ზესტაფონი-ჩიხურა 0:1 - სრულიად დამსახურებულად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში დაფიქსირებული უგოლო ფრე ზესტაფონურ მატჩში დაძაბულ და საინტერესო თამაშს გვპირდებოდა. იმერულმა დერბიმ მოლოდინი გაამართლა. გუნდებს თავი არ დაუზოგავთ და სანახაობრივი თვალსაზრისითაც კარგი მატჩი გამოდგა.

"ჩიხურამ" გია გეგუჩაძის გუნდი უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

მატჩისწინა მოთელვისას ზესტაფონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე თორნიკე გრიგალაშვილი გავიდა. თავად თამაში კი მასპინძლების უპირატესობით
დაიწყო. ზესტაფონელები მოკლე პასებითა და კომბინაციური თამაშით ცდილობდნენ საჩხერელთა კართან მიახლოებას.

ჯაბა დვალს დებიუტშივე შეეძლო ანგარიშის გახსნა, როცა ლაშა ჭელიძისა და მეკარე მაქსიმე ქვილითაიას შეუთანხმებელი თამაშის შედეგად ბურთს დაეუფლა და ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა საჩხერელთა კარის დარაჯმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

თანდათან სოსო ფრუიძის შეგირდებიც "გათამამდნენ". თეიმურაზ ღონღაძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მეკარე ბოიან პავლოვიჩმა კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი შეტევაში გართულ მასპინძლებს მეტოქის სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ. მარჯვენა ფლანგზე გაჭრილმა გიორგი კორიფაძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ღონღაძემ აჯობა და ზესტაფონელები მაღალ ნახტომში თავური დარტყმით დაამწუხრა.

მალევე, "ჩიხურას" მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან თორნიკე მუმლაძის "მოჭრილი" დარტყმის შემდეგ მასპინძლები ძელმა იხსნა. საჩხერელთა მორიგ შეტევას კი ღონღაძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა - ბურთს მცველმა დაუხვედრა ფეხი და კარს სულ მცირედით ასცდა.

ამ ათწუთიანი დაბნეულობის შემდეგ "ზესტაფონი" ისევ გააქტიურდა და დვალმა ახლო მანძილიდან სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა. ტაიმის მიწურულს თორნიკე გრიგალაშვილმაც დაარტყა სახიფათოდ, თუმცა სიზუსტე მასაც დააკლდა.

მეორე ნახევარში დვალის ნაცვლად მინდორზე გასული თორნიკე კაპანაძე აქტიურად ჩაერთო თამაშში. ზესტაფონელებმა მთელი ძალებით შეუტიეს, "ჩიხურა" კი საკუთარ საჯარიმოსთან გამაგრდა.

როცა სტუმრები ბურთს მოიხელთებდნენ, ძირითადად, მათი ეული ფორვარდის (მუმლაძე) მისამართით აკეთებდნენ გრძელ გადაცემებს. მუმლაძეც ბოლომდე იბრძოდა და ერთი-ორჯერ პავლოვიჩიც შეაწუხა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

"ზესტაფონი" კი კვლავინდებურად ფლობდა უპირატესობას. განსაკუთრებით, მიხეილ სარდალიშვილი და კაპანაძე აქტიურობდნენ. ჯერ იყო და, სამიზნეს ორივემ მცირედით ააცილა, შემდეგ კი მათ დარტყმებს მეკარე ქვილითაია გადაეღობა, რომელმაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

სარდალიშვილის უძლიერესი დარტყმა ქვილითაიამ ნახტომში მოიგერია, ლევან შარიქაძის ჩაწოდებისა და კაპანაძის თავური დარტყმის შემდეგ კი სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და "ჩიხურა" აშკარა გოლისგან იხსნა.

ცოტა მოგვიანებით "მაქსიმ" მალხაზ გაგოშიძის ძლიერი დარტყმაც მოიგერია, მატჩის მიწურულს კი იმავე გაგოშიძეს ურთულესი თავურიც აუღო და კარი "მშრალად" შეინახა.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
26.11. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 800 მაყურებელი
ზესტაფონი-ჩიხურა 0:1 (პირველი მატჩი 0:0)
გოლი: 0:1 ღონღაძე (20. კორიფაძის პასით)
ზესტაფონი (4-5-1): პავლოვიჩი - თედ. გრიგალაშვილი, ხიდეშელი, თორნ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე - სარდალიშვილი, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, გვალია (74. ფანცულია), ილურიძე (67. მიქელთაძე) - დვალი (46. კაპანაძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, რობაქიძე, ენდელაძე.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ჩიხურა (4-4-1-1): ქვილითაია - ოდიკაძე, ჭელიძე, კაშია, ქიმაძე - ღონღაძე, დობროვოლსკი, ჩიკვაიძე, ბაჯელიძე (63. სიხარულია), კორიფაძე (77. ივანიშვილი) - მუმლაძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ნადირაძე, იაკობაშვილი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ღონღაძე (77)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული