29 აგვისტოდან საქართველოს სათასო ბატალიები იწყება

AutoSharing Option
29 აგვისტოს საქართველოს თასის გათამაშება იწყება. ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა, თუმცა გარკვეული ცვლილებები შევიდა მის გრაფიკში.

იმის გამო, რომ 2012 წლის ბოლომდე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის 22 ტურის გამართვა უნდა მოესწროს, წლეულს თასზე მხოლოდ მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დაიწყება, ყველა შემდეგი რაუნდი კი 2013 წლისთვისაა დანიშნული.

ქართული ტრადიციისამებრ, თასისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან დაიწყებენ ევროტურნირების მონაწილენი. წლეულს ეს პატივი წილად "ზესტაფონს", გორის "დილას", რუსთავის "მეტალურგსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ხვდათ.

29 აგვისტოს გასამართი მატჩებიდან ცენტრალური დაპირისპირების გამოყოფა ძნელია, თუმცა თასის გათამაშების ადრეულ ეტაპზე თბილისის "დინამოს"
ხილვა მაინც საინტერესო უნდა იყოს.

გაცილებით თანაბარი ბრძოლაა მოსალოდნელი მცხეთაში, სადაც "ვიტ ჯორჯია" "ლოკომოტივს" მასპინძლობს. ახლო წარსულში ამ ორ გუნდს შორის უმაღლეს ლიგაში იმართებოდა უშეღავათო ბრძოლები. ახლა კი "ლოკომოტივი" პირველი ლიგის ბინადარია და მათი გზა ვიტელებთან თასზე გადაიკვეთა.

იქიდან გამომდინარე, რომ "ლოკომოტივის" ღირსებას ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტის, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების არაერთი წევრი იცავს, ეს შეხვედრა უდავოდ საინტერესო სანახავია.

ერთმანეთს შეხვდებიან სამაჩაბლოს წარმომადგენლები - აჩაბეთის "ლიახვი" ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლებს.

თასის მეთექვსმეტედფინალი, რომელიც 12 წყვილისგან შედგება, ტერიტორიული პრინციპითაა დაყოფილი და შეხვედრათა უმრავლესობა დასავლეთ საქართველოში გაიმართება. თავისი წილი პუბლიკა ამ მატჩებსაც ეყოლება.

29 და 30 აგვისტოს მატჩები 17 საათზე დაიწყება, საპასუხო მეთექვსმეტედფინალური შეხვედრები კი 17-18 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/16-ფინალი
29 აგვისტო
ზუგდიდი-იმერეთი
სამგურალი-კოლხეთი 1913
ჩიხურა-კოლხეთი (ხ)
სამტრედია-მერანი
გურია-სქური
მერცხალი-შუქურა
ჩხერიმელა-დინამო (ბთ)
ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი
აეტი-სიონი
ლიახვი-სპარტაკი
დინამო (თბ)-სტუ

30 აგვისტო
გაგრა-ჭიათურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული