მერანი-გურია 1:1 - ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ

AutoSharing Option
საპასუხო მერვედფინალების წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ საქართველოს თასის გათამაშების ამ ეტაპზე გარკვეული სიურპრიზები გველოდა.

ასეც მოხდა - ასპარეზობას გამოეთიშა "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედოს" კი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სპარტაკთან" ჭიდილში პენალტების სერია დასჭირდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

...ისე როგორ უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე პირველი ლიგის წარმომადგენელიც არ გვეხილა? ეს პატივი წილად ერგო ქობულეთის "შუქურას", რომელიც უმაღლესი ლიგის შვიდ გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ჩიხურა", "დილა", "მეტალურგი", "მერანი", "სიონი") ერთად დაელოდება საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრას.

ამ ეტაპის პირველი მატჩები კი, კალენდრის თანახმად, 2014 წლის 26 თებერვალს უნდა
გაიმართოს...

* * *
"მერანს" ისევ საკადრო პრობლემები აქვს - აკაკი შულაია, ლაშა კუჭუხიძე და გიორგი ლობჟანიძე ტრავმირებულები არიან. ახლა მათ დაემატა შოთა ბაბუნაშვილიც, რომელიც ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

Sportall.Geპირველი ტაიმი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. "გურიამ" პირველი სახიფათო მომენტი 26-ე წუთზე შექმნა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კოშკაძეს მიუვიდა, მაგრამ მისი ყუმბარისებური დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს.

ზუსტად ორ წუთში ჯიშკარიანმა მახვილი კუთხიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და მეკარესა და მცველს შორის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად კინაღამ კარში აღმოჩნდა. შეცდომა ისევ ხუბუამ გამოასწორა და ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელი კარიდან გამოიტანა.

გულხელდაკრეფილები არც მასპინძლები ყოფილან. ბაბუნაშვილისა და შალვა კვანტალიანის კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, თუმცა ბოლო წამს კონცენტრაცია დაკარგა და წაიქცა.

შესვენებამდე მარტვილელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ - კვანტალიანის გადაცემის შემდეგ მოედანზე ახალშესული მელქაძე ცდილობდა დარტყმას, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

უფრო საინტერესო მეორე ტაიმი გამოდგა. გოლებთან ერთად, რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც ვიხილეთ - მელქაძის შორეული დარტყმა ძელს მოხვდა.

მალევე გურულები დაწინაურდნენ: 55-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული თავისუფალი დარტყმა ჩიკვილაძემ გოლად აქცია - 0:1.

მარტვილელები არ გატყდნენ და თამაშის სადავეები კვლავ იგდეს ხელთ. აქტიური მელქაძის შორეული და გეგეჭკორის თავური დარტყმები ოდნავ უზუსტო გამოდგა.

70-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც მიაღწიეს საწადელს - ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მელიავა (საუკეთესო ფეხბურთელი ორივე გუნდში) მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ბოლოსკენ გურულები გააქტიურდნენ. მათ მინიმუმ ერთი გოლი სჭირდებოდათ. არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე "გურია" ვა-ბანკზეც წავიდა. მეკარე ბობღიაშვილმა საკუთარი ნახევარი გაიარა და მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, თუმცა იობაშვილის თავური კარს ასცდა.

საფინალო სასტვენამდე კი კოშკაძემ დაარტყა ტექნიკურად, თუმცა ამჯერად ხარშილაძემ ითამაშა ჩინებულად და თავისიანები პრობლემებს აარიდა. საბოლოოდ - 1:1.

ვერ ვიტყვით, რომ "მერანს" ამ შეხვედრაში ფრე არ დაუმსახურებია. კახა ჩხეტიანის გუნდმა წარუმატებელი სერია (ზედიზედ 4 მარცხი) შეწყვიტა და თასის მეოთხედფინალშიც გავიდა.

გათავისუფლდა თუ არა "მერანი" ფსიქოლოგიური წნეხისგან, ამას დრო გვიჩვენებს.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო-კოლხეთი (ხობი) 6:0 - ვუო და სხვები [VIDEO]
სპარტაკი-ტორპედო 2:2 - ოჰ, ეს ყისმათი! [VIDEO]
ზესტაფონი-სიონი 0:1 - ახალი მწვრთნელით მეოთხედფინალში [VIDEO]
დინამო (ბთ)-დილა 2:1 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-შუქურა 2:1 - საგზური ზღაპარში
ჩიხურა-ლოკომოტივი 4:0 (1:3)
კოლხეთი (ფ)-მეტალურგი 1:3 (0:2)


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული