საქართველოს თასი: როგორ მივუახლოვდეთ ევროპას

AutoSharing Option
თასის გათამაშება თითქმის ყველგან რომ სპეციფიკური ტურნირია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, ისე, როგორც იმ ფაქტს, რომ "შემთხვევით" მეოთხედფინალურ სტადიამდე ვერავინ მიაღწევს!

ბოლოს და ბოლოს, სწორედ მეოთხედფინალიდან იწყება "ევროპასთან მიახლოება"; ანუ რაღა რჩება - ორი ეტაპის დაძლევაც და ფინალში ხარ, სადაც მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებით, შესაძლოა, დამარცხების შემთხვევაშიც მოიპოვო ევროპის ლიგის საგზური.

მოკლედ, ერთობ საინტერესო წყვილები "გვაჩუქა" 6 მარტს ჩატარებულმა კენჭისყრამ და ამ ოთხივე დაპირისპირებაში ფავორიტისა და აუტსაიდერის სტატუსი არც ერთ გუნდს რომ არ უნდა მივანიჭოთ, მერვედფინალებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა...

ტრადიციული სენსაციები

უკვე ტრადიციასავით იქცა, რომ ბოლო წლებში სწორედ მერვედფინალში უნდა მოხდეს, სულ მცირე, ერთი ხმაურიანი სენსაცია. შორი "ექსკურსით" თავს არ მოგაწყენთ და ჯერ ორ ფაქტს გავიხსენებთ: 2010 წელს პირველლიგელმა "ჩიხურამ" მერვედფინალში რუსთავის "ოლიმპი" გამოთიშა. არანაკლებ სენსაციური იყო თასის ამ ეტაპზე თბილისის "დინამოს" ფეხის დაცდენაც.

შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალის ორრაუნდიან დაპირისპირებაში ესპანელი მწვრთნელ-ფეხბურთელებით "გადაძეძგილმა" "დინამომ" ვერაფერი მოუხერხა გორის "დილას": პირველი მატჩი თბილისში, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 2:2 დამთავრდა, საპასუხოში კი გორში, ფეხბურთისთვის მართლაც შეუფერებელ "ქართლის" სტადიონზე ასევე ფრე, ოღონდ 0:0 დაფიქსირდა და იმ გათამაშების, ალბათ, რეალური ფავორიტიც ასე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.

გეხსომებათ, ალბათ, რომ ის მწარე ფიასკო დინამოელთა მწვრთნელ-ფეხბურთელებმა "ქართლის" უხარისხო მინდვრის საფარს დააბრალეს; თანაც, "დინამოს" მძლეველ "დილასა" და იმ გუნდს შორის, საბოლოოდ რომ გაიმარჯვა თასის გათამაშებაში, საერთო მხოლოდ... სახელწოდება იყო! ანუ 2011 წლის შემოდგომაზე "დილაში" არც უცხოეთმოვლილი ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ და არც ყოვლისშემძლე პატრონი ჰყავდა გორელთა გუნდს...

დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო თასის წლევანდელ გათამაშებაშიც: მოგეხსენებათ, რომ "ზესტაფონი" სულ ბოლო მომენტში მოხვდა ზედა ექვსეულში და ლიდერთა სამეულსაც გვარიანად ჩამორჩება; ანუ ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ თასის ამ გათამაშების ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტად "ზესტაფონი" მიგვეჩნია.

თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რაც მოხდა "ზესტაფონისა" და "გურიას" იმ მართლაც უცნაურ ორრაუნდიან დაპირისპირებაში - ლანჩხუთელებმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენეს და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მეოთხედფინალში იასპარეზებენ!

"უცნაური" კი ის დაპირისპირება იმიტომაც იყო, რომ საკუთარი მოედნის მოუწესრიგებლობის გამო "გურია" ორივე მატჩის (საშინაოსიც და საგარეოსიც) ზესტაფონში ჩატარებას დათანხმდა!

დავივიწყოთ სამარცხვინო ფინალი
პირველი მეოთხედფინალური მატჩები 13 მარტს ჩატარდება, საპასუხო კი - 10 აპრილს. ვერაფერს ვიტყვით: ამ თარიღებთან არც ერთ მეოთხედფინალისტს საპრეტენზიო არ უნდა ჰქონდეს და საერთოდაც, საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში, იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, მეოთხედფინალები ყოველთვის სწორედ ამ პერიოდში ტარდებოდა.

გამონაკლისი წინა სეზონი იყო: ჩემპიონატის რეგლამენტი ხომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა; მეოთხედფინალებიც, ცოტა არ იყოს, უჩვეულო დროს ჩატარდა (ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში); ანუ, ვიდრე მეორე ეტაპი დაიწყებოდა, უკვე ცნობილი იყო ნახევარფინალისტთა ვინაობა, რაც "ვიღაც-ვიღაცებს" პრივილეგიურ მდგომარეობაში აყენებდა: ჩემპიონატის მატჩებს ზერელედ მოეკიდებოდა, სამაგიეროდ, თასზე "ზემოდან" გზა ხსნილი იყო და საბოლოოდ ყველაფერი მართლაც სამარცხვინო ფინალით დამთავრდა!

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ შარშანდელი თასის იმ სამარცხვინო ფინალს არანაკლებ სამარცხვინო ამბები უძღოდა წინ: მეოთხედფინალში ერთ-ერთ გუნდს, ფაქტობრივად, მიანიშნეს, გვერდზე უნდა გაიწიოო; მერე კი ნახევარფინალის კენჭისყრისას საშაყირო სიტუაციაც მოხდა, ისეთი, ალბათ, მხოლოდ საქართველოში რომ შეიძლება მოხდეს.

ოღონდ აღარ არის საჭირო იმის გახსენება, ვის კაბინეტში ჩატარდა ეს კენჭისყრა და უფრო მეტიც: რუსთავის "მეტალურგის" წარმომადგენელს დოლურადან ამოღებული ბურთულა ვინ მიაწოდა! თუმცა, მაშინაც გვჯეროდა და დღესაც ასე გვგონია: ნახევარფინალში ყველაზე სასურველი მეტოქე "დილას" რომ უნდა რგებოდა, ბევრად უფრო ზემოთ იყო გადაწყვეტილი, ვიდრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

არადა, თასის წინა გათამაშების მერვედფინალისაგან განსხვავებით, ნახევარფინალისათვის "დილას" ისეთი შემადგენლობა ჰყავდა, "ზემოდან" დაუხმარებლადაც შეძლებდა ნებისმიერი ქართული გუნდის დამარცხებას...

დინამო აქაც დომინანტია
2012-13 წლების საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 13 მარტს ჩატარდება და ოთხივე წყვილზე დაწვრილებით იმ დროს ვისაუბრებთ.

საქართველოს თასზე მეტოქეთა ურთიერთდაპირისპირებებსაც გავიხსენებთ და წინდაწინ ვიტყვით, რომ ყველაზე დიდ ადგილს არა უმაღლესლიგელთა ("დილა"-"ჩიხურა") დაპირისპირებას, არამედ ძველი მოწინააღმდეგეების, თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" ადრინდელ პაექრობებს დავუთმობთ. მანამდე კი მეოთხედფინალისტთა სტატისტიკური მონაცემები გვინდა შემოგთავაზოთ და, უპირველეს ყოვლისა, თბილისის "დინამოთი" უნდა დავიწყოთ.

სხვა გუნდებისათვის მეოთხედფინალში გასვლა თუ მიღწევაა, "დინამოსთვის" წარმატებად მხოლოდ და მხოლოდ თასის აღება ჩაითვლება. საქართველოს თასის 9-გზის მფლობელი გუნდი 24-ივე გათამაშებაში მონაწილეობდა და მხოლოდ სამჯერ მოხდა, რომ მეოთხედფინალში ვერ გავიდა: 1999, 2005 და 2012 წლებში;

"დინამოს" მეტოქე "გურია" მეოთხედფინალში 11-წლიანი პაუზის მერე მოხვდა, თუმცა ლანჩხუთელებს სხვა მიღწევით შეუძლიათ იამაყონ: საქართველოს თასის პირველი გათამაშების გამარჯვებულები არიან!

გორის "დილამ" შარშანდელი თასის აღებით პირველი ტიტული მოიპოვა, ისე კი მეოთხედფინალში გუნდი მეცხრედ გავიდა. მესამედ არის ამ ეტაპზე გორელთა მეტოქე "ჩიხურა", ცხინვალის "სპარტაკი" - მეოთხედ, "მეტალურგი" - მეხუთედ, "სიონი" - მეშვიდედ, ხოლო "ტორპედო" - საქართველოს თასის გათამაშებაში მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება: ქუთაისელთა საყვარელი გუნდი მეთოთხმეტედ იასპარეზებს მეოთხედფინალში და აქედან მხოლოდ ოთხჯერ მოხდა, რომ ეს ეტაპი ვერ დაძლია.

აქვე ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ "ტორპედომ" საქართველოს თასი ორჯერ მოიპოვა, ოთხჯერ კი ფინალი წააგო.

დანარჩენზე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 13 მარტს, თასის პირველი მეოთხედფინალების დღეს ვისაუბროთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე არ შეიძლება გადააყოლეთ ამ თასს დილა იმაზე რატო არავინ საუბრობს მეტალურგს რომ ჩემპიონობა ჩამოართვეს. ემ შემთხვევაში რა მოხდა ვისგან იყო ზეწოლა?????
amo88
01:08 08-03-2013
0

სიახლეები პოპულარული