დინამო-კოლხეთი (ხობი) 6:0 - ვუო და სხვები [VIDEO]

AutoSharing Option
საპასუხო მერვედფინალების წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ საქართველოს თასის გათამაშების ამ ეტაპზე გარკვეული სიურპრიზები გველოდა.

ასეც მოხდა - ასპარეზობას გამოეთიშა "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედოს" კი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სპარტაკთან" ჭიდილში პენალტების სერია დასჭირდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

...ისე როგორ უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე პირველი ლიგის წარმომადგენელიც არ გვეხილა? ეს პატივი წილად ერგო ქობულეთის "შუქურას", რომელიც უმაღლესი ლიგის შვიდ გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ჩიხურა", "დილა", "მეტალურგი", "მერანი", "სიონი") ერთად დაელოდება საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრას.

ამ ეტაპის პირველი მატჩები კი, კალენდრის თანახმად, 2014 წლის 26 თებერვალს უნდა
გაიმართოს...

* * *
"დინამომ" მეოთხედფინალის საგზური პირველ მატჩშივე გაიფორმა. ასე რომ, 30 ოქტომბერს გამართული შეხვედრა ფორმალობაც იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამას გარდა, კვირას გასამართი "მეტალურგთან" დაპირისპირების წინ დინამოელებს მშვენიერი სპარინგიც გამოუვიდათ, ოღონდ, ამ შემთხვევაში სულაც არ ვაკნინებთ ხობის "კოლხეთს" - პირველი ლიგის წარმომადგენელი ხომ თავიდანვე უშანსოდ იყო ფორმააკრეფილი "დინამოს" წინააღმდეგ...

Sportall.Geროგორც მოსალოდნელი იყო, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა სერიოზულად გადაახალისა შემადგენლობა: ძირითადის ზოგიერთი წევრი (ხმალაძე, გოგა, კვარაცხელია, სეთურიძე) სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გიორგი ლორია, ჩისკო, უსტარიცი, გიორგი მერებაშვილი და დავით კვირკველია კი თანაგუნდელების იოლ მატჩს "დინამო არენის" ვიპ-ლოჟიდან ადევნებდნენ თვალს.

მატჩი კი "დინამოს" უპირატესობით დაიწყო და კაპიტნის რანგში მოასპარეზე ირაკლი ძარიას წამოწყებული და დარკო გლიშიჩის გაგრძელებული კომბინაცია, წესითა და რიგით, გოლით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ პატრიკ ვუომ უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მიზანს ააცილა.

"დინამოს" კოტდივუარელი ცენტრფორვარდი, საერთოდაც, მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო: ჰეთ-თრიქი ხომ შეასრულა, დაახლოებით ამდენივე რეალურზე-რეალური მომენტიც ვერ გამოიყენა!

თანაც, ვუოს თითქმის ყველა გოლი და ვერგამოყენებული მომენტებიც ერთმანეთს ჰგავდა: თავდამსხმელი პოზიციას კარგად ირჩევდა და სტუმართა მეკარის ბაქანთან "ჩასაფრებული" ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ სამჯერ იხეირა.

გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთობ სასარგებლოდ გაისარჯა ელგუჯა გრიგალაშვილი, რომლის ჩაწოდებულ საჯარიმოს მოჰყვა კიდეც შეხვედრის პირველი გოლი, გიორგი გველესიანმა ეფექტური თავური დარტყმით რომ გაიტანა.

გრიგალაშვილმა წამოიწყო ის კომბინაციაც, ფლანგზე დავით ხურცილავამ რომ გააგრძელა და ბოლოს, გიორგი მიქაბერიძის ზუსტი დარტყმით რომ დამთავრდა.

სხვათა შორის, ხურცილავას ეფექტიანი თამაშიც აღსანიშნავია - დინამოელთა მარჯვენა მცველმა ამ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა.

..."დინამოს" შეტევებს ბოლო არ უჩანდა და ზაზა გელაშვილის კართან შექმნილი მომენტების ჩამოთვლასაც აზრი არ აქვს; უბრალოდ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, თუ როგორ შეძლო ჯაბა დვალისა (პირველ ტაიმში) და ირაკლი ლექვთაძის (მეორე ტაიმში) ჩინებული პასების მერე ჩვენ მიერ არაერთხელ ნახსენებმა ვუომ, ფაქტობრივად, 100-პროცენტიანი მომენტების გაცუდება.

რაც შეეხებათ სტუმრებს, "კოლხეთის" ფეხბურთელებმა "დინამოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილი მხოლოდ ერთხელ შეაწუხეს, როცა მეორე ტაიმში ცოტნე ბუკიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

აქვე ის ეპიზოდიც გვინდა გავიხსენოთ, პირველ ტაიმში რობიკო ცობეხიამ მარჯვენა ფლანგზე ჩინებული რეიდი რომ წამოიწყო, მეტოქის საჯარიმოშიც შეიჭრა, მაგრამ საბოლოო დარტყმა ზუსტი არ გამოუვიდა.

მატჩს საბოლოო წერტილი კი დორინ გოგამ დაუსვა: რუმინელმა შემტევმა ინდივიდუალურად გაიბრწყინა და ეფექტური გოლიც გაიტანა.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები

სპარტაკი-ტორპედო 2:2 - ოჰ, ეს ყისმათი! [VIDEO]
ზესტაფონი-სიონი 0:1 - ახალი მწვრთნელით მეოთხედფინალში [VIDEO]
დინამო (ბთ)-დილა 2:1 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-შუქურა 2:1 - საგზური ზღაპარში
მერანი-გურია 1:1 - ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ
ჩიხურა-ლოკომოტივი 4:0 (1:3)
კოლხეთი (ფ)-მეტალურგი 1:3 (0:2)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული