თბილისის "დინამო") - 1 (1), გელა გომელაური ("ვიტ ჯორჯია") - 1 (1), გიორგი ჭიაბრიშვილი ("ზესტაფონი") - 1 (1), თემურ მახარაძე ("ოლიმპი") - 1 (1), კახა გოგიჩაიშვილი (თბილისის "დინამო") - 1, ანატოლი პისკოვეცი ("ოლიმპი") - 1 (0), ვალდას ივანაუსკასი ("დილა") - 1 (0), მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯია") - 1 (0), ზვიად ჯელაძე ("გაგრა") - 1 (0), მალხაზ ჟვანია (თბილისის "დინამო") - 1 (0), უჩა სოსიაშვილი ("დილა") - 1 (0).

* საქართველოს სუპერთასის წინა 15 გათამაშებაში 26-მა ლეგიონერმა იასპარეზა: რამონი, ლეონარდო, ნათან ჟუნიორი, რენე ფერეირა (ყველა - ბრაზილია), ჩასემი, ევოჩე, ჯუისი (სამივე - კამერუნი), ოვონო, აკირემი, აკუასაგა (სამივე - გაბონი), ჩისკო, ორიოლ ლოსანო (ორივე - ესპანეთი), ოვონიკოკო, ჯერემია (ორივე - ნიგერია), ბოტი გოა, ვუო (ორივე - კოტ დივუარი), ედნილსონი (პორტუგალია/გვინეა-ბისაუ), კრშკო (სლოვაკეთი), სპასოევიჩი (ჩერნოგორია), ინომოვი (უზბეკეთი), პეტკოვი (ბულგარეთი), იელიჩი (სერბეთი), გოგა (რუმინეთი), გლიშიჩი (მაკედონია), შევჩენკო (უკრაინა), მაშუკოვი (რუსეთი).

* ამათგან საუკეთესო შედეგი ჩისკოს აქვს: ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა ორჯერ ითამაშა საქართველოს სუპერთასზე და 2014 წელს თბილისის "დინამომ" სწორედ ამ გამორჩეული ესპანელის შემტევის ერთადერთი გოლით მოიპოვა ეს ტიტული. ჩისკოს გარდა, სუპერთასზე გოლი გაუტანიათ სხვა ლეგიონერებსაც: ჯონი ჯერემიას ("გაგრა") და აბაიომი ოვონიკოკოს ("ზესტაფონი").

* არბიტრებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ლაშა სილაგავასა და გიორგი ვადაჭკორიას აქვთ, რომლებმაც სამ-სამჯერ იმსაჯეს სუპერთასის მატჩი; ორჯერ იმსაჯა - ლევან ფანიაშვილმა, თითო-თითოჯერ - ელგუჯა სილაგავამ, თამაზ ლაცაბიძემ, კახა მესხმა, პაატა დოგრაშვილმა, დავით ხარიტონაშვილმა, ალექსანდრე კრიჭაშვილმა, გიორგი კიკაჩეიშვილმა;

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა: 2013 წლის 22 თებერვალს, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ცხინვალმა" 4:1 მოუგო ვალდას ივანაუსკასის დამოძღვრილ "დილას";
ასევე მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა: 2009 წლის 17 დეკემბერს, რუსთავის "ფოლადის" ხელოვნურ საფარზე პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა; მეორე დამატებითი ტაიმის დამთავრებას ბევრი არც არაფერი უკლდა, როცა "ვიტ ჯორჯიამ" გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და თავის ისტორიაში პირველად დაეუფლა საქართველოს სუპერთასს;

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გრიგოლ დოლიძე გახლავთ, რომელსაც კიდევ შეუძლია საკუთარი შედეგის გაუმჯობესება: დღესდღეობით "ტორპედოს" გამოცდილმა მარჯვენა გარემარბმა ორჯერ ითამაშა სუპერთასზე "ამერის" შემადგენლობაში, ორივეჯერ გაიმარჯვა და ამ ორ თამაშში 4 გოლი გაიტანა!

* გრიგოლ დოლიძეს კიდევ ერთი გამორჩეული მაჩვენებლით შეუძლია იამაყოს: ერთადერთი ფეხბურთელია, სუპერთასზე ჰეთ თრიკი რომ აქვს შესრულებული! 2007 წლის 9 დეკემბერს, გორში გამართულ სუპერთასის მატჩში "ამერის" მარჯვენა გარემარბმა ერთმანეთზე უკეთესი 3 გოლი გაიტანა "ოლიმპის" კარში;

* საქართველოს სუპერთასზე ასევე ერთადერთ ფეხბურთელს აქვს "დუბლი" შესრულებული: სულ პირველ გათამაშებაში (1996 წლის 28 ივლისს რომ ჩატარდა), თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდმა დავით ყიზილაშვილმა 2 გოლი გაიტანა ბათუმის "დინამოს" კარში;

* საქართველოს სუპერთასის აბსოლუტური რეკორდსმენი გივი დიდავა გახლავთ, რომელმაც ხუთჯერ მოიპოვა ეს ტიტული (სამჯერ - თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, ორჯერ - "ამერის")! სამ-სამჯერ გაუმარჯვიათ სუპერთასზე: ალექსანდრე იაშვილს (თბილისის "დინამო"), დავით ოდიკაძეს (თბილისის "დინამო" - 2/"ჩიხურა" - 1), დავით ბოლქვაძეს ("ამერი" - 2/"ოლიმპი" - 1), გიორგი დავითნიძეს (თბილისის "დინამო" - 1, "ამერი" - 2), შოთა ბაბუნაშვილს ("ზესტაფონი" - 2/"თბილისის "დინამო").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქუთაისლებო ხონიდან გააყოლეთ თვალი სამხრეთით მიმავალ სამტრედიელ გამარჯვბებულთა დიდ ამალას :)
Guadua
00:30 26-02-2017
0
Guadua ტორპედო იგებს სუპერთას ტორპედო გაიგე ეს ბოლოსდაბოლოს ბევრად უკეთესია ტორპედოოოოოოოოოოოოოო, თქვენ გააყოლეთ თვალი გამარჯვებულ ქუთაისურ გუნდს თვალი.................
torpedooo kutaisii
02:40 26-02-2017
0

სიახლეები პოპულარული