ზესტაფონი-გაგრა 3:1 - ჩემპიონმა ტიტულებს სუპერთასიც შემატა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
წინა სეზონის სუპერთასი "ზესტაფონმა" მოიგო, წლევანდელ ჩემპიონობას კიდევ ერთი ჯილდო მიუმატა. ფეროელთა კაპიტან ზურაბ მამალაძეს თასი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ გადასცა.

იყო დრო, სუპერთასი მხოლოდ თასი რომ არ იყო, პროფლიგა ფულად პრიზსაც გამოდიოდა და ისეც კი მომხდარა, რომ სუპერთასის მატჩში თანხა დამარცხებულ გუნდსაც მიუღია.

კომერციალიზაციის ელემენტებმა იკლო ქართულ ფეხბურთში. სუპერთასიც ისეთი ტიტული გახდა, თასის აწევა გამარჯვებულს რომ უხარია, ოღონდაც ამის იქით არაფერი არ არის.

29 მაისს გამართულ სუპერთასისთვის მატჩზე დასწრება უფასო იყო, თუმცა "მიხეილ მესხზე" ათასამდე ქომაგი ძლივს მოგროვდა.

ფეხბურთელებს მოედანზე სირბილი ნამდვილად არ ეზარებოდათ, ოღონდაც ის დაძაბულობა არ იგრძნობოდა, რაც სატიტულო მატჩებს შეეფერება.

"ზესტაფონმა", ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით ითამაშა. არც "გაგრა" იყო წარმოდგენილი საუკეთესოთა კრებულით - ფეხბურთელები ასაკობრივ ნაკრებებში არიან გამოძახებულები.

შეხვედრის დასაწყისი "გაგრასი" იყო. ფეხმალი ნიგერიელი შემტევი ჯონ ჯერემია მოსვენებას არ აძლევდა "ზესტაფონის" დაცვას. ერთხელაც მოხდენილად დაუსხლტა მეტოქეებს და მამალაძესაც შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

"გაგრას" ანგარიშის გაზრდაც შეეძლო. იმავე ჯერემიამ ვერ გამოიყენა შანსი, მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ ბურთი კარგად ვერ დაამუშავა. ნიგერიელის ჩაუქობის შედეგად მიხეილ სარდალიშვილსაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

ზესტაფონელთაგან პირველ წუთებში დავით რაჟამაშვილი აქტიურობდა. ერთხელ კარგად გაიჭრა დასარტყმელ პოზიციაზე და გიორგი ბეგაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"ზესტაფონმა" თანდათან დაალაგა თამაში და მოედნის შუაში ბურთზე კონტროლი მოიპოვა. ვახტანგ ჭანტურიშვილმა ანგარიში რომ გაათანაბრა, ფეროელებს ამან თავდაჯერებულობა შემატა. კარგად იჭერდა ბურთს გამოცდილი შოთა ბაბუნაშვილი, "გაგრა" კი თავისას კონტრშეტევებით ცდილობდა.

დასამახსოვრებელი იყო ზესტაფონელი გოგა ბერაიას შორეული დარტყმა - ბურთმა მეკარისთვის უხერხული ტრაექტორია მოხაზა და სულ მცირედით ასცდა "ცხრიანს".

მეორე ტაიმSportall.Geი ახალი დაწყებული იყო, "ზესტაფონმა" პენალტი რომ მოინაგრა - მეკარესთან ორთაბრძოლაში ოვონიკოკო წაიქცა, დარტყმა კი რატი წინამძღვრიშვილმა შეასრულა ოსტატურად - 2:1.

"გაგრამ" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწია. ჯერემიამ სოლო-რეიდი შეასრულა, რასაც ოდნავ არაზუსტი დარტყმა მიაყოლა. საქართველოს თასის შარშანდელ მფლობელს კიდევ მიეცა შანსი - მამალაძემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა. ამის გამოყენებას შალვა კვანტალიანი ცდილობდა, თუმცა მისი გარჯა ამაო გამოდგა.

"ზესტაფონი" დაცვაში არ ჩამჯდარა. როგორც კი საშუალება გაუჩნდებოდა, შეტევაში თამაშს ამწვავებდა. ლევან შარიქაძე კარგად გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, კარში გასწვრივ გაგზავნა ბურთი. ბეგაშვილმა გადაცემა კი ჩაჭრა, თუმცა დამატებაზე ზესტაფონელებს შეეძლოთ ხეირის პოვნა.

66-ე წუთზე კი "გაგრას" დაცვა ჩავარდა, საბა ლომია და ოვონიკოკო ბეგაშვილთან მარტონი დარჩნენ და იქ დამთავრდა ყველაფერი - "გაგრა" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმომფხვრელი ნამდვილად არ იყო.

გაგრელები იერიშებს მაინც აგრძელებდნენ. ნუგზარ ხოჯაშვილმა ფლანგური ჯარიმიდან სცადა გოლის გატანა, თუმცა გამოცდილმა მამალაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის დასრულებას ბევრი აღარაფერი უკლდა, "გაგრას" ბოლო საგოლე შესაძლებლობა რომ გაუჩნდა - ნაკუთხურალ ბურთს ზაზა ნადირაძემ შეაგება თავური და მამალაძემ სასწაული ბურთი მოიგერია.

"ზესტაფონს" მართლაც ხვავიანი სეზონი გამოუვიდა - ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი და ჩემპიონობასთან შედარებით მოკრძალებული ჯილდოც შემატა ტიტულებს.

საქართველოს სუპერთასი 2010-11
29.05. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 1000 მაყურებელი
ზესტაფონი-გაგრა 3:1 (იხილეთ ვიდეო)
0:1 ჯერემია (9), 1:1 ჭანტურიშვილი (24, ბაბუნაშვილის პასით), 2:1 წინამძღვრიშვილი (50, პ), 3:1 ოვონიკოკო (66, ს. ლომიას პასით)

ზესტაფონი გაგრა
4-4-2 4-3-3
მამალაძე ბეგაშვილი
თ. გრიგალაშვილი თ. ჯიშკარიანი
გაგოშიძე ჭეიშვილი
რობაქიძე ყურულაშვილი
ჭანტურიშვილი ხოჯაშვილი
ბერაია ზ. ნადირაძე
რაჟამაშვილი ხუციძე
შარიქაძე როსტიაშვილი
ბაბუნაშვილი ჯერემია
წინამძღვრიშვილი კვანტალიანი
ოვონიკოკო სარდალიშვილი

მწვრთნელები
გ. ჭიაბრიშვილი ზ. ჯელაძე

ზესტაფონი
62. წინამძღვრიშვილი - ს. ლომია
66. რობაქიძე - ფირუზაშვილი
70. შარიქაძე - გაჩეჩილაძე
სათადარიგოები: მეშველიანი, ხუჯაძე, ღირდალაძე, შარვაძე

გაგრა
46. როსტიაშვილი - ყიფიანი
46. სარდალიშვილი - ლ. სეთურიძე
75. კვანტალიანი - ერისთავი
სათადარიგოები: მაღრაძე, გადრანი, ფალავანდიშვილი, ზვიადაძე

გაფრთხილება: ბეგაშვილი (50), ყიფიანი (60), ყურულაშვილი (68), მამალაძე (68), ჭეიშვილი (78)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

ზესტაფონის ხვავი და ბარაქა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული