დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0 - შემორჩენილი ინტრიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ ერთთვიან პერიოდში "დინამომ" ზედიზედ მეექვსე ოფიციალური მატჩი მოიგო, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდს მორიგი წარმატებული შეხვედრა რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმად დაუჯდა: უკვე მერვე წუთზე შესაცვლელი გახდა ლიბორ ჰრდლიჩკა, მატჩის მიწურულს კი სათამაშო ეპიზოდში დაშავდა დინამოელთა ერთ-ერთი ლიდერი მათე ცინცაძე...

ისე, "დინამოს" სლოვაკი მეკარე მართლაც დაინავსა: ჩემპიონატის პირველ ტურში ("საპოვნელასთან") რომ დაშავდა, იმის მერე ახლაღა დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე გატარებული იმ 8 წუთის განმავლობაში ჯერ მეტოქის ფეხბურთელი შეეჯახა, მერე თანაგუნდელი! თანაც, დროის ამ მოკლე მონაკვეთში ჰრდლიჩკამ... ორჯერ მოასწრო თავისი გუნდის გადარჩენა
აშკარა უსიამოვნებისგან.

სტუმართაგან საწყის წუთებში ნიკა სიჭინავა და "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე აქტიურობდნენ, მასპინძელთაგან კი ალექსანდრე იაშვილისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის კომბინაციაა გამოსარჩევი. მართლაც "გიჟური" საწყისი წუთების შემდეგ, თამაში ოდნავ დაწყნარდა, 30-ე წუთის შემდეგ კი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობაც გამოიკვეთა.

თუმცა, მანამდე მერაბ გიგაური დაემუქრა "დინამოს" კარს და საერთოდაც, ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ თავის გუნდში, ისე როგორც მასპინძელთა შორის - უბერებელი ალექსანდრე იაშვილი! ამ სეზონში უკვე მერამდენედ გვიწევს იმის აღნიშვნა, თუ როგორი მონდომებით თამაშობს 37 წლის "იაშკა" - აღარაფერს ვამბობთ მის საშემსრულებლო ოსტატობაზე!

მან გუშინაც მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა: რამდენჯერმე სახიფათოდ დაემუქრა მეტოქის კარს, შეხვედრის ერთადერთი გოლი კი მისი ჩინებული ფლანგური გადაცემის შემდეგ გავიდა!

ისე, ნურც ჯაბა ჯიღაურს დავუკარგავთ გარჯას: "დინამოს" უნივერსალი ნახევარმცველი ამ სეზონში შესაშური შედეგიანობით გამოირჩევა და ამჯერადაც ეფექტური გოლი გაიტანა.

გუშინდელ მატჩში აქტიური იყო ოთარ კიტეიშვილიც: ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს რომ დაემუქრა მეტოქის კარს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ოთარ კაკაბაძის მშვენიერი ფლანგური გარღვევის მერე ბურთი ხარიხას გაარტყა. კიტეიშვილს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ კოკა სეფიაშვილმა ითამაშა უშეცდომოდ იმ ეპიზოდში, ორჯერ კი გიორგი თევზაძე ურტყამდა სახიფათოდ თავისი "საფირმო" ცაციათი.

თუმცა, არც "კოლხეთი" ეგუებოდა დამარცხებას და ერთ ეპიზოდში გიორგი ლემონჯავამ ანერვიულა მასპინძელთა ქომაგები. აი, არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე კი სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსიც მიეცათ: თამაზ ჟიშკარიანის ფლანგური პასის მერე ლევან კუხალეიშვილი ძალიან ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი "დინამოს" კარს სულ მცირე მანძილით ასცდა.

თუმცა, ამით ბევრი რამ არ შეცვლილა და საპასუხო შეხვედრას გარკვეული ინტრიგა ყველა ვარიანტში ექნება...

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/8 ფინალი. I მატჩი
16.09. თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ჯიღაური (39. იაშვილის პასით)
დინამო (4-4-2): ჰრდლიჩკა (8. ბეგაშვილი) - კაკაბაძე, ზ. ჭელიძე, რენე ფერეირა (46. გ. გურული), გ. თევზაძე - ჯიღაური, მ. ცინცაძე (83. პარუნაშვილი), კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი - ა. იაშვილი, გ. ქვილითაია.
სათადარიგოები: ვოლკოვი, არაბული, ტვილდიანი, ლობჟანიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა - კოშკაძე (63. გოგონაია), გურ. გურეშიძე - ქებურია (62. კუხალეიშვილი), გიგაური, თ. კაკულია (57. ჟიშკარიანი) - ნ. სიჭინავა.
სათადარიგოები: პოლულიახი, გ. კვარაცხელია, ა. შენგელია, ძაგანია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: ჭელიძე (55)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია

სხვა მატჩები
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-ლიახვი (ცხ) 3:0
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (32), 2:0 რაჟამაშვილი (48), 3:0 მარკოზაშვილი (90).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-ზუგდიდი 1:2
გოლი: 0:1 ბულია (32) 1:1 მოდებაძე (58), 1:2 თუთბერიძე (90).

მცხეთა. მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2
გოლები: 0:1 თევდორაძე (10), 1:1 კახაბრიშვილი (13), 2:1 ხაბელაშვილი (57), 3:1 ლებანიძე (63), 3:2 ლუის ალბერტო (78).

ჭიათურა. თემურ მაღრაძე
ჭიათურა-ტორპედო 0:1 [VIDEO]
გოლი: 0:1 კირკიტაძე (73).

ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე
გურია-სიონი 0:2
გოლები: 0:1 მიქაბერიძე (15), 0:2 მანჯგალაძე (90).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ცხინვალი 3:1
გოლები: 0:1 ლექვთაძე (2), 1:1 ჩალაძე (27), 2:1 გუგუჩია (60), 3:1 ჩელებაძე (71).

ქუთაისი. ტორპედო
საპოვნელა-ჩიხურა 0:2
გოლი: 0:1 სარდალიშვილი (21), 0:2 ჭანკოტაძე (89).

საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედია გასულია
ჭიათურას შანსი დაუმცირდა თუმცვა ტორპედოელთა უღიმღამო თამაშის ფონზე, შეუძლია კიდევ იბრძოლოს
ვიტ ჯორჯიას ნებისმიერი ფრე აწყობს
შუქურა გასულია თითქმის
ჩიხურა გასულია 100%
დინამოს შანსი აქვს
სიონი გასულია
ზუგდიდს ნებისმიერი ფრე აწყობს
ჯორდანო უბრუნებელი
13:16 17-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული