ვიტ ჯორჯია-შუქურა 2:1 - საგზური ზღაპარში

AutoSharing Option
საპასუხო მერვედფინალების წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ საქართველოს თასის გათამაშების ამ ეტაპზე გარკვეული სიურპრიზები გველოდა.

ასეც მოხდა - ასპარეზობას გამოეთიშა "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედოს" კი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სპარტაკთან" ჭიდილში პენალტების სერია დასჭირდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

...ისე როგორ უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე პირველი ლიგის წარმომადგენელიც არ გვეხილა? ეს პატივი წილად ერგო ქობულეთის "შუქურას", რომელიც უმაღლესი ლიგის შვიდ გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ჩიხურა", "დილა", "მეტალურგი", "მერანი", "სიონი") ერთად დაელოდება საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრას.

ამ ეტაპის პირველი მატჩები კი, კალენდრის თანახმად, 2014 წლის 26 თებერვალს უნდა
გაიმართოს...

* * *
"ეს იყო მოგება ზღაპარში" - ასე ლაკონიურად შეაფასა მატჩი "შუქურას" პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ. თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი არ აჭარბებდა - ქობულეთის "შუქურამ" მეოთხედფინალის საგზური დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა.

ეს იყო თამაში, რომელშიც სათასო სპეციფიკა, დრამატიზმი და მოულოდნელი სიუჟეტი სრულად აისახა.

Sportall.Ge...პირველ მატჩში "შუქურამ" მერაბ კოპალიანის გოლით 1:0 გაიმარჯვა. ცხადია, პირველი ლიგის ბინადარს ეს ანგარიში მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს აძლევდა, მაგრამ ფავორიტად ყველა მაინც მასპინძელ "ვიტ ჯორჯიას" მიიჩნევდა და ეს ლოგიკურიც იყო.

შეხვედრის დასაწყისში ეს მოლოდინი გამართლდა. "ვეტერინარები" თავიდანვე იერიშზე გადავიდნენ, შეტევებს უფრო და უფრო ამწვავებდნენ და პირველი ტაიმის ბოლოსთვის სრულ უპირატესობასაც ფლობდნენ.

კარგად მოქმედებდა "ვიტ ჯორჯიას" ნახევარდაცვა - საყრდენი ღიბრაძე წინა ხაზამდე ბურთის დროულად მიტანას ახერხებდა; ცენტრში ჯანელიძე თანაგუნდელებს აზრიანი გადაცემებით ამარაგებდა; მარჯვენა ფლანგზე მწვავედ თამაშობდა კორიფაძე, რომლის მოჭრილი ჩაწოდებები თავდამსხმელებისთვის საჩუქარი უნდა ყოფილიყო; შეტევებს ამწვავებდა ნიკა სიჭინავაც...

აშკარა იყო, რომ ვიტელთა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ კარგად გაიაზრა, რომ სტუმრები დაცვაში ჩაჯდებოდნენ და ეტყობოდა, ფეხბურთელებს შორეული დარტყმებიც დაავალა.

შეიძლება გავიხსენოთ ჯავაშვილის ამგვარი მცდელობა, რომელიც მეკარე კაკალაძემ გააუვნებელყო. ამ უკანასკნელმა მშვენივრად ითამაშა იმ ეპიზოდშიც, როცა კორიფაძემ საჯარიმოს ხაზიდან "ცხრიანს" დაუმიზნა...

ქობულეთელთაგან მეტოქის კარს გუნდის კაპიტანი გიორგი ჩელებაძე დაემუქრა, მაგრამ მის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მეკარე ჩალიგავა ბურთს ადგილზე დახვდა.

ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა "ვიტ ჯორჯიამ" მიზანს მიაღწია - ღიბრაძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და ისეთი ძალით დაარტყა, ძელიდან ბადეში ჩაეშვა - 1:0.

მეორე ტაიმში "შუქურა" გამოცოცხლდა და რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა. ნოდარ მაჭავარიანი (რუსთავის "მეტალურგის" ყოფილ მცველში არ შეგეშალოთ) ფლანგზე მცველებს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და თავადვე სცადა შეტევის დაგვირგვინება, მაგრამ უშედეგოდ.

მოგვიანებით, სახიფათო მომენტები შექმნეს იმავე მაჭავარიანმა და ბაჯელიძემ, ხოლო განსაკუთრებით მწვავე გამოდგა ჩელებაძის მორიგი ჯარიმა, რასაც მეკარე ჩალიგავამ დროული რეაქციით უპასუხა...

მართალია, საერთო ჯამში მაინც "ვიტ ჯორჯია" დომინირებდა, მაგრამ ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ მეოთხედფინალისტის ვინაობა დამატებით დროს (ან პენალტების სერიას) უნდა გაერკვია...

არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ძირითად დროს 5 წუთი დაამატა. დროის ამ მონაკვეთში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. კორიფაძემ ("ვიტ ჯორჯიაში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო) მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მცველებს ტანმაღალმა ლობჯანიძემ დაასწრო და თავით გაგზავნა კარში - 2:0.

ეს ანგარიში უკვე "ვიტ ჯორჯიას" აძლევდა ხელს და აქაც ყველაფერი გარკვეული გვეგონა, მაგრამ...

ქობულეთელები მთელი გუნდით წავიდნენ შეტევაში და ვიტელთა კართან ჯარიმა მოიპოვეს. ბურთთან მეკარე კაკალაძე მივიდა და საჯარიმოში ჩაჰკიდა. მეკარე ჩალიგავა გამოსვლაზე შეცდა - ბურთი ხელიდან გაუვარდა და იქვე იყო ბაჯელიძე, რომელმაც დრამატულ მატჩს წერტილი დაუსვა და "შუქურა" მეოთხედფინალში გაიყვანა - 2:1.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო-კოლხეთი (ხობი) 6:0 - ვუო და სხვები [VIDEO]
სპარტაკი-ტორპედო 2:2 - ოჰ, ეს ყისმათი! [VIDEO]
ზესტაფონი-სიონი 0:1 - ახალი მწვრთნელით მეოთხედფინალში [VIDEO]
დინამო (ბთ)-დილა 2:1 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]
მერანი-გურია 1:1 - ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ
ჩიხურა-ლოკომოტივი 4:0 (1:3)
კოლხეთი (ფ)-მეტალურგი 1:3 (0:2)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული